დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ ას-481-449-2017 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ. ი-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ყ.-თ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ფ. ი-ა (შემდგომში „აბონენტი“, „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) წარმოადგენს ბუნებრივი აირის მომხმარებელს მისამართზე ქ. თბილისი, დ. წ., სანატორიუმის ტერიტორია, ნაკვეთი #... (აბონენტის ნომერი #44722...-...). იგი აღნიშნულ მისამართზე აბონენტად აღრიცხულია 2009 წლის 13 აპრილიდან, ბუნებრივ აირს აწვდის შპს „ყ.-თ.“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კომპანია“).
2. 2009 წლის 13 აპრილს მოპასუხემ შეადგინა #250041 აქტი ქ. თბილისში, დ. წ., სანატორიუმის ტერიტორია, ნაკვეთი #...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის მრიცხველის (ელექტრონული კორექტორის) დაყენებისა და დალუქვის შესახებ.
3. ბუნებრივი აირის მრიცხველიდან 2014 წლის 20 მარტს აღებული ჩვენების მიხედვით, აბონენტის მიერ მოხმარებულმა ბუნებრივი აირის მოცულობამ შეადგინა 44 463 კუბური მეტრი, ხოლო მისმა ღირებულებამ - 20 283,84 ლარი. ამავე ქვითრის მიხედვით, 2014 წლის 20 თებერვლისთვის აბონენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა შეადგენდა 452 კუბურ მეტრს, ხოლო დარიცხული თანხა - 1 147,79 ლარს.
4. აბონენტმა საჩივარი წარადგინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში და მოითხოვა მოპასუხის მიერ გაცემული ქვითრების ბათილად ცნობა, რაზეც უარი ეთქვა.
5. აბონენტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხის მიერ დარიცხული მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის - 21 432.63 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დარიცხული სადავო თანხა დაანგარიშებული იყო კორექტორის და მექანიკური მრიცხველის ანათვალის სხვაობით, გარდა ამისა ელექტრონულ მრიცხველში სათანადო პარამეტრები დადგენილი წესით არ იყო შეყვანილი, რის გამოც ბუნებრივი აირის აღრიცხვა ხდებოდა არასწორად.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აბონენტზე ბუნებრივი გაზის საფასურის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად. მოპასუხე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის მრიცხველის აღრიცხვას ახორციელებს ელექტრონული კორექტორის მეშვეობით, ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენს ბუნებრივი აირის საშუალო წნევის მომხმარებელს. ელექტრონული კორექტორი საშუალო წნევის ბუნებრივი აირის რეალურ ხარჯს ითვლის წნევის და ტემპერატურის ცვალებადობის გათვალისწინებით. თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ელექტრონული კორექტორი ბუნებრივ აირს აღრიცხავდა არასწორად, მას შეეძლო მიემართა მოპასუხისათვის და მოეთხოვა კორექტორის მონაცემების შემოწმება, რაც არ განხორციელებულა. ამასთან, 21 431,63 ლარი წარმოადგენს არა ერთ თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს, არამედ იგი წარმოადგენს 2009 წლის 13 აპრილიდან (ელექტრონული კორექტორის დამონტაჟების თარიღი) 2014 წლის მარტის თვემდე ელექტრონული კორექტორის მიერ აღრიცხული და მექანიკური მრიცხველის მიერ აღრიცხული ბუნებრივი აირის მოცულობებს შორის არსებული სხვაობის საფასურს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ იგი არ წარმოადგენდა ბუნებრივი აირის საშუალო წნევის მომხმარებელს. სასამართლომ მიუთითა თავად აბონენტის მიერ წარდგენილი სარჩელის შინაარსზე, სადაც მოსარჩელე განმარტავდა, რომ აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის შეიძინა ძვირადღირებული დანადგარები (ელექტრონული მრიცხველი და როტაციული გაზის მრიცხველი) და მათ შეძენას ხსნიდა იმ გარემოებით, რომ ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა საშუალო წნევით. სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარდგენილ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2015 წლის 5 თებერვლის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 2 დეკემბრის წერილებზეც, რომლებითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ ბუნებრივი აირი მას მიეწოდებოდა საშუალო წნევით, რის გამოც საანგარიშსწორებო მრიცხველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მექანიკური მრიცხველი.
10. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მოსაზრებით, დადასტურებული იყო მოსარჩელის ბუნებრივი აირის საშუალო წნევის მომხმარებლად რეგისტრირების ფაქტი, სადავო აღარ იყო არც ის გარემოება, რომ საშუალო წნევის ბუნებრივი აირის მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სწორედ ელექტრო მრიცხველის (კორექტორის) და არა მექანიკური მრიცხველის საშუალებით.
11. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (აბონენტის ბარათების მონაცემების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2015 წლის 5 თებერვლისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 2 დეკემბრის წერილების) ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის აპრილიდან 2014 წლის მარტამდე ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის (მოპასუხის) წარმომადგენელთა მიერ, მიუხედავად იმისა, რომ აღრიცხვის კვანძზე მოწყობილი იყო ელექტრო მრიცხველი აბონენტის მიერ მოხმარებული გაზის მოცულობის ანათვალის აღება ხდებოდა არასწორად - ელექტრო მრიცხველის (კორექტორის) ნაცვლად მექანიკური მრიცხველის მონამცემების შესაბამისად. 2014 წლის 20 მარტს შპს „ყ.-თ.“ აბონენტს უკვე ელექტონული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დაარიცხა მის მიერ 2009 წლის აპრილიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდის განმავლობაში მოხმარებული იმ ბუნებრივი გაზის მოცულობის საფასური (სადავო თანხა), რომელიც მექანიკური მრიცხველის ჩვენების პირობებში არ ფიქსირდებოდა. ესე იგი, სადავო თანხა მოპასუხემ იანგარიშა აბონენტის აღრიცხვის კვანძზე მოწყობილი ელექტრონული კორექტორის (მრიცხველის) და მექანიკური მრიცხველის ანათვლების სხვაობით. კერძოდ, ელექტრონული კორექტორის ანათვალის მიხედვით, აბონენტის მიერ 2009 წლის აპრილიდან 2014 წლის 20 მარტამდე მთლიანად მოხმარებული იყო 83 915 კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი გაზი, ხოლო მექანიკური მრიცხველის მიერ დაახლოებით იგივე პერიოდზე დაფიქსირებული იყო მხოლოდ 39 452 კუბური მეტრი მოცულობის ბ/აირის მოხმარება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 86 აბონენტის ბარათის მონაცემები). 2014 წლის 20 მარტამდე, ვინაიდან განაწილების ლიცენზიატის მიერ ანათვალის აღება ხდებოდა და შესაბამისად აბონენტის მიერ ანაზღაურებაც ხდებოდა მექანიკური მრიცხველის (და არა ელექტრონული მრიცხველის) მონაცემების საფუძველზე, ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 39 452 კუბური მეტრი გაზის ღირებულება, ხოლო 44 463 კუბური მეტრი მოცულობის მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება - 20 283.84 დარჩა აუნაზღაურებელი, რაც გადასახდელ თანხად დაფიქსირდა მოპასუხის მიერ აბონენტზე გამოწერილ #201... ქვითარში.
12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომლითაც იგი დარიცხული ბუნებრივი აირის საფასურისაგან გათავისუფლებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ მოპასუხემ 2009 წლის 13 აპრილის აქტში არასწორი მონაცემები ასახა (კერძოდ, მასში არ არის მითითებული კორექტორში შეყვანილი სხვადასხვა სახის, მაგ. ტემპერატურის, წნევის და სიმკვრივის შესახებ პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები), შესაბამისად, წესების დარღვევით მოახდინა აღრიცხვის კვანძის მოწყობა, რის გამოც გაუმართავად მუშაობდა კორექტორი.
13. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დასახელებული აქტის (2009 წლის 13 აპრილის) შედგენისას გარკვეული მონაცემების მიუთითებლობა არ წარმოშობდა სადავო თანხის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების საკმარის საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობდა კორექტორის გაუმართავ მუშაობას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი მიიჩნევდა, რომ ელექტრონული მრიცხველი გაუმართავად მუშაობდა, მას შეეძლო მოეთხოვა ბუნებრივი აირის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმიური შემოწმება (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტების საფუძველზე) და ამ გზით დაედგინა მრიცხველის ცდომილება, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებისაგან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
15. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
15.1. სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მოსარჩელეს დააკისრა ბუნებრივი აირის მრიცხველის ცდომილების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეს ეკისრებოდა;
15.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 12.5 მუხლი, რომლის თანახმად, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, მოხსნას, შემოწმებას, დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. ამავე წესების 12.15 მუხლის მიხედვით, თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის, ბჯენების ან/და სხვა დაცვის საშუალებების დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ აღრიცხვის კვანძი არ იყო მოწყობილი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ხუთი წლის მანძილზე მოპასუხის მიზეზით არ ხდებოდა მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის ანათვალის აღება ელექტრონული მრიცხველის მეშვეობით, მოპასუხეს მინიჭებული უფლებამოსილება უნდა განეხორციელებინა სწორედ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად და არა უფლების ბოროტად გამოყენებით, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში. სასამართლომ არ გამოარკვია, რამდენად იყო უფლებამოსილი მოპასუხე ერთ თვეში აღერიცხა ხუთი წლის განმავლობაში აღურიცხავი ბუნებრივი აირის მოცულობა და აბონენტისათვის დაეკისრებინა მისი ღირებულების გადახდა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც თავად სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2009 წლის აპრილიდან 2014 წლის 20 მარტამდე მოპასუხე არასწორად ახდენდა აბონენტის მიერ მოხმარებული ბ/გაზის მოცულობის ანათვალის აღებას;
15.3. არასწორი და საფუძველსმოკლებულია სასამართლოს დასკვნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბონენტის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირს კორექტორი აღრიცხავდა არასწორად, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა ბუნებრივი აირის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმიური შემოწმება და ამ გზით დაედგინა მრიცხველის ცდომილება. მსგავსი უფლებამოსილება მოსარჩელეს წარმოეშობოდა მხოლოდ მაშინ, თუ მის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირს მოპასუხის მიერ დალუქული კორექტორი აღრიცხავდა არასწორად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მოპასუხეს კორექტორი არ დაუყენებია და არც დაულუქავს დადგენილი წესით;
15.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ბუნებრივი აირის საშუალო წნევის მომხმარებელს. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით აღნიშნული არ დასტურდება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ ბუნებრივი აირის აღრიცხვის მართლზომიერებას და მიუთითებს, რომ ვინაიდან 5 წლის განმავლობაში ბ/გაზის ანათვალის აღება არასწორად ხდებოდა (ნაცვლად ელექტრონული მრიცხველისა მექანიკური მრიცხველის მეშვეობით), არსებობდა დარიცხული ბუნებრივი აირის საფასურისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი. კასატორი მიუთითებს სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებაზეც და აღნიშნავს, რომ ანათვალის არასწორად აღების დადასტურების ტვირთი მას არ უნდა დაკისრებოდა. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებასაც, რომ იგი ბუნებრივი აირის საშუალო წნევის მომხმარებელია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არც ერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ საქმე №ას-579-554-2016,28 დეკემბერი, 2016 წელი).
25. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
26. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
27. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე სარჩელით სადავოდ ხდის მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადის დაკისრების მართლზომიერებას, სწორედ მას ევალება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ არასწორად აღრიცხა აბონენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია.
28. კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ იგი არ წარმოადგენს ბუნებრივი აირის საშუალო წნევის მომხმარებელს, საქმეში არსებული რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელე თავადვე მიუთითებს სარჩელში, რომ მას ბ/გაზი მიეწოდება საშუალო წნევით და, შესაბამისად, ანგარიშსწორება მასსა და მოპასუხეს შორის უნდა განხორციელებულიყო ელექტრონული და არა მექანიკური მრიცხველის ჩვენების საფუძველზე (იხ. ტ.1 , ს.ფ. 120). ამავე გარემოებას ადასტურებს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2015 წლის 5 თებერვლისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 2 დეკემბრის წერილები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 24; 87)).
29. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან კასატორი (აბონენტი) წარმოადგენს ბუნებრივი აირის საშუალო წნევით მომხმარებელს, მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ანათვალის აღება უნდა მომხდარიყო ელექტრონული მრიცხველის მონაცემების შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღრიცხვის კვანძზე მოწყობილი იყო კორექტორი (ელექტრონული მრიცხველი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ 2009 წლის აპრილიდან 2014 წლის მარტამდე ანათვალის აღება ხდებოდა მექანიკური მრიცხველის მონაცემების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა აბონენტის აღრიცხვის კვანძზე მოწყობილი ელექტრონული კორექტორისა (მრიცხველის) და მექანიკური მრიცხველის ანათვალების სხვაობის ანაზღაურება.
30. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არც იმ პრეტენზიას, რომ ვინაიდან მოპასუხემ 2009 წლის 13 აპრილის აქტით წესების დარღვევით მოახდინა აღრიცხვის კვანძის მოწყობა (კერძოდ, აქტში არ მიუთითა კორექტორში შეყვანილი სხვადასხვა სახის მონაცემები: მაგ. ტემპერატურის, წნევის და სიმკვრივის შესახებ პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები), ამ გარემოებით დასტურდებოდა კორექტორის გაუმართავი მუშაობა, რაც დაკისრებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველს ქმნიდა.
31. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე (მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ მე-4 მუხლი)), რომლის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ელექტრონული მრიცხველის გაუმართავად მუშაობის ფაქტს, მხოლოდ განმარტება, რომ მრიცხველის დამონტაჟების აქტში სხვადასხვა სახის მონაცემების (მაგ. ტემპერატურის, წნევის და სიმკვრივის შესახებ პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები) მიუთითებლობით დგინდებოდა კორექტორის მიერ ბუნებრივი აირის არასწორად აღრიცხვა, არ შეიძლება აღნიშნული გარემოების გაიზრებისა და მოსარჩელის სადავო თანხის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნიდეს.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
33. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ფ. ი-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ფ. ი-ას (პ/ნ: 01007....) დაუბრუნდეს ი. მ-ის მიერ 2017 წლის 10 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1015 (ერთი ათას თხუთმეტი) ლარის 70% – 710 (შვიდას ათი) ლარი და 50 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე