დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
ას-1073-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1073-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზ.კ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამართალმემკვიდრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ.კ–მ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი ან კასატორი) 2017 წლის 7 თებერვალს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს (შემდეგში: არასათანადო მოპასუხე, სააგენტო), მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. ფოთში, ..... მდებარე 5 898 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ეპს „ლ–ას“ [ერთი პირის საწარმო „ლივაზია“] შემდეგში: საწარმო) საკუთრებაში არსებული ქონება) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2. სააგენტომ, 2017 წლის 1 მაისს, მოსარჩელეს განუმარტა, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, განცხადებაზე თანდართული და სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაცია გადაეგზავნებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღირების კომისიას, ვინაიდან, მიწის ნაკვეთზე, განმცხადებლის საკუთრების უფლება ან/და მართლზომიერი მფლობელობა არ დასტურდებოდა. თუმცა, ამგვარი თანხმობის არარსებობის გამო სააგენტომ 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა.

3. სარჩელის საფუძვლები

3.1 განმცხადებელმა 2017 წლის 15 აგვისტოს სარჩელი აღძრა სააგენტოს წინააღმდეგ, მოითხოვა საწარმოს ქონების სამართალმემკვიდრედ მისი, როგორც საწარმოს დამფუძნებლის, ცნობა.

3.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის #578 დადგენილებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის იმდროინდელი რედაქციის 5.8 მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ეპს „ლ–ა“ (საწარმო), შესაბამისად საწარმოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მოსარჩელეს, როგორც ერთადერთ დამფუძნებელს, გააჩნია უფლება, რომელიც უნდა დაერეგისტრირებინა სააგენტოს.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1 მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განსახილველ დავაში სააგენტო არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.

5. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 85-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას საწარმოს ქონებაზე სამართალმემკვიდრედ ცნობა წარმოადგენდა, რომელზეც მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს წარმოადგენს სააგენტო.

5.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, არასათანადო მხარეები არიან ისეთი პირები, ვინც თავდაპირველად მიჩნეული იყვნენ სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის მონაწილეებად, მაგრამ გაირკვა, რომ ისინი არ არიან ასეთი ურთიერთობის მონაწილენი. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მიიღებს სარჩელს და დააყენებს საკითხს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ. თუმცა, ამ საფუძვლით მხარის შეცვლა მხოლოდ მოსარჩელის თანხმობითაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს საქმეს და მოსარჩელეს უარს ეტყვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

5.4 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებია: ა)რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამასახურებისა და ავტორიზებული პირებისათვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ე)საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა; ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

5.5 განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას ქონებაზე სამართალმემკვიდრედ ცნობა წარმოადგენს, რაც არ წარმოადგენს სააგენტოს კომპეტენციას.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1 ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2 აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ იყო გამიჯნული ცნებები „ფირმის რეგისტრაციის გაუქმება“ და „ფირმის გაუქმება“. აპელანტი, სასამართლოსათვის წარდგენილი არაერთი მტკიცებულების საფუძველზე ითხოვს ზოგადად, საწარმოს ქონების სამართალმემკვიდრედ ცნობას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7.2 სააპელაციო სასამართლომ „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ერთი პირის საწარმო წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს ნაირსახეობას, რომლის ქონებაც საწარმოს ეკუთვნოდა საკუთრების უფლებით. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი გაუქმდა, ხოლო აღნიშნული კანონის საფუძველზე რეგისტრირებული საწარმოები დაექვემდებარნენ ხელმეორე რეგისტრაციას.

7.3 დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში ეპს-ოს ასეთი რეგისტრაცია არ გაუვლია, რის გამოც იგი ლიკვიდირებულად ჩაითვალა. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილება საქმეში არ არის.

7.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საწარმოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების წესს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც უფლებამონაცვლეობა არ არის დაშვებული. შესაბამისად, რადგანაც უფლებამონაცვლეობა კანონით ან გარიგებით გათვალისწინებულ შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო წინამდებარე შემთხვევისათვის შესაბამისი ნორმა არ ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას, სარჩელის მატერიალურსამართლებრივი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

7.5 ზემოაღნიშნულთან ერთად, დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზესაკუთრების უფლების დადგენა, რაც მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს, არის არა სააგენტოს, არამედ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კომპეტენცია, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა სადავო ქონება ფოთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

7.6 შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს არა სააგენტო, არამედ - ფოთის მუნიციპალიტეტის მერია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე უარს აცხადებს სათანადო მოპასუხით სააგენტოს შეცვლაზე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2 კასატორის განმარტებით, საწარმოს გაუქმების შემდეგ, ის ავტომატურად უნდა გამხდარიყო სადავო ქონების მესაკუთრე. ამასთან, მოსამართლეს არ შეუტყობინებია მოსარჩელისათვის ის, რომ სააგენტო არასათანადო მოპასუხე იყო.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 აპელანტის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე განჩინების 5.4 და 7.2-7.6 პუნქტებზე მითითებით, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში სააგენტო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ხოლო მოსარჩელის თანხმობის არარსებობის პირობებში, არასათანადო მოპასუხე შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით, სასამართლო სსსკ-ის 85-ე მუხლის„თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე“ მოხმობით ვალდებული იყო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დაესრულებინა სამართალწარმოება, შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

15. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს არ დაუდგენია მოპასუხის არასათანადოობა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, თავად მოპასუხის შესაგებლით, სასარჩელო მოთხოვნითა და სააგენტოს კანონით დადგენილი კომპეტენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ სააგენტო განსახილველ დავაში არასათანადო მოპასუხეა, ხოლო კასატორის არგუმენტები - დაუსაბუთებელი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.კ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ.კ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N55, გადახდის თარიღი 2018 წლის 16 ივლისი; საგადახდო დავალება N01, გადახდის თარიღი 2018 წლის 20 აგვისტო), 70% – 210ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე