დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 31.07.2017
საქმის ნომერი
ას-76-72-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ას-76-72-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. წ. (მოსარჩელე)

მესამე პირი - მ. პ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. წ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ა-სა (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და მესამე პირის მ. პ–ის მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 4000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, 2012 წლის 16 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გორის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე 4 523.00 კვ.მ უძრავ ქონებზე, რომელიც მოსარჩელემ 4000 აშშ დოლარად გაყიდა. აღნიშნული თანხიდან 3000 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დროს, ხოლო დარჩენილი 1000 აშშ დოლარი კი მეორე დღეს, ანუ არაუგვიანეს 2012 წლის 17 მარტისა, რა დროსაც მხარეთა შორის უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელის განცხადებით, ვინაიდან იგი იყო ავად და არ შეეძლო გადაადგილება, ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუსის სახლში მოწვევით, რასაც ესწრებოდა მოწმე მ. პ–ი, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებისას შეთანხმებული თანხა მოსარჩელეს არ გადასცემია. მოპასუხემ განუმარტა, რომ ნასყიდობის თანხა - 10 000 ლარი გადაუხადა მოწმეს, მ. პ–ს და ამის შესახებ დაწერა კიდეც ხელწერილი. მოსარჩელის განცხადებით, მას არ მიუღია კუთვნილი თანხა, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ მას სრულად ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, თუმცა ვინაიდან 1000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ჰქონდა, მხოლოდ ამ ნაწილში ცნობდა სარჩელს. მოპასუხის განცხადებით, 3000 აშშ დოლარი მან ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გადასცა მოსარჩელეს, 1000 აშშ დოლარი კი მოსარჩელის თანხმობით გადასცა მ. პ–ს, რითაც შეასრულა მასსა და თ. წ–ს შორის ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული უძრავი ქონების საფასური 10 000 ლარამდე, რომელიც ხელშეკრულებაში არ ასახულა.

4. სარჩელზე შესაგებელი წარადგინა ასევე მ. პ–მა, რომელმაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის იანვრის თვეში მოსარჩელესა და მამამისს, გ. პ–ს შორის გაფორმდა გორის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, კერძოდ, ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 2500 აშშ დოლარი, ხოლო გამოსყიდვის ვადად - 2012 წლის 12 აპრილი. მითითებულ ვადაზე ადრე მის მიერ მოიძებნა რეალური მყიდველი - მოპასუხე, რომელსაც მიწის ნაკვეთი უნდა ეყიდა და თან გამოსყიდვის თანხა 3000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის. მ. პ–ის განცხადებით, სწორედ მან მოუძებნა მოსარჩელეს მყიდველი მოპასუხის სახით, რათა დაებრუნებინა მამის ნაკვეთიც და ოჯახში არსებული პრობლემებიც მოეგვარებინა. მისივე განმარტებით, ის ხელშეკრულების შედგენას ესწრებოდა როგორც მოწმე და ადასტურებდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ნამდვილად გადასცა ხელშეკრულების დადებისთანავე 3000 აშშ დოლარი, თუმცა მოგვიანებით, აღნიშნული თანხა მისივე თხოვნით მას ასესხა ისევე, როგორც ის თანხა სრულად, რაც მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეცა. შესაბამისად, სწორედ თვითონ იყო მოსარჩელის მიმართ 4000 აშშ დოლარზე პასუხისმგებელი პირი და არა მოპასუხე. თუმცა აღნიშნული თანხიდან მოსარჩელისთვის გადაცემული აქვს 1300 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე კი სანოტარო წესით განახორციელა ვალის აღიარება. შესაბამისად, მხოლოდ მითითებული თანხის ნაწილი დარჩა ასანაზღაურებელი.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 4000 აშშ დოლარის გადახდა.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვტილება; თ. წ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 3000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში; უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1. 2012 წლის 16 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიუსის მიერ შედგენილი და დამოწმებული იქნა მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე. ხელშეკრულებაში მოწმედ მიეთითა მესამე პირი მ. პ–ი. ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით, მყიდველი უძრავ ქონებაზე საკუთრებას იძენდა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის დღიდან, რისთვისაც აუცილებელი იყო ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარისა და განცხადების წარდგენა რეგისტრაციის მოთხოვნით. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 4 000 აშშ დოლარად, აქედან 3 000 აშშ დოლარი მყიდველის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დროს, ხოლო დარჩენილი 1 000 აშშ დოლარი - არა უგვიანეს 2012 წლის 17 მარტისა, რის შესახებაც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი;

11.2. 2013 წლის 24 ივლისს შემძენის (მოპასუხის) მიერ შედგენილი ხელწერილის შესაბამისად, მან 2012 წლის 16 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის ფასი - 10 000 ლარი მესამე პირს, მ. პ–ს გადასცა;

11.3. მ. პ–ის მიერ შედგენილი ხელწერილის მიხედვით, მან მოპასუხისაგან 2012 წლის 16 მარტს აიღო ფულადი თანხა სამ ნაწილად, სულ 10 000 ლარი;

11.4. საჯარო რეესტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერით დგინდება, რომ გორის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოპასუხე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მოსარჩელესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილის, 3000 აშშ დოლარის მოსარჩელისთვის გადახდის ფაქტი.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის იმგვარი ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს თანხის გადახდილად მიჩნევის ვარაუდის საფუძველს მისცემდა (მაგალითად: „გადახდილია წინამდებარე გარიგების დამოწმების დროისათვის“ და სხვა.). ხელშეკრულების დათქმა, რომლის მიხედვითაც „3 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების დამოწმებისას“, მიუთითებს მომავალში თანხის გადახდის ვალდებულებაზე. ასეთ შემთხვევაში კი, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, მოვალეს ეკისრება და სადავოობის შემთხვევაში, შესრულების დამტკიცების მიზნით, მასვე ეკისრება სავალო საბუთის წარდგენის ვალდებულებაც. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული ნორმით პირდაპირ არის განსაზღვრული სათანადო მტკიცებულების სახე - ვალის მიღების შესახებ დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების აქტი), იგი სხვა მტკიცებულებებით, მაგალითად, მოწმის ჩვენებით, უფლების დამდგენი საბუთის საჯარო რეესტრში მოგვიანებით რეგისტრაციითა და ა.შ. არ შეიძლება შეიცვალოს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად შეფასდა მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლი, რომლითაც მხარეებმა შემძენის მიერ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფორმა და წესი განსაზღვრეს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც კრედიტორი შესრულების ფაქტს სადავოდ ხდის, ხოლო სანოტარო აქტი არ შეიცავს 3 000 აშშ დოლარის გადახდის (შესრულების) შესახებ ჩანაწერს, სასამართლოს მოსაზრებით, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 3000 აშშ დოლარი მოსარჩელეს გადაუხადა.

15. რაც შეეხება, მოპასუხისა და მესამე პირის მიერ ცალმხრივად შედგენილ ხელწერილებს, პალატამ აღნიშნა, რომ მითითებულ ხელწერილებში საუბარი იყო არა სადავო 3 000 აშშ დოლარის, არამედ - მესამე პირის - მ. პ-ის მიერ მოპასუხისაგან 10 000 ლარის მიღების ფაქტზე. პალატის მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლისა და ოთხი თვის შემდეგ, ერთსა და იმავე დღეს 2013 წლის 24 ივლისს მოპასუხესა და მესამე პირის მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი ხელწერილები სადავო ფაქტობრივი გარემოების (2012 წლის 16 მარტს მოსარჩელისათვის 3000 აშშ დოლარის გადახდის) დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდებოდა, რომ მოპასუხის მიერ მესამე პირისათვის გადაცემული 10 000 ლარი მოასარჩლისთვის განკუთვნილ 3000 აშშ დოლარს მოიცავდა, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასებულიყო შეწყდა თუ არა სადავო ვალდებულება არაუფლებამოსილი პირის - მ. პ–ის წინაშე განხორციელებული შესრულებით. არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღების საკითხებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მ. პ–ის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე მოსარჩელემ თანხმობა გასცა ან/და ამ შესრულებით მან სარგებელი მიიღო.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში 3000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზე იყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი), რაც მან ვერ გასწია, შესაბამისად, არსებობდა მის მიმართ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

18. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლი 3000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტის შექმნის ვალდებულებას მხარეებს არ აკისრებდა. ხელშეკრულებით მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის ვალდებულება განისაზღვრა 1000 აშშ დოლარის და არა 3000 აშშ დოლარის გადახდისთავის.

19. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოპასუხის კეთილსინდისიერება და ის ფაქტი, რომ იგი სადავოდ არ ხდიდა მის მიერ მოსარჩელისათვის 1000 აშშ დოლარის გადაუხდელობას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხა გადახდილი ჰქონდა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით თ. ა-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულების შინაარსი და სავალდებულოდ განსაზღვრა მოსარჩელისათვის 3000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტის შექმნის ვალდებულება.

25. აღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს შემდეგი: დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ხელშეკრულებათა განმარტების სპეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

26. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (იხ. სუსგ №ას-635-602-2014 ,25 მაისი, 2015 წელი).

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ, სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). გარიგების სადავო დებულების განმარტება უნდა მოხდეს თავად გარიგების მთელი შინაარსის, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა, მხარეებს ევარაუდათ სადავო დებულების ფორმირებისას.

28. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დროს მყიდველის (მოპასუხის) მიერ გამყიდველისათვის (მოსარჩელისთვის) 3000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, თუმცა ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე ჩანაწერს, რაც სასამართლოს სადავო თანხის გადახდილად მიჩნევის ვარაუდის საფუძველს მისცემდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის წესში არსებული დათქმა - „... 3000 აშშ დოლარი მყიდველის მიერ გადახდილი უნდა იქნას ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დროს...“ - მიუთითებს მომავალში თანხის გადახდის ვალდებულებაზე და ვერ შეფასდება ხელშეკრულების გაფორმების დროს ამ ვალდებულების შესრულებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ იმ პირს ევალება ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რომელსაც ვალდებულების შესრულებაში ედავებიან. მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველის (მოსარჩელის) წინაშე ვალდებულების შესრულების (ნასყიდობის თანხის გადახდის) მტკიცების ტვირთი მყიდველს (მოპასუხეს, მოვალეს) ეკისრებოდა, რაც მან ვერ გასწია, წარდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ ვერ შეძლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 3000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის დადასტურება.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 411 ლარის 70% – 287.7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ა-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ. ა-ს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს მ. ს–ის (პ/ნ: ---) მიერ 2017 წლის 13 იანვარს #--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 411 ლარის 70% – 287.7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე