დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 07.07.2017
საქმის ნომერი
ას-609-568-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№190210015001043416

საქმე №ას-609-568-2017 7 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ- ვ-ე (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ--ქ-ია (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ- ვ-ე (შემდეგში: მოპასუხე) გარდაცვლილი ლ- ჩ-–ვილის (შემდეგში: მოპასუხის ბებია) ერთადერთი ვაჟის შვილი და თავად გარდაცვლილის ერთადერთი შვილიშვილია. მოპასუხის მამა, მოპასუხის ბებიის გარდაცვალებამდე გარდაიცვალა. მოპასუხის ბებიას და გ– გ–ვილს შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 941-ე მუხლი], რომლის საფუძველზე უძრავი ნივთის მდებარე: ქ. რ--ი, გ--ის ქ.N2, ს/კ:02.05.07.2--.0--0-- (შემდეგში: უძრავი ნივთი) მესაკუთრედ გ– გ–ვილი დარეგისტრირდა. 2011 წლის 29 სექტემბერს უძრავი ქონების მესაკუთრედ კვლავ მოპასუხის ბებია დარეგისტრირდა [უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: პრივატიზაციის ხელშეკრულება #1-1413 და რუსთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება #2-320-11]. 2015 წლის 08 ივლისს უძრავი ნივთის მესაკუთრედ კვლავ მოპასუხე აღირიცხა, მოპასუხესა და მის ბებიას შორის გაფორმებული ჩუქების გარიგების საფუძველზე.

2. უდავოა, რომ მოპასუხის ბებიას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. მოპასუხის ბებია 2015 წლის 03 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოპასუხის ბებიის მოვლა-პატრონობას მ------ ქ-----ია (შემდეგში: მოსარჩელე) უზრუნველყოფდა.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ გაწეული შრომის და რჩენის საფასურის ხარჯის - 17100 ლარის გადახდის მოთხოვნით.

4. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელე მიუთითებდა მასზედ, რომ მოპასუხის გარდაცვლილი ბებიის მოვლა პატრონობის თაობაზე მასსა და მოპასუხეს შორის არსებული შეთანხმებისა და მის მიერ ამ ვალდებულების შესრულების მიუხედავად, მას შესაბამისი ანაზღაურება არ მიუღია.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შედავებით სადავოდ გახადა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობისა და აქედან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების არსებობა.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის 5400 ლარის დაკისრების ნაწილში.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1-2 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამას გარდა, დადგენილად იქნა მიჩნეული რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის გარდაცვლილ ბებიაზე ზრუნვის (,,ყურადღების მიქცევის’’) ფაქტს მოპასუხე არ უარყოფდა. ამ გარემოებაზე აგრეთვე, მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე - მ. შ--ე, რომლის განმარტებით, მისთვის როგორც მოსარჩელის და მოპასუხის გარდაცვლილი ბებიის მეზობლისთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილ ქალბატონს მოსარჩელე უვლიდა, მისივე განმარტებით ბებიას შვილიშვილი იშვიათად აკითხავდა (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.03.2016 წ. 15.03.2016 წ. ოქმები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები).

9. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხის ბებიამ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება გააფორმა სხვა პირთან, რომლიც მოგვიანებით, გაუქმდა (განჩინების პ:1). მაშასადამე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის ბებია გარკვეული გარანტიების შექმნას ცდილობდა. გარდაცვლილი მოპასუხის ბებიის ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის მიერ ადრე გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება იმაზე არ მიუთითებდა, რომ მას მესამე პირის დახმარება აღარ ესაჭიროებოდა. მოპასუხის მითითება მასზდე, რომ ვინაიდან მოპასუხის ბებიას ყოველთვიური მატერიალური შემოსავალი გააჩნდა სოციალური პაკეტის სახით და ამდენად, იგი მესამე პირისგან დახმარების მიღებას აღარ საჭიროებდა, არ იქნა გაზიარებული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის ბებია, მისი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელდობრ, იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში, იგი სარეცელს იყო მიჯაჭვული, გარდა სოციალური პაკეტით მიღებული ფინანსური სახსრებისა, აუცილებელ დახმარებასაც (მოვლა) საჭიროებდა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, როდესაც თავად მოპასუხე არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ბებიას არ უვლიდა, და ამასთან, იგი ინფორმირებული იყო მოსარჩელის მხრიდან მის ბებიაზე ზრუნვის (,,ყურადღების მიქცევის’’) ფაქტის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელისა და მოპასუხის ორმხრივი ნება ამ უკანასკნელის ბებიის მოვლის და ასეთი მომსახურების მიღების შესახებ.

10. სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით, მოპასუხე იმ გარემოებაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ მხარეებს შორის გარიგებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი. მოთხოვნის გამომრიცხავ შედავებაში, მოპასუხე მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ,,950 ლარი არის შეუსაბამო, როგორც საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისთვის, ასევე მსგავსი საქმიანობის დროს ანაზღაურების ოდენობასთანაც. დაახლოებით იგივე თანხას მოხუცის მოვლისთვის იღებენ იტალიაში, სადაც ცხოვრების დონე ბევრად აღემატება საქართველოში ცხოვრების დონეს.’’ (იხ. შესაგებელი ტ.1.ს.ფ. 30). იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მომსახურების გაწევის ფაქტი, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე იყოგაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების საფუძველი. ყოველთვიური ანაზღაურების გონივრულ და სამართლიან ოდენობად კი, სააპელაციო პალატამ თვეში 300 ლარი მიიჩნია. იმის გათვალისიწნებით, რომ მოსარჩელე თვრამეტი თვის მომსახურების ანაზღაურებას მოითხოვდა მოპასუხეს მისი ბებიის მოვლა-პატრონობისათვის 5 400 ლარი უნდა დაკისრებოდა.

11. დავის სამართლებრივი მოწესრიგებისას სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლებზე.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. კასატორი არ ეთანხმება არც დაკისრებული თანხის ოდენობას - ყოველთვიური 300 ლარი და არც მისი გადახდის პერიოდს - 18 თვე. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 102-ე და 105-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს რაიმე წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გარდა ახსნა-განმარტებებისა, რომლებიც იმდენად, სხვადასხვაგვარი იყო, რომ მათგან რაიმე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ხოლო მოწმის ჩვენება არ იყო სარწმუნო, საქმის შედეგით დაინტერესების გამო. კასატორი უარყოფს მხარეთა შორის რაიმე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას და აღნიშნავს, რომ მის გარდაცვლილი ბებიას, როგორც ამას სასამართლო აღნიშნავს, ჰქონდა მცდელობა გარანტიების შექმნისა და თუნდაც აქედან გამომდინარე, მას რომ სდომოდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, შეეძლო გაეფორმებინა იგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. კასატორი სადავოდ ხდის მისთვის თანხის დაკისრების მართლზომიერებას, იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა, რაც მის გარდაცვლილ ბებიაზე მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული მოვლით იყო განპირობებული, არ წარმოშობილა. სადავოა როგორც ამ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, კასატორისთვის ყოველთვიურად 300 ლარის (მთლიანობაში 5400 ლარი) გადახდის დაკისრება ისე, თანხის დაკისრების 18 თვიანი პერიოდის განსაზღვრის ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი მოპასუხის ბებია 2015 წლის 03 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, ხოლო მისი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელდობრ, იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში, იგი სარეცელს იყო მიჯაჭვული, გარდა სოციალური პაკეტით მიღებული ფინანსური სახსრებისა, აუცილებელ დახმარებასაც (მოვლა) საჭიროებდა. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი თავად მოპასუხესაც კი არ უარყვია ის ფაქტი, რომ ბებიას არ უვლიდა, და ამასთან, იგი ინფორმირებული იყო მოსარჩელის მხრიდან მის ბებიაზე ზრუნვის (,,ყურადღების მიქცევის’’) ფაქტზე. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ საქმმეში რაიმე წერილობითი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, ხოლო მოწმის ჩვენება არასარწმუნოა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპეპბზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), და ამასთან სსსკ-ით დასაშვებ ყველა მტკიცებულებას (სსსკ-ის 102-ე მუხლი) გააჩნია ფაქტის დადასტურებისასთვის თანაბარმნიშვნელოვანი იურიდიული ძალა, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, როდესაც სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე აუცილებელია მტკიცების სტანდარტის დაცულობა, კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოწმის ჩვენების [მ. შ--ე, რომლის განმარტებით, მისთვის როგორც მოსარჩელის და მოპასუხის გარდაცვლილი ბებიის მეზობლისთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილ ქალბატონს მოსარჩელე უვლიდა, მისივე განმარტებით ბებიას შვილიშვილი იშვიათად აკითხავდა (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.03.2016 წ. 15.03.2016 წ. ოქმები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები) სარწმუნოობის უარსაყოფად მარტოოდენ იმ მოსაზრების წარმოდგენა, რომ იგი დაინტერესებულია საქმის განხილვის შედეგით, ხოლო ჩვენების მიცემის სარწმუნოობას თავის მხრივ, მოწმის ხელწერილით გაფრთხილება როდი უზრუნველყოფს, არ არის ვარგისი საკასაციო შედავება. შესაბამისად, მას საკასაციო პალატა არ იზიარებს (სსკ-ის 407.2-ე მუხლი). მაშასადამე, საკასაციო პალატას მიჩნია, რომ სააპელაციო პალატის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის ბებიის მოვლა-პატრონობას მოსარჩელე) უზრუნველყოფდა და იმავდროულად, სახეზე იყო მოსარჩელისა და მოპასუხის ორმხრივი ნება მოსარჩელის მხრიდან ამგვარი მოვლის განხორციელებისა და ასეთი მომსახურების მოპასუხის მხრიდან მიღების შესახებ, უარყოფილი ვერ იქნება.

17. ამას გარდა, დადგენილად იქნა მიჩნეული რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის გარდაცვლილ ბებიაზე ზრუნვის (,,ყურადღების მიქცევის’’) ფაქტს მოპასუხე არ უარყოფდა. ამ გარემოებაზე აგრეთვე, მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე - მ. შ-ე, რომლის განმარტებით, მისთვის როგორც მოსარჩელის და მოპასუხის გარდაცვლილი ბებიის მეზობლისთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილ ქალბატონს მოსარჩელე უვლიდა, მისივე განმარტებით ბებიას შვილიშვილი იშვიათად აკითხავდა (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.03.2016 წ. 15.03.2016 წ. ოქმები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები).

18. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან გაწეული ხარჯების ანაზღაურების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ-- ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ-ვ-ეს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 19 მაისს საგადახდო დავალება N11 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე