დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210017001804403
საქმე №ას-374-374-2018 13 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. კ. გ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა (შემდგომში – მოპასუხე) და მ. მ.-ის (შემდგომში –მოვალე მოპასუხე) მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2015 წლის 4 ივნისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დააყადაღა კონკრეტულ მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მოვალე მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო. სადავო ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და აღნიშნული ნივთების რეალიზაცია არ უნდა მოხდეს სხვა პირის ვალდებულებების შესრულების გამო.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დაყადაღებული მოძრავი ნივთები გათავისუფლდა ყადაღისაგან, რაც მოპასუხე სამსახურმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო თბილისის მერიის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელმაც განმარტა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს მოცემული დავის მხარეს. სათანადო მხარეა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომელიც სამართალწარმოებას დამოუკიდებლად ახორციელებს. ამასთან, სხდომაზე არც მოწინააღმდეგე მხარე გამოცხადებულა. სასამართლო პროცესი გადაიდო 2017 წლის 19 დეკემბერს, 10:30 საათზე, რის შესახებაც ქ.თბილისის მერიის წარმომადგენელი გაფრთხილებულ იქნა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება შესაბამის ხელწერილზე მისი ხელმოწერით და სასამართლო უწყების გადაცემით, რაც ასევე დადასტურდა ხელწერილით.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს საქმის განხილვის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა პროცესზე არცერთი მათგანი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.
8. სსსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხე სამსახურის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოპასუხე სამსახურს სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, რადგან სამსახურს, როგორც ქ.თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს სასამართლო სხდომის შესახებ არ ეცნობა არც ფოსტის, ფაქსის, სასამართლო კურიერის მეშვეობით. სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო მხარის წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, ელექტრული მისამართი და სხვა რეკვიზიტები, რაზეც სასამართლო მას არ დაკავშირებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
14. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
15. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
16. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს.
17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო თბილისის მერიის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელმაც განმარტა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს მოცემული დავის მხარეს. სათანადო მხარეა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომელიც სამართალწარმოებას დამოუკიდებლად ახორციელებს. ამასთან, სხდომაზე არც მოწინააღმდეგე მხარე გამოცხადებულა.
18. სასამართლო პროცესი გადაიდო 2017 წლის 19 დეკემბერს, 10:30 საათზე, რის შესახებაც ქ.თბილისის მერიის წარმომადგენელი გაფრთხილებულ იქნა.
19. საქმის მასალებში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლითაც თბილისის მერიის წარმომადგენელმა დაადასტურა სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტი და ვალდებულება იკისრა, აღნიშნული უწყება გადასცეს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს (ს.ფ. 132).
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს საქმის განხილვაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდა. ამასთან, მხარეებს საქმის განხილვის შესახებ ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების აღნიშნულ დასკვნას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლი არეგულირებს ორგანიზაციისათვის სასამართლო უწყების გაგზავნისა და ჩაბარების წესს.
22. დასახელებული ნორმის მერვე ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
23. განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს. თავად კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს ქ.თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს. ამდენად, თბილისი მერიისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მერიის წარმომადგენელმა ვალდებულება იკისრა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის გადაეცა შესაბამისი საპროცესო დოკუმენტი, საკმარისი საფუძველი იყო, რათა სააპელაციო პალატას სასამართლო უწყება მოპასუხე ორგანიზაციისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად ჩაეთვალა. ამდენად, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების დამატებით სხვა წარმომადგენლისათვის გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს არ გააჩნდა.
24. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ სასამართლო პროცესის შესახებ მოპასუხე სამსახურს ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
25. აღნიშნულის მიუხედავად, არცერთი მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად, არსებობდა სსსკ-ის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობა და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე