საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1004-925-2017 13 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ-ს, თბილისის წარმომადგენლობისა და B-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – შპს „ო-ს“ სარჩელის გამო, B-, ბ-ს, თბილისის წარმომადგენლობისა და შპს „თ-ის“ მიმართ, ასევე, B-ის შეგებებული სარჩელის გამო შპს „ო-ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების, სამართლიანი და გონივრული ფასის დაწესების, გარიგებების ბათილად ცნობისა და ქონების უკან დაბრუნების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
განსახილველ შემთხვევაში, კანონის ზემოხსენებული ვადის დაცვით საკასაციო სასამართლოს შეგებული საკასაციო საჩივრით მომართეს ბ-ოს, თბილისის წარმომადგენლობამ და B-მა და მოითხვეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო, ახალი გადაწყეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად სადავო გახადეს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების კანონიერებაც.
საკასაციო პალატა თვლის, რომ B-ის მოთხოვნის ნაწილში შეგებებული საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო პასუხის წარმოდგენის ვადა უნდა განესაზღვროს 5 დღით.
რაც შეეხება ბ-ოს, თბილისის წარმომადგენლობის მოთხოვნას, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ პროცესუალურ და მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტორებზე:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა B-მა ძირითადი მოსარჩელის _ შპს „ო-ს“ მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქმის მომზადების ეტაპზე შეგებებულ მოსარჩელეთა წრე არ გაზრდილა, შესაბამისად, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისე _ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელეს B-ის შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნას შეგებებული საკასაციო საჩივრით B-თან ერთად აყენებს ბ-ოს, თბილისის წარმომადგენლობაც.
პალატა მოიხმობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება. ამავე ნორმის შემდეგი პუნქტები ადგენენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალის საქართველოში რეგისტრაციის წესს, ასევე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შესაძლებლობას დაარსოს ფილიალი ამგვარ ზონაში, თუმცა, ფილიალისათვის დამოუკიდებელ სამართალსუბიექტობას კანონი არ ითვალისწინებს, არამედ, იგი განიხილება ძირითადი საწარმოს შემადგენელ ნაწილად. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებაში ამ საკითხის პროცესუალურ მხარეს წარმოადგენს ის, რომ საქმის მასალების თანახმად, ბ-ოს, თბილისის წარმომადგენელობა სწორედ უცხოური საწარმოს ფილიალის სტატუსის მატარებელია და მას შეგებებული მოთხოვნა არ დაუყენებია, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნასთან მიმართებით იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტად ვერ იქნება მოჩნეული, ამასთანავე, ამავე კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, იგი ამ ეტაპზე ვერც შეგებებულ სარჩელს აღძრავს, რადგანაც დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბ-ოს, თბილისის წარმომადგენელობის პრეტენზიის ნაწილში შეგებებული საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და მას უარი უნდა ეთქვას განსახილველად მიღებაზე.
B-ის შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე, მე-400, 401-ე, 405-ე, 406-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ-ოს, თბილისის წარმომადგენელობას უარი ეთქვას შეგებებული საკასაციო საჩივრის მიღებაზე.
2. B-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოთ შეგებებული საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვთ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს მხარეთა დასწრების გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე