სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1429-1533-04
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1429-1533-04 ას-1429-1533-04 26 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ბ. დ-ების მიმართ საცხოვრებელი სახლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილის მესაკუთრეს. მოპასუხეები ფლობდნენ ნ. ს-ის ფართის ნაწილს მდგმურების სტატუსით. 2003წ. ნოემბერში მათ ისარგებლეს მოსარჩელის თბილისში არყოფნით და მესაკუთრის ნებართვის გარეშე შეუდგნენ ნ.ს-ის კუთვნილი ¹6 ოთახის ნგრევასა და რეკონსტრუქციას, რითაც შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები. მხარის განმარტებით, სახლი არის ძველი, დაბზარული, ავარიული და ამ ფართის გადაკეთებამ შეიძლება მთელი სახლის ნგრევა გამოიწვიოს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დაკისრება. საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა გულისხმობდა მის კუთვნილ ¹6 და ტ-ის კუთვნილ ¹7 ოთახებს შორის ფართის იზოლაციას, ადრე არსებული ყრუ კედლის აღდგენას, რომელიც მოპასუხეებმა გამოანგრიეს და შუაში ჩადგეს კარი, ანუ მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი ოთახიდან სხვის ოთახში გამავალი კარების ამოშენება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ბინაში ცხოვრობენ 1974 წლიდან. ბინა შეიძინეს მისი წინა მესაკუთრის _ მ. ა-აგან, თუმცა საკუთარ სახელზე გადაფორმება ვერ მოახერხეს. ხსენებული დროიდან სახლი დაზიანდა და მიწისძვრის შედეგად მასში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ნ.ს-ი თავდაპირველად დათანხმდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. მას შემდეგ კი, რაც სამუშაოების დიდი ნაწილი განხორციელდა, გამაგრდა საძირკველი და საერთო სახურავი, გაწეულ იქნა მნიშვნელოვანი ხარჯები, აღნიშნული სამუშაოების უკანონობის მოტივით მან სასამართლოს მიმართა. მოპასუხეებმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. და ბ. დ-ებს დაევალათ სახლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მათ სარგებლობაში არსებული ფართის კარების ჩადგმით იზოლირება.

2004წ. 22 აპრილს ნ. დ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესწორება იმდაგვარად, რომ მოპასუხეებს დაკისრებოდათ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მიზნით, ამოეშენებინათ ოთახებს შორის გამავალი კარები აგურით და ასევე მოეხდინათ მისი და ტ-ის დერეფნის, შუშაბანდისა და მის საკუთრებაში არსებულ საკუჭნაოს შორის გამყოფი კედლების იზოლირება საკუჭნაოსთვის ეზოს მხრიდან შესასვლელის გაკეთებით. ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 აპრილის განჩინებით ამავე სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის ¹2\197 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შესწორდა _ სარჩელი დაკმაყოფილდა: ნ. და ბ. დ-ებს დაევალათ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მათ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის იზოლირება ტ-ის საცხოვრებელი ფართისაგან კარების ჩადგმით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნ. და ბ. დ-ებს დაეკისრათ ქ.თბილისში, ... მდებარე ლიტერ „ა“ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ¹6 და ¹7 ოთახებს შორის არსებული გამყოფი კედლის მთლიანობის აღდგენა. სარჩელის დანარჩენ ნაწილში ნ.ს-ს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე ლიტერ „ა“ საცხოვრებელი სახლის 52\416-ის მესაკუთრეა ნ. ს-ი. ამ სახლის პირველ სართულზე მდებარე ნ. ს-ის კუთვნილ ¹6 ოთახში 1974 წლიდან ცხოვრობს ნ. და ბ. დ-ების ოჯახი. ამავე დროს მოპასუხეები ფლობენ ტ-ის კუთვნილ ¹7 ოთახს, შუშაბანდს და ნ. ს-ის კუთვნილ სამზარეულოს. პალატამ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი ნახაზის თანახმად, ¹6 და ¹7 ოთახები არის იზოლირებული, მათ შორის არსებობდა გამყოფი კედელი, ხოლო კარი არ ყოფილა. ¹6 და ¹7 ოთახებს შორის ამჟამად მოწყობილია გამავალი კარი, რომლის იზოლირებას და გამყოფი კედლის აღდგენას მოითხოვს მესაკუთრე ნ.ს-ი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე ბ. და ნ. დ-ებს არ ჰქონდათ უფლება, ¹6 ოთახის მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე დაერღვიათ ¹6 და ¹7 ოთახებს შორის გამყოფი კედლის მთლიანობა და მოეწყოთ გამავალი კარის. რაც შეეხება ნ.ს-ის სასარჩელო მოთხოვნას, ¹6 და ¹7 ოთახების მიმდებარე დერეფნის კედლის ამოშენებით იზოლირების, დერეფანსა და ნ. ს-ის კუთვნილ საკუჭნაოს შორის კედლის ამოშენების თაობაზე, იგი სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან წარმოდგენილი ნახაზით ნ. ს-ის კუთვნილ ¹6 ოთახისა და ტ-ის კუთვნილი ¹7 ოთახის წინ მდებარე დერეფნის გამყოფი კედლით იზოლირებული არ არის, ასევე არ არის გამყოფი კედლით იზოლირებული ტ-ის დერეფანი და ნ. ს-ის კუთვნილი საკუჭნაო, როგორც ამას ნ. ს-ი მოპასუხეებისაგან მოითხოვს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ს-ის განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა დაანგრიეს კედელი მისი და ტ-ის საკუთრებაში არსებულ ფართობებს შორის დერეფანში და მოშალეს კედელი ტ-ის შუშაბანდსა და მის კუთვნილ საკუჭნაოს შორის. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხეეების მტკიცება იმის შესახებ, რომ ¹6 და ¹7 ოთახებს შორის მდებარეობდა არა კედელი, არამედ _ კარი, რაზეც იყო მიკრული შპალერი და მათ ამ ოთახებს შორის გამყოფი კედელი არ დაუნგრევიათ.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ნ. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემეობა, რომ მის კუთვნილ ¹7 ოთახის წინ არსებული კორიდორი (დერეფანი) და ზ. ტ-ის კუთვნილი ¹6 ოთახის წინ არსებული შუშაბანდი არ არის საერთო საკუთრების, არამედ ზ.ტ-ის ოთახს შესასვლელი კარი და კიბე აქვს ეზოს მხრიდან, ხოლო კასატორის ოთახს _ ქუჩის მხრიდან. ამდენად, საკუთრების ორივე ობიექტი იყო იზოლირებული. კასატორმა მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხეთათვის დერეფანში ნ.ს-ისა და ზ.ტ-ის კუთვნილ ფართებს შორის ადრე არსებული, ხოლო დ-ების მიერ მოშლილი კედლის აღდგენის დაკისრება. ასევე ტ-ის შუშაბანდსა და ს-ის საკუჭნაოს შორის კედლის აღმართვა და საკუჭნაოსათვის შესასვლელის კვლავ ეზოს მხრიდან გაკეთება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევით დადგენილად ცნო შემდეგი: ნ. ს-ის კუთვნილ ¹6 ოთახის და ტ-ის კუთვნილი ¹7 ოთახის წინ მდებარე დერეფნის გამყოფი კედლით იზოლირებული არ არის, ასევე არ არის გამყოფი კედლით იზოლირებული ტ-ის დერეფანი და ნ. ს-ის კუთვნილი საკუჭნაო, როგორც ამას ნ. ს-ი მოპასუხეებისაგან მოითხოვს.

საკასაციო პალატა სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამოწმებს რა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საკასაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს მხოლოდ საოლქო სასამართლოს მიერ ზემოჩამოთვლილ დადგენილ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ დავის საგანი _ დერეფანი და ნ. ს-ის კუთვნილი საკუჭნაო, გამყოფი კედლით იზოლირებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ნ. ს-ს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უარმყოფელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რასაც ემყარება პროცესში მონაწილე მხარის მოთხოვნა ამავე მხარის ვალდებულებას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.