სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1244-2019
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1244-2019 31 მაისი, 2019 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ე.მ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „მ.ო.რ.ე.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 3 აპრილს ე.მ–ასა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) და შპს ”მ.ო.რ.ე–ს” (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) შორის, 9000 აშშ დოლარზე დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების #5502 ხელშეკრულება, 10 წლით, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%-ით განისაზღვრა.

2. 2013 წლის 4 აპრილს მხარეთა შორის დაიდო #5502 საკრედიტო ხელშეკრულება, როგორც 2013 წლის 4 აპრილს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების #5502 ხელშეკრულების დანართი, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 9 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 35 თვე, წლიური სარგებელი - 30%.

3. 2014 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო #5502-1 ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 9 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 35 თვე, წლიური სარგებელი - 24%.

4. მსესხებელმა შეასრულა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება.

5. 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების #10938 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა - 15000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 10 წლით, ხოლო სარგებლის მაქსიმალური ოდენობა წლიური 60%-ით. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 20 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N10938, 2015 წლის 20 იანვრის N10938 საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რომლის მიხედვით მოსარჩელეს კრედი განესაზღვრა - 12480 აშშ დოლარით, 35 თვის ვადით, 24%-იანი სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქალაქ რუსთავში, ….., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..... (შემდეგში - იპოთეკის საგანი).

6. 2015 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N10938-01, როგორც 2015 წლის 20 იანვრის N10938 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რომლის საფუძველზე მსესხებელის სახელზე გაიცა კრედიტი - 14775 აშშ დოლარი, 35 თვის ვადით, წლიური 18%-იანი სარგებელით.

7. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით.

8. ამ განჩინების მეხუთე პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 30-32), რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 14 775 აშშ დოლარით, სარგებელი - 443.26 აშშ დოლარით, ჯარიმა -2 290.13 აშშ დოლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 125.56 ლარით.

9. 2017 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ 2014 წლის 4 თებერვლის, 2015 წლის 20 იანვრისა და იმავე წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 60%-იანი სარგებლის 18%-მდე შემცირებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის - 12668,54 აშშ დოლარითა და სარგებლის - 221 აშშ დოლარით განსაზღვრა მოითხოვა. მისი მითითებით, სარგებლის სახით გადახდილი 5555.16 აშშ დოლარიდან 2106,46 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე და სარგებელი 443 აშშ დოლარი, 221 აშშ დოლარამდე შემცირდეს.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და, სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ნოტარიუსის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელეს სურს, ოთხ სხვადასხვა სესხზე გადახდილი თანხა, ამ ხელშეკრულებაზე ჩაეთვალოს გადახდილად, ვინაიდან სწორედ მხარეთა შორის არსებული ოთხი სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზეა გადახდილი - 5554,76 აშშ დოლარი და არა - 5555,16 აშშ დოლარი, როგორც ეს სარჩელშია აღნიშნული.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე და 867-ე მუხლები გამოიყენა.

12. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

13.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ 2015 წლის 20 იანვრის #10938 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელის/აპელანტის მიერ არ შესრულებულა, რის გამოც 2015 წლის 19 აგვისტოს კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. პალატამ უარყო აპელანტის მსჯელობა, რომ 2013 წლის 3 აპრილისა და 2014 წლის 4 თებერვლის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური - 24%-იანი სარგებელი შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთია, რომელიც უნდა შემცირდეს და გამოაკლდეს მის მიერ შესასრულებელ, 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის ძირითად თანხასა და სარგებელს, მით უფრო იმ პირობებში, როცა აპელანტის მიერ იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომლებზედაც საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა მოთხოვნილი, ვალდებულება შესრულებულია.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მის მიერ სარგებელი შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთითა გადახდილი და დადგენილ პრაქტიკასთან შეუსაბამოა. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა - 14219,84 (14775-5555,16) აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი - 350 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს გაცემული N 150893498 სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სასესხო დავალიანების საფუძველზე გადასახდელი თანხის შემცირება და მისი - 14219,84 აშშ დოლარით განსაზღვრაა, რაშიც შედის, როგორც ძირითადი თანხა, ისე - სარგებელი. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებს კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

21. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და, ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).

22. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2015 წლის 20 იანვარს კრედიტორმა მოვალეს 35 თვის ვადით - 14775 აშშ დოლარი ასესხა, წლიური 18% - იანი სარგებლის დარიცხვით; კასატორის პრეტენზია ისაა, რომ 2013 წლის 3 აპრილისა და 2014 წლის 4 თებერვლის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური - 24%-იანი სარგებლი, შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთია, რომელიც უნდა შემცირდეს და გამოაკლდეს მის მიერ შესასრულებელ, 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის ძირითად თანხასა და სარგებელს. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა მსესხებელმა შეასრულა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, მისი ეს მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებსაა მოკლებული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წლიური საპროცენტო სარგებელი - 24%, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტის შესაბამისად, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კასატორს, განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, დასაბუთებული პრეტენზია შესაბამისი მტკიცებულებებით არ წარმოუდგენია, ამასთან, წლიური საპროცენტო სარგებელი - 24% მოვალის უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების დასკვნის საფუძველს არ ქმნის (შდრ. სუსგ. #ს-93-2019; 31.05.2019წ).

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-1152-1072-2017, 29.12.2017).

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.მ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ე.მ–ას (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #6913482344, გადახდის თარიღი 09.08.2018), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი