დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 13.11.2015
საქმის ნომერი
ას-1002-946-2015
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1002-946-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ქ-ი კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „თ-მა“/უფლებამონაცვლე სს „ქ-მა კ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 28 302,11 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 15 426,74 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

კვალიფიციაური შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული დამატებითი შეთანხმებით ახლებურად განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადები, საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენისთანავე განხორციელდა ანაზღაურება, ამასთანავე, მოსარჩელემ თავად დაარღვია მხარეთა შეთანხმებული ხელშეკრულების ვადა. რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს, ვინაიდან ვალდებულება არ დარღვეულა, არც მისი დაკისრების წინაპირობები არსებობდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 28 302,11 ლარის ანაზღაურება, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს დაეკისრა 1 542 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 01.11.2013წ. ქ.თბილისის მერიას (შემსყიდველი) და შპს „თ-ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №... ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც შპს „თ-მა“ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 631 323,62 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით. მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღით.

5.1.2. ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველს შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიმწოდებლისათვის უნდა გადაეხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

5.1.3. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მსჯელობა მასზე, რომ შემსყიდველის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობისათვის არ იყო საკმარისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ასევე აუცილებელი იყო საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

• ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დადასტურებელი სამუშაოთა მოცულობების წარმოდგენა;

• ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი/ეტაპი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 6.7 პუნქტით, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდგომ. ხელშეკრულების 6.8. პუქტის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);

• ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდება 2013 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება არა უგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა;

• ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მოთხოვნებს, დაეკისრება პირგასამტეხლო, ჩასარიცხი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.1.4. 2013 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილება განხორციელდა 01.11.2013წ. ხელშეკრულებაში და სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 17 იანვრის ჩათვლით. სამუშაოების წარმოება გადანაწილდა შემდეგნაირად: 2013 წელი - 1 300 000 ლარი, 2014 წელი - 331 323,62 ლარი.

5.1.5. 01.11.2013წ. ხელშეკრულებაში ცვლილება განხორციელდა ასევე 2014 წლის 13 იანვარს, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება - 1 631 323,62 ლარი გაიზარდა 36 898,03 ლარით და განისაზღვრა 1 668 221,65 ლარით. სამუშაოების წარმოება გადანაწილდა შემდეგი სახით: 2013 წელი - 1 300 000 ლარი, 2014 წელი - 368 221,65 ლარი. სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

5.1.6. 31.01.2014წ. შპს „თ-მა“ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ შესრულებული სამუშაოების მოცულობის დასადგენად. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 24.04.2014წ. დასკვნის თანახმად, შპს „თ-ის“ მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები რიგ შემთხვევაში მეტობით, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლებობით არის შესრულებული, რა დროსაც აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს 1 591 773,93 ლარს, დღგ-ს, საექსპერტო მომსახურებისა და სხვა დარიცხვების ჩათვლით, ნაცვლად ფორმა 2-ებში ნაჩვენები 1 623 751,28 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 31 977,35 ლარს. ექსპერტიზის დასკვნას ერთვოდა 30.01.2014წ. შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტები, თუმცა ასახავდა 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 17 იანვრის ჩათვლით შესრულებულ სამუშაოებს. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე ზემოაღნიშნული აქტების აუთენტურობა მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მითითება შემსრულებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შესახებ. აღნიშნულის დამადასტურებელი და აქტებში მითითებული ინფორმაციის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო.

5.1.7. 2014 წლის 24 აპრილს მხარეთა მიერ ხელმოწერილი იქნა მიღება -ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელემ 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 24 აპრილის ჩათვლით შეასრულა შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა ღირებულება შეადგენს 1 591 773,93 ლარს დღგ-ს ჩათვლით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მხარეები დაეყრდნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 24.04.2014წ. დასკვნას, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა 30.01.2014წ. შედგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებს, რომლებიც ასახავდნენ 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 17 იანვრის ჩათვლით შესრულებულ სამუშაოებს.

5.1.8. საქმის მასალების თანახმად, 31.12.2013წ. შპს „თ-ს“ აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1 300 000 ლარი.

5.1.9. 23.06.2014წ. შპს „თ-მა“ წერილით მიმართა ქ.თბილისის მერიას და მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის - 291 773.97 ლარისა და პირგასამტეხლოს გადახდა. შპს „თ-ის“ განმარტებით, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ანუ არა უგვიანეს 24 მაისისა, რაც არ განხორციელებულა.

5.1.10. ქ.თბილისის მერიის მიერ მოსარჩელისათვის 2014 წლის 14 ივლისს ანაზღაურებულ იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 263 471,86 ლარის ოდენობით.

5.1.11. მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი - 28 302.11 ლარი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტის მიერ მითითებული საფუძვლებით მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობა: საქმის მასალებით არ დადასტურდა შემსრულებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა და შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების არგუმენტით თანხის გაქვითვის წინაპირობა. ასევე, უსაფუძვლო იყო მსჯელობა მასზე, რომ შემსყიდველს თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანუ ორივეს) წარმოდგენის შემდეგ, რადგანაც შემსყიდველის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა უშუალოდ უკავშირდებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას (აქედან 30 დღეში უნდა შესრულებულიყო ვალდებულება), რაც, თავის მხრივ, ადასტურებდა შესრულების შემსყიდველის მიერ მიღების ფაქტს.

5.1.12. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2014 წლის 24 აპრილს, შესაბამისად, სწორედ ამ თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეესრულებინა შემსყიდველს თანხის გადახდის ვალდებულება, რაც ნაწილობრივ იქნა მის მიერ შესრულებული მხოლოდ 14.07.2014წ., 28 302.11 ლარის ნაწილში კი, ვალდებულება კვლავ შეუსრულებელი იყო.

5.1.13. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს _ 15 426.74 ლარის დაკისრებაზე და მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ 1 542 ლარის ნაწილში. დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და გონივრულად მიიჩნია.

5.1.14. შპს „თ-ი“ გარდაიქმნა სს „ქ- კ-ად“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.01.2015წ. განჩინებით შპს „თ-ის“ პროცესუალურ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ქ-ი კ-ი“.

5.1.15. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 629-ე მუხლით და განმარტა, რომ 01.11.2013წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შინაარსობრივად წარმოადგენდა ნარდობის ხელშკრულებას. შემკვეთს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მენარდისათვის არ ჰქონდა ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი _ 28 302.11 ლარი, რისი ანაზღაურებაც საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მენარდის სარჩელი შემკვეთისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის - 28 302.11 ლარის დაკისრების თაობაზე.

5.1.16. ხელშეკრულების 9.6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემსყიდველის მიერ ამავე ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩასარიცხი თანხის 0,1%-ის დაკისრებაზე, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 420-ე მუხლის თანახმად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 15 426.74 ლარი - შეამცირა გონივრულ ოდენობამდე და მართებულად განსაზღვრა 1 542 ლარით.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 23 მაისის წერილით მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც კასატორი იტოვებდა უფლებას, ემოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა 28 302,11 ლარის გადახდა.

6.1.2. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სამუშაოების ღირებულების სახით 28 302 ლარისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, თუმცა არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რატომ იქნა მიჩნეული გონივრულად დაკისრებული პირგასამტეხლო.

6.1.3. კასატორმა მიუთითა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებების პუნქტებზე, რომლებითაც სამუშაოები, მათი შესრულების ვადები და ანგარშსწორების წესი დადგინდა და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელშეკრულოების 8.2 პუნქტის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30-დღიან ვადაში ანგარიშსწორების წესზე მსჯელობისას არ ითვალისწინებს ამავე პუნქტის სხვა დათქმებს, ასევე, პალატამ არ გაითვალისწინა, რომ არ იყო დაცული ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესი, სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ამავე პუნქტის 6.1. პუნქტს და არ იმსჯელა 6.8. პუნქტზე, რომელიც საგადასახადო დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას ანიჭებს მხარეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პარალელურად. კასატორს ანგარიშსწორების ვალდებულება წარმოეშვა მაშინ, როდესაც მოსარჩელემ სრულად შეასრულა სამუშაო და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები.

6.1.4. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ კასატორს გადასახდელი ჰქონდა 28 302,11 ლარი, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თავად დაარღვია ხელშეკრულების ვადა 97 დღით, რის გამოც კასატორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა, აქვე გაფრთხილდა მოსარჩელე, რომ მერია ისარგებლებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებებით, შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის დებულებით. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ვინაიდან არ არსებობს ძირითადი თანხის დაკისრების წინაპირობები, არც პირგასამტეხლოს ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა კასატორს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი კი, სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებას არ წარმოუშობს მოპასუხეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მენარდემ შეასრულა სამუშაო, ხოლო დამკვეთმა გადააცილა თანხის ნაწილის გადახდის ვადას, შესაბამისად, არსებობდა, როგორც სამუშაოს შესრულების გადაუხდელი ღირებულების, ისე წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრული ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივ ხელშეკრულებათა რიგს მიეკუთვნება, სადაც დამკვეთის ვალდებულებას ასევე წარმოადგენს საზღაურის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სწორედ გადაუხდელი თანხის ანაზღაურებას მოითხოვს მოპასუხისაგან. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ კასატორის პოზიცია წინააღმდეგობრივია, ერთი მხრივ, ის მიუთითებს შესრულების ვადაზე და უკავშირებს მოსარჩელის მხრიდან დოკუმენტების წარდგენის ვადას, რითაც აღიარებს ვალდებულების არსებობას, ხოლო, მეორე მხრივ, განმარტავს, რომ მოპასუხემ თავად დაარღვია ვალდებულება და სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, გაქვითა მოთხოვნები. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მენარდის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, რის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მტკიცება მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე. რაც შეეხება თავად ხელშეკრულების შესრულების პირობებს, პალატამ სწორი შეფასება მისცა მხარეთა შეთანხმების შესაბამის მუხლებს და მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა, როგორც ძირითადი ვალდებულების, ისე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელწმიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური