დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330510015809696
საქმე №ას-1080-1017-2015 25 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. დ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ყ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ყ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. დ.-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 19 ივლისს რ. დ.-ას ასესხა 21500 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი. ქ.-ის სახელზე რიცხული ქ.თ.-სში, შ.-ის ქ.№..-ში მდებარე უძრავი ნივთი. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და თანხა მოსარჩელისათვის სრულად არ გადაუხდია, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ძირითადი სესხის – 18500 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 2776 აშშ დოლარისა და ძირითადი თანხის 0,15%-ის – 27,75 აშშ დოლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არასწორად იქნა ჩამოყალიბებული, ამასთან, ეჭვს იწვევს ი. ქ.-ის ქმედუნარიანობის საკითხი და მას არ შეეძლო, არანაირი ხელშეკრულების გაფორმება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. დ.-ას მ. ყ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18500 აშშ დოლარის, ასევე სარჩელის აღძვრამდე 100 დღის შემცირებული პირგასამტეხლოს – 925 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან – 2014 წლის 12 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,05%-მდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9,25 აშშ დოლარის ოდენობით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა იძულებითი აღსრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული საგნის, ი. ქ.-ის კუთვნილი ქ.თ.-სში, შ.-ის ქ.№..-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნით მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით რ. დ.-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც ამ უკანასკნელმა კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით რ. დ.-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რ. დ.-ას სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2015 წლის 3 სექტემბერს, 12:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ ორივე მხარეს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. ამავე კოდექსის 70-74-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო უწყება ჩაბარდა რ. დ.-ას წარმომადგენლის – ხ. ხ.-ის (რწმუნებულება წარმოდგენილია ტომი 1, ს.ფ. 73-ზე) ძმას – ი. ხ.-ს (ტომი 2, ს.ფ. 99).
10. აღნიშნულის მიუხედავად, არც ერთი მხარე სასამართლოს მიერ დადგენილ დროს პროცესზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოს არ აცნობა.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს რ. დ.-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. დ.-ამ კვლავ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის ძმას, ვინაიდან ამ უკანასკნელს გადაეცა მხოლოდ შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე და სასამართლოს უწყება მას არ გადასცემია. მეტიც, ხ. ხ.-მა თავადაც სცადა საქმის განხილვის თარიღის შეტყობა, თუმცა ვერ მოახერხა მოსამართლის, მისი თანაშემწისა და სხდომის მდივნის შვებულებაში ყოფნის გამო.
14. მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ რ. დ.-ას სააპელაციო საჩივარი სრულიად უსაფუძვლოდ ერთხელ უკვე დატოვა განუხილველად. განმეორებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ეჭვს იწვევს სასამართლოს მიუკერძოებლობაში მით უფრო, რომ არსებობს აპელანტის ინტერესი განუსაზღვრელად დიდი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო უწყების მიღების შემთხვევაში აპელანტი უთუოდ გამოცხადდებოდა პროცესზე. მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში კი, მხარეს ერთმევა შესაძლებლობა, კანონიერი სასამართლოს პირობებში დაიცვას საკუთარი უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ.-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
17. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
19. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი ადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს სასამართლო პროცესის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა არც ერთი მათგანი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. კანონმდებლის ამგვარი დამოუკიდებულება მხარის გამოუცხადებლობის მიმართ განპირობებულია, ერთი მხრივ, ვარაუდით, რომ აპელანტმა დაკარგა ინტერესი არსებული დავის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას არასაპატიოდ, არაკეთილსინდისიერად გამოუცხადებელი მხარის მიმართ.
20. რ. დ.-ას სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2015 წლის 3 სექტემბერს, 12:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ ორივე მხარეს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. ამავე კოდექსის 70-74-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო უწყება ჩაბარდა რ. დ.-ას წარმომადგენლის – ხ. ხ.-ის (რწმუნებულება წარმოდგენილია ტომი 1, ს.ფ. 73-ზე) ძმას – ი. ხ.-ს (ტომი 2, ს.ფ. 99).
21. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს.
22. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სასამართლო გზავნილი შეიცავდა მხოლოდ შესაგებელს სააპელაციო საჩივარზე და სასამართლოს უწყება მას არ გადასცემია, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილ უკუგზავნილში დეტალურად გაშიფრულია, რომ მხარეს გაეგზავნა შესაგებელი და უწყება. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მან ვერ განახორციელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მასზე დაკისრებული სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთის რეალიზაცია.
23. ასევე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სააპელაციო სასამართლომ გამოავლინა ტენდენციურობა აპელანტის მიმართ. გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება აპელანტის მხრიდან კანონის დარღვევის კონკრეტულ ფაქტს, შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლება მიკერძოებულად.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მათ უკანონოდ მოესპოთ სასამართლო წესით საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. მართალია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება უზღუდავს მხარეს, როგორც იგი თავად აღნიშნავს, კანონიერი სასამართლოს პირობებში დაიცვას საკუთარი უფლებები, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა რეგლამენტირებულია კანონით და წარმოადგენს მხარის მიერ მისთვის განსაზღვრული საპროცესო მოვალეობების არასაპატიოდ შეუსრულებლობის შედეგს.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის საოქმო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. დ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე