გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-866-816-2015 12 თებერვალი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი–ო“
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.მ–ძესა (შემდეგში მოსარჩელე ან პაციენტი) და სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „ნ-დ–ს“ (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ასევე კლინიკა) შორის 2011 წელს დაიდო სტომატოლოგიური მომსახურების ხელშეკრულება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მუხლი 629} .
2. მოპასუხე წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (საიდენტიფიკაციო N....). სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით კლინიკა რეგისტრირებულია საფირმო სახელწოდებით, შპს „ი–ო“ {მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, მე-51 მუხლის მე-3 პუნქტი}
3. პაციენტს 2011-2012 წლებში კლინიკამ გაუწია თერაპიული და ორთოპედიული სამედიცინო მომსახურება. თერაპიული მანიპულაცია, რაც კბილების მკურნალობას ითვალისწინებდა, ჩაუტარდა სრულყოფილად, ხოლო ორთოპედიული მკურნალობა არასწორად.
4. პროთეზირების შემდგომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, დაზიანდა ჯანმრთელი კბილები, რამაც დამატებითი მკურნალობის აუცილებლობა წარმოშვა. პაციენტმა სხვა კლინიკაში 4130 ლარის ღირებულების განმეორებითი ორთოპედიული მკურნალობა ჩაიტარა.
5. მოსარჩელემ მოპასუხე კლინიკისგან მიღებულ ორთოპედიულ მომსახურებაში 3225 ლარი გადაიხადა. აღნიშნული გარემოება დასტურდება მისი ახსნა-განმარტებით, კლინიკის პრეისკურანტითა და ანალოგიური სტომატოლოგიური მომსახურების (შპს „რ. დ–ის“, შპს „P.D.-ის“ საქმეში დაცული პრეისკურანტები) საბაზრო ღირებულებით.
6. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2013 წლის 8 აგვისტოს შემოწმების აქტის შესაბამისად, ვინაიდან, კლინიკის ადმინისტრაციამ სააგენტოს ვერ წარუდგინა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია, მაკონტროლებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა მოსარჩელისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი (იხ. საქმე. გვ 41).
7. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგად საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის 2013 წლის 8 ნოემბრის სამედიცინო დასკვნით (იხ. საქმე, გვ. 43-44) დადასტურდა მოსარჩელის მკურნალობისას დაშვებული შეცდომები, კერძოდ: „... პაციენტს კბილზე 3.1. აღენიშნება საჭრელი კიდის დაზიანება და ფაიფურის „ატკეჩვა“, რაც კბილთა პროტეზირებისას ოკლუზიის აღდგენის მცდელობაში დაშვებული ხარვეზია, სავარაუდოდ იგივე მიზეზით მოხდა ზედა ყბის ფრონტალური კბილების დაზიანებაც. ...პროტეზის ის სახე, რომელსაც ექიმი ბიგელისებურ კონსტრუქციას უწოდებს, თავისი კონსტრუქციით არ არის ბიგელი. მას დამზადებული აქვს ნაწილობრივ მოსახსნელი ფირფიტოვანი პლასტმასის კონსტრუქცია, რომელშიც „კუსტარული“ წესით ჩაფიქსირებულია ატაჩმენი.“ სამედიცინო შემოწმების ზემოაღნიშნული დასკვნით პაციენტისათვის განმეორებითი რეკონსტრუქციული მკურნალობის ჩატარების საჭიროება დადგინდა {„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლის „ა“ქვეპუნქტი}.
8. 2014 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
8.1. მიყენებული მატერიალური ზიანის 7355 ლარის (3225 ლარი მოპასუხე კლინიკაში გადახდილი თანხაა, 4130 ლარი - დამატებითი, განმეორებითი მკურნალობისათვის) მოპასუხისათვის დაკისრება;
8.2. ასევე არაქონებრივი (მორალური) ზიანის, 5000 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილმა ზიანის ანაზღაურების საერთო თანხამ ჯამში 12 355 ლარი შეადგინა.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. კლინიკას მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურება არ გაუწევია.
9.2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეამოწმა კლინიკის საქმიანობა. შემოწმების შედეგად არ დადასტურდა კლინიკის მიერ მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი.
9.3. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, თანხის გადახდის ქვითარი, შესაბამისად სარჩელი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 3225 ლარისა და მორალური ზიანის- 2000 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, 1007-ე და 413-ე მუხლები, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის 103-ე მუხლი.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
11.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის კლინიკაში მკურნალობის ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. კლინიკაში მომსახურების მიმღებ ყველა პაციენტს ეძლევა თანხის გადახდის ქვითარი, ამასთან ხორციელდება პაციენტის რეგისტრაცია, შესაბამისად, აპელანტმა გამორიცხა კლინიკაში არარეგისტრირებული პაციენტისათვის მომსახურების გაწევა.
11.2. მოსარჩელის მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება კლინიკაში შეფასებულია 1000-1500 ლარის ფარგლებში, ხოლო სასამართლომ მატერიალური ზიანი მხოლოდ მოსარჩელის და მის მხარეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით. შეაფასა 3225 ლარით, რაც არაგონივრულია.
12. ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, კლინიკას მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის 111,75 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 140 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ზედმეტად გადახდილი ბაჟის 60 ლარის გადახდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 3225 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.
13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები მატერიალური ზიანის (3225 ლარის) დაკისრების ნაწილში.
14. პალატამ პაციენტის სამედიცინო შემოწმების დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ მკურნალობის პროცესში ხარვეზები დაშვებულ იქნა, არა მარტო შეუსაბამო სადიაგნოზო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების დროს, არამედ სტომატოლოგიურ ლაბორატორიაში ფაიფურის გამოწვის პროცესშიც.
15. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა განმეორებით ჩატარებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან პაციენტს კლინიკაში მისვლამდეც ესაჭიროებოდა მკურნალობა, შესაბამისად, უხარისხოდ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გათვალისწინებით მოსარჩელის ფინანსურ დანაკლის შეადგენდა არაკვალიფიციურ მომსახურებაში გადახდილი თანხა და არა ის თანხა, რაც მან ხელახალი პროტეზირებისას გადაიხადა. პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიდგა {სსკ-ის 992-ე,1007.1-ე მუხლები}.
16. პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის - ხუთას ლარამდე შემცირება.
17. ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
17.1 სააპელაციო პალატამ არასწორად დადგინა ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხემ.
17.2 სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ მიღებული სადავო სამედიცინო მომსახურების ღირებულება 3225 ლარად, საქმეში წარმოდგენილი არ არის კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის სანაცვლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზემოხსენებული თანხის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიღებას. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და მასთან დაახლოებული პირთა, მოწმეთა ჩვენებებს.
17.3 სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის თაობაზე ინფორმაცია არ იყო რეგისტრირებული კლინიკის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში და საქმეში წარმოდგენილი არ იყო სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი მტკიცებულება.
17.4 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
2. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
5. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
6. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ი–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ი–ოს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #79081, გადახდის თარიღი 25.08.15 სს ბანკი ქართუ), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი