დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 01.02.2016
საქმის ნომერი
ას-1274-1195-2015
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1274-1195-2015 1 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ფ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. თ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. ფ.-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ. თ.-ის სარჩელი ი. ფ.-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდანაწილობრივ. ი. ფ.-ეს მ. თ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 600 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც - ძირითადი თანხაა 10 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 4800 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 1800 აშშ დოლარი). ი. ფ.-ეს მ. თ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3200 აშშ დოლარის გადახდა. ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია: ს/კ. ..., ქუთაისი, რ.-ი №.., ბინა №.. (ყოფ. გ.-ის ქ. №.., 55.73 კვ.მ.).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარე მ. თ.-ის წარმომადგენელ ე. ჭ.-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა და ი. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. ფ.-ის წარმომადგენელმა მ. ს.-მ და მოითხოვა მის გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი. ფ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით ი. ფ.-ის წარმომადგენელ მ. ს.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 990 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2016 წლის 20 იანვარს ი. ფ.-ის წარმომადგენელმა მ. ს.-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო.

საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით ი. ფ.-ის წარმომადგენელ მ. ს.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

2016 წლის 27 იანვარს ი. ფ.-ის წარმომადგენელმა მ. ს.-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 იანვრის განჩინებით ი. ფ.-ის წარმომადგენელ მ. ს.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 990 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ კასატორს აქვს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და არა აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით ი. ფ.-ის წარმომადგენელ მ. ს.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

ზემოთმითითებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები ასახული იყო საკასაციო საჩივარშიც და ამ გარემოებათა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაუდასტურებლობის გამო, შუამდგომლობა სასამართლომ არ გაიზიარა. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეს კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნებოდა შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდის გადავადების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარეთა სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებდა.

2016 წლის 27 იანვარს ი. ფ.-ის წარმომადგენელმა მ. ს.-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება, მაგრამ კასატორის წარმომადგენელმა ვერ წარმოადგინა კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებული უტყუარი მტკიცებულება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს ორჯერ მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ფ.-ის წარმომადგენელ მ. ს.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი