განმარტება
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-472-გან-3-2018 9 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – მ. ქ-ე
განჩინება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით რ. გ-სა და ა. გ-ის საჩივარი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული #2/ბ-47-17 საქმის დასრულებამდე შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2-102/17 განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს გაცემული №2-102/17 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად კერძო აღმასრულებლის, მ. პ-ის მიერ დაწყებული №… სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - მ. ქ-ე - პ/ნ: …, წარმომადგენელი - ტ. ქ-ე - პ/ნ: …, მოვალე - რ. გ-ი - პ/ნ: …) რ. გ-ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, … -ში მდებარე 34,19 კვ.მ მანსარდის (მშენებარე) (ს/კ: … ) სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული #2/ბ-47-17 საქმის დასრულებამდე შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2-102/17 განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს გაცემული №2-102/17 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად კერძო აღმასრულებლის, მ. პ-ს მიერ დაწყებული №… სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - მ. ქ-ე - პ/ნ: …, წარმომადგენელი - ტ. ქ-ე - პ/ნ: …, მოვალე - რ. გ-ი - პ/ნ: …) რ. გ-ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, …-ში მდებარე 82.81 კვ.მ მანსარდის (მშენებარე) (ს.კ. …) სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე დარჩა უცვლელი; განცხადება მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2. 2018 წლის 1 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. ქ-მ და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინების განმარტება.
3. განმცხადებლის მითითებით, სააღსრულებო ბიუროში მან წარადგინა უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და მოითხოვა #... სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო წარმოების განახლება და ქ. ბათუმში, …-ში მდებარე ქონების (ს/კ …) სარეალიზაციოდ მიქცევა, თუმცა აღმასრულებლის წერილით მას უარი ეთქვა აღნიშნულ მოთხოვნაზე და განემარტა, რომ ვინაიდან ბათუმის სააღსრულებო ბიუროში ერთდროულად შესულია სააღსრულებო საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, ხოლო წარდგენილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილით გაუქმებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის და არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება, სააღსრულებო ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას განაახლოს სააღსრულებო წარმოება.
4. ამრიგად, განმცხადებელმა მოითხოვა განემარტოს, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენა გულისხმობს თუ არა კერძო აღმასრულებელ მ. პ-ს მიერ დაწყებული #... სააღსრულებო საქმისწარმოების განახლებას ქ. ბათუმში, …-ში მდებარე ქონების (ს/კ …) სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადება და მასზე თანდართული მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
7. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, პროცესში მონაწილე მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას.
8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა ა. და რ. გ-ს საჩივარი ნ. ჯ-ს მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების უზურნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, ხოლო განცხადება აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე წარდგენილია საქმეში არამონაწილე პირის, მ. ქ-ს მიერ.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისად, სასამართლო მხარის განცხადებით, ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არ აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება.
10. მოხმობილი ნორმებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მ. ქ-ე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინების განმარტებაზე არაუფლებამოსილი პირია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა უნდა დარჩეს განუხილველი.
11. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ ზემოაღნიშნული განჩინების განმარტებაზე განცხადება წარდგენილი იქნებოდა საქმეში მონაწილე მხარის (უფლებამოსილი პირის) მიერ, მაინც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. და რ. გ-ების საჩივარი წარდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისისა და 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებების კანონიერების შემოწმების მიზნით, ხოლო განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების განმარტებას ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინების აღნიშნულ საქმესთან ურთიერთკავშირის შეფასებაზე მითითებით. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანი არ ყოფილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება, იგი არ არის უფლებამოსილი შეაფასოს და განმარტოს აღნიშნული განჩინების წინამდებარე დავასთან შესაბამისობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 275-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ქ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური