ბათილად ცნობა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ვ-2149-ბ-13-2015
კატეგორია
დავის ტიპი
ბათილად ცნობა
თარიღი

გადაწყვეტილების ტექსტი

#ვ-2149-ბ-13-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქუთაისის № ... ... ... საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ს-ემ მოპასუხე სსიპ ქუთაისის № ... ... ... საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

2015 წლის 20 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ს-ემ და მოითხოვა მისი საქმის გადახედვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მ. ს-ეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა და შესაბამისი სახლმწიფო ბაჟის გადახდა.

2015 წლის 12 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ს-ემ და მიუთითა, რომ იგი ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებას, კერძოდ, მოითხოვს ამ განჩინების ბათილად ცნობას, საქმის წარმოების განახლებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას, საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ს-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ (განსჯად) სასამართლოს, კერძოდ, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასაც ითხოვს დაინტერესებული პირი. განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) უცვლელად დატოვების შესახებ არსებობს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინებები. განცხადება, მიუხედავად ამისა, უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად (ძალაში) დატოვა იგი. სხვა საკითხია, როდესაც სააპელაციო (საკასაციო) სასამართლო აუქმებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვითონვე გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სააპელაციო (საკასაციო) სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა თავის 12.11.2015 წლის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში განმარტა, რომ იგი ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებას, კერძოდ, მოითხოვს ამ განჩინების ბათილად ცნობას, საქმის წარმოების განახლებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, განმცხადებელი თავადვე აღნიშნავს, რომ იგი ასაჩივრებს არა საკასაციო სასამართლოს, არამედ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განჩინებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს მ. ს-ის განცხადებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი მხოლოდ ის განცხადება, რომელიც მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება არ ეხება საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ეს სასამართლო არაა უფლებამოსილი განიხილოს იგი. წარმოდგენილი განცხადება უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებაცაა გასაჩივრებული. ამასთან, განსჯადი სასამართლოს არჩევისას, განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით, რომლის გაუქმებასაც იგი მოითხოვს, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად (ძალაში) დატოვა იგი. განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოა ქუთაისის საქალაქო სასამართლო და არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, შესაბამისად, ეს უკანასკნელი ვერ იქნება განსჯადი სასამართლო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ს-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებელია, ვინაიდან იგი შეტანილია არაგანსჯად სასამართლოში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე