დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 17.02.2017
საქმის ნომერი
ა-2852-შ-72-2016
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
17.02.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2852-შ-72-2016 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. ბ-ო

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ხ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის, ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უკრაინის, ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ს ვ. ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 103 340,17 გრივნისა და წლიური 3%-ის – 6 259,43 გრივნის, სულ 109 599,60 გრივნის გადახდა. გ. ხ-ს ვ. ბ-ოს სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების – 1 062,37 გრივნის გადახდა.

2. ვ. ბ-ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება 109 599,60 გრივნის დაკისრების ნაწილში.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ:

3.1. გ. ხ-ს ჩაბარდა სარჩელის ასლი, იგი დროულად და სათანადო წესით გაფრთხილებულ იქნა სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე;

3.2. ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 5 იანვარს;

3.3. გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და ის უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;

3.4. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საკასაციო სასამართლომ ცესკოს ვებგვერდის (www.voters.cec.gov.ge) საშუალებით მოიძია გ. ხ-ის რეგისტრაციის მისამართი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩასაბარებლად, თუმცა, მიუხედავად ორჯერ გაგზავნისა, ასევე, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კორესპოდენციის ადრესატისათვის ჩაბარება ვერც შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელა, რის გამოც, საბოლოოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, შეტყობინება განთავსდა საჯაროდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (www.supremecourt.ge).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ოს შუამდგომლობა გ. ხ-ისათვის 109 599,60 გრივნის დაკისრების ნაწილში უკრაინის, ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. უკრაინის ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ს ვ. ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 103 340,17 გრივნისა და წლიური 3%-ის – 6 259,43 გრივნის, სულ 109 599,60 გრივნის გადახდა. გ. ხ-ს ვ. ბ-ოს სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების – 1 062,37 გრივნის გადახდა.

2. ვ. ბ-ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება 109 599,60 გრივნის დაკისრების ნაწილში.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ:

3.1. გ. ხ-ს ჩაბარდა სარჩელის ასლი, იგი დროულად და სათანადო წესით გაფრთხილებულ იქნა სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე;

3.2. ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 5 იანვარს;

3.3. გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და ის უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;

3.4. ცესკოს ვებგვერდის (www.voters.cec.gov.ge) მონაცემების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს მოქალაქეა.

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, უკრაინის ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ხ-ს ვ. ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა 109 599 გრივნი და 60 კაპიკი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ბ-ოს შუამდგომლობა უკრაინის ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.ლვოვის ფრანკოვსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ხ-ს ვ. ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა 109 599 გრივნი და 60 კაპიკი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური