საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-724-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-724-2019 26 ივლისი, 2019 წელი

№ას-724-2019 კუცია ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ია (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. კ-ამ (შემდეგში: დირექტორი ან დასაქმებული ან მოსარჩელე) სარჩელი აღძრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 მარტის N1/კ-212 ბრძანების (შემდეგში: სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა, დასაქმებულის აღდგენა სსიპ ქალაქ სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 15 მარტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, სარგოს (საშემოსავლო გადახდების გარეშე) 720 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელის განმარტებით, იგი გათავისუფლებამდე მუშაობდა სსიპ ქალაქ სამტრედიის N.... საჯარო სკოლის (შემდეგში - სკოლა) დირექტორის თანამდებობაზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდეგში - მინისტრი) 2016 წლის 27 ივლისის №588 ბრძანებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სკოლას გამოეცხადა გაფრთხილება, მას კი მოეთხოვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და ერთი თვის ვადაში სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა, რაც შეასრულა. ამის შემდეგ, სკოლა კვლავ იქნა შემოწმებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შემოწმების შედეგად, აუდიტის დასკვნაში დარღვევები არასწორად იქნა დაფიქსირებული, რის გამოც, 2017 წლის 15 მარტს არასწორად შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული იქნა აუდიტის N250716... და N150317... დასკვნაში მითითებული ერთი და იგივე დარღვევების არსებობა, რაც არასწორია, ვინაიდან, ის კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მისი თითოეული ქმედება მიმართული იყო არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სკოლის კეთილმოწყობისკენ.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სსიპ ქ.სამტრედიის N... საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირება. მინისტრის 2012 წლის 03 მაისის N89 ბრძანებით დამტკიცებული, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის მოსამსახურე უფლებამოსილია მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელი პირები, ინსპექტირების პროცესში იღებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას, ინსპექტირების პერიოდში განმარტებებს ართმევდნენ რესურსცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივად იყვნენ დაკავშირებული შესამოწმებელ საკითხებთან. ინსპექტირების შედეგად, სკოლის საქმიანობაში გამოვლინდა. სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც აისახა დასკვნაშიც. დარღვევათა უმრავლესობა, გამოწვეული იყო მოსარჩელის, როგორც ქმედებით, ასევე უმოქმედობით. ამასთან, დარღვევები იყო არაერთგზისი, რაც საჯარო სკოლამ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა. ზემოაღნიშნულ დარღვევათა გამო, სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დირექტორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე.

4. სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 მარტის N1/კ-212 ბრძანება დირექტორის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა, აუნაზღაუროს მოსარჩელეს იძულებითი განაცდური სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 15 მარტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, სარგოს (საშემოსავლო გადახდების გარეშე) 720 ლარის ოდენობით.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სამინისტროს მიერ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე მუშაობდა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 720 ლარს.

8. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 25 ივლისის N903964 მოხსენებითი ბარათით, მინისტრს წარედგინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის N250716... დასკვნა - სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ და მიეთითა იმ ქმედებების განხორციელების შესახებ, რაც გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიაჩნდა მიზანშეწონილად.

9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 ივლისის N588 ბრძანებით, შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევის გამო, სკოლას მიეცა წერილობით გაფრთხილება.

10. მინისტროს 2012 წლის 03 მაისის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, მინისტრის 2017 წლის 17 თებერვლის №174 ბრძანებით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარ სპეციალისტებს დაევალათ, სკოლის ინსპექტირება ამავე ბრძანებაზე თანდართული გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად.

11. სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა 2017 წლის 20 თებერვლიდან-2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, რომლის შედეგად შედგენილ იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის N1503171... დასკვნა.

12. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 01 იანვრიდან, 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით ჩატარებული ინსპექტირების პერიოდში (შიდა აუდიტის დეპარტამენტის №250716... დასკვნა) სკოლას არ ჰყავდა დანიშნული დღის დარაჯი, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი საშტატო ერთეული (იხ. დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 74), ხოლო სკოლის დირექტორის 2017 წლის 30 იანვრის №2-24 ბრძანებით, ამავე სკოლაში დღის დარაჯად დაინიშნა მ. ჯვარშეიშვილი (იხ. ბრძანება, ტომი 1, ს/ფ 231).

13. დადგენილია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის №250716... დასკვნის თანახმად, სკოლას დარღვევად დაუფიქსირდა ის, რომ „სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სკოლის დერეფანში და ეზოში ეწყო სამშენებლო მასალა და ხელსაწყოები. აღნიშნულით, სკოლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე“ (იხ.დასკვნა, ტომი 1, ს.ფ 71).

14. დადგენილია, რომ სკოლის დირექტორის 2016 წლის 27 დეკემბრის №1/კ-208 ბრძანებით ამავე სკოლის დირექტორის მოადგილეს - ი. ზ-ეს, საკლასო ჟურნალის წარმოების წესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, დისციპლინური სახდელის სახით მიეცა წერილობითი გაფრთხილება (იხ. ბრძანება, ტომი 5, ს.ფ 92, მოწმეთა ჩვენებები).

15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხზე წარმოადგენდა თუ არა სადავო ბრძანებაში მითითებული ფაქტები ისეთი სახის დისციპლინური სახდელის დადებისათვის საკმარის საფუძველს, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დამსაქმებელი ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერი რომ ყოფილიყო აუცილებელი იყო განმეორებით გამოვლენილი დარღვევების შეფასება, რადგან მოცემული მუხლის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია ყოფილიყო მხოლოდ იმავე დარღვევების განმეორებითობა. დარღვევის განმეორებითობასთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებითია ქმედების ერთგვაროვნება. სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელი იყო ის ფაქტები, რაც წინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში იყო ასახული და სკოლის დირექტორის მიერ, საჯარო სკოლისათვის წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი. გათავისუფლების ბრძანებისა და აუდიტის დასკვნების მიხედვით განმეორებითი დარღვევები დადასტურდა შემდეგ შემთხვევებში:

17. - სკოლას არ ჰყავდა დღის დარაჯი, რომელიც გააკონტროლებდა უცხო პირთა შესვლას და მოსწავლეთა სკოლიდან გასვლას;

18. -მასწავლებლები, მოსწავლეების გაკვეთილზე არ ყოფნის შემთხვევაში, ჟურნალში არ აფიქსირებდნენ ,,არა“-ს, რითაც ხდებოდა ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა;

19. -პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია არ იყო აკინძული (შეკერილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

20. -სატენდერო კომისია გაცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს, როდესაც ორჯერ იმსჯელა შპს ,,P...G...“-სთან №22 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; რიგ შემთხვევებში სკოლის მიერ, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ხდებოდა რამდენიმე ერთგვაროვანი ობიექტის შეძენა, სადაც არ იყო გამიჯნული ცალკეული CPV კოდების შესაბამისად შესაძენი საქონლის/მომსახურების ღირებულება და რაოდენობა, რის გამოც, ვერ ხდებოდა მისი იდენტიფიცირება; სკოლის მიერ ერთ-ერთ კომპანისათან გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავდა გამარტივებული შესყიდვების სამართლებრივ საფუძველს - კანონის შესაბამის ნორმას, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები;

21. -სკოლასა და დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავდა მოქმედების კონკრეტულ ვადას, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები;

22. -სკოლის მიერ, 2016 წლის ,,საინვენტარიზაციო აღწერილობების №1 აქტი“ და ,,საცნობარო მუხლის აქტი“ არ იყო შედგენილი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2016 წლის ინვენტარიზაციის დროს საინვენტარიზაციო აღწერილობების №1 აქტში ,,ძირითადი აქტივები“ და ,,მანქანა-დანადგარები და ინვენტარი“ არ იყო შეტანილი ინდივიდუალურად, სრული დასახელებით და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლებით.

23. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იყო თუ არა დაცული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. გონივრული საფუძვლის პრინციპს საერთაშორისო სამართალში უწოდებენ – Ultima Ratio-ს. გერმანულ სამართალში იგი განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რადგან მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს და სერიოზულ დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

25. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა.

26. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს. ამასთან, გათავისუფლების შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის ბრალის ფორმას, რადგან ხშირად სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს სამართლებრივ შედეგზე გავლენას.შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი მოითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას – არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს, არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

27. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, წინა ინსპექტირების დროს გამოვლენილი ზოგიერთი დარღვევა კვლავ გამოვლინდა, თუმცა, დირექტორის მხრიდან დარღვევების აღმოსაფხვრელად უმოქმედობის ფაქტები არ დადასტურდა. მოსარჩელემ, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, ხარვეზის გამოსასწორებლად განახორციელა სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ:

28. -ჟურნალის წარმოების წესის დარღვევების აღმოფხვრასთან მიმართებაში მასწავლებლებს ჩამოერთვათ გაფრთხილების ხელწერილები;

29. -სკოლის დირექტორის მოადგილეს დაევალა მასწავლებლების მიერ, საკლასო ჟურნალების წარმოებაზე მონიტორინგი და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მიეცა წერილობითი გაფრთხილება;

30. -მასწავლებლების მოქმედებების შეფასების საკითხი განსახილველად გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს.

31. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აპელანტს არ მიუთითებია რაიმე სხვა უფრო ეფექტური და გონივრული ღონისძიების გატარებაზე, რაც იქნებოდა მიმართული გამოვლენილი დარღვევევის გამოსასწორებლად და რაც დირექტორის მიერ განხორციელებული არ ყოფილა.

32. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დამსაქმებლის მოტივაცია საპირფარეშოებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების პერიოდთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სარემონტო სამუშაოების ჩატარება არ წარმოადგენს გონივრულ გადაწყვეტილებას, რადგან აღნიშნული გამოიწვევდა სასწავლო პროცესის შეფერხებას.

33. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსპექტირებისას სკოლას დარღვევად დაუფიქსირდა სწორედ ის, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სკოლის დერეფანში და ეზოში ეწყო სამშენებლო მასალა და ხელსაწყოები. რაც შეეხება განმეორებით სხვა დარღვევებს, სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის, ასევე სასამართლო პრაქტიკით დადგენილი ,,Ultima Ratio” პრინციპის გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დარღვევას აქვს არსებითი ხასიათი. შსაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ერთი და იგივე არაარსებითი დარღვევების არსებობისას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

34. გარდა ამისა, გათავისუფლების მიზნებისათვის, დარღვევის კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობასთან ერთად, საჭიროა მისი ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა, უნდა შეფასდეს რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია აღნიშნულ დარღვევებთან მიმართებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას პრიორიტეტი აქვს მის რღვევასთან შედარებით. ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს.

35. განსახილველ შემთხვევაში, განმეორებითი დარღვევების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, არ წარმოადგენდა ისეთი მძიმე ხარისხის ,,უხეშ“ დარღვევას, რაც გამორიცხავდა უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას და გამართლებული იქნებოდა უკიდურესი ზომის - სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენება.

36. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე დარღვევების გამოსასწორებლად მიმართავდა ქმედით ღონისძიებებს, მის მიმართ გამოყენებული ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება იყო არაგონივრული და არაპროპორციული.

37. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, იგი აღდგენილი იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, მიჩნეული იქნა დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.

38. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა/ სამინისტრომ.

39. საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:

40. კასატორის მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

41. გარდა ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა მინისტრის 2012 წლის 3 მაისის N89/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და რომლის თანახმადაც, ინსპექტირების დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები სავალდებულოა შესასრულებლად (იხ., საკასაციო საჩივარი, რომელიც ძირითადად ეფუძნება იმავე მოსაზრებებსა და პრეტენზიებს, რასაც სამინისტროს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი).

სამოტივაციო ნაწილი:

42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

43. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

44. საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის კანონიერებას. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება მართლზომიერი იყო საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი ნორმატიული რეგულირების საფუძველზე, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ პუნქტი მინისტრს უფლებამოსილს ხდიდა ვადამდე შეეწყვიტა უფლებამოსილება დირექტორისათვის, რადგან ამ უკანასკნელმა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა.

45. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების ობიექტს წარმოადგენს დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მინისტრის ბრძანების კანონიერება, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად უნდა შემოწმდეს.

46. ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება (ტ.7, ს.ფ. 49-53), რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მოცემული დავა განჯადობით განსახილველად დაექვემდებარა სამოქალაქო საქმეთა პალატას იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის ნორმების მითითება არ გულისხმობს დავის ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების წესით განხილვას, რადგან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე, საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს.

47. მაშასადამე, განსახილველი დავის ფარგლებში, წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს იმის თაობაზე, დირექტორის მხრიდან ჩადენილი ქმედება (აუდიტის აქტში მითითებული განმეორებითი დარღვევები) მართლაც წარმოადგენდა თუ არა იმ ხარისხის დარღვევას, რაც შესაძლებელი იყო საფუძვლად დასდებოდა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას შრომის სამართალში აღიარებული თანაზომიერების პრინციპის დაცვით.

48. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, პალატა პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

49. -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 ივლისის N588 ბრძანებით, შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევის გამო, სკოლას მიეცა წერილობით გაფრთხილება.

50. -მინისტროს 2012 წლის 03 მაისის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, მინისტრის 2017 წლის 17 თებერვლის №174 ბრძანებით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარ სპეციალისტებს დაევალათ, სკოლის ინსპექტირება ამავე ბრძანებაზე თანდართული გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად.

51. -სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა 2017 წლის 20 თებერვლიდან-2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, რომლის შედეგად შედგენილ იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის N150317... დასკვნა.

52. -2015 წლის 01 იანვრიდან, 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით ჩატარებული ინსპექტირების პერიოდში (შიდა აუდიტის დეპარტამენტის №250716... დასკვნა) სკოლას არ ჰყავდა დანიშნული დღის დარაჯი, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი საშტატო ერთეული (იხ. დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 74), ხოლო სკოლის დირექტორის 2017 წლის 30 იანვრის №2-24 ბრძანებით, ამავე სკოლაში დღის დარაჯად დაინიშნა მ. ჯვარშეიშვილი (იხ. ბრძანება, ტომი 1, ს.ფ. 231).

53. - სკოლას დარღვევად დაუფიქსირდა ის, რომ „სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სკოლის დერეფანში და ეზოში ეწყო სამშენებლო მასალა და ხელსაწყოები.

54. - სკოლის დირექტორის 2016 წლის 27 დეკემბრის №1/კ-208 ბრძანებით ამავე სკოლის დირექტორის მოადგილეს - ი.ზ-ეს, საკლასო ჟურნალის წარმოების წესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, დისციპლინური სახდელის სახით მიეცა წერილობითი გაფრთხილება (იხ. ბრძანება, ტომი 5, ს.ფ. 92, მოწმეთა ჩვენებები).

55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მოხმობილი ნორმატიული აქტი, როგორიცაა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ პუნქტი მინისტრს უფლებამოსილებას ანიჭებს ვადამდე შეწყვიტოს დირექტორთან ურთიერთობა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობის საფუძვლით, თავისი შინაარსით და ნორმატიული აღწერილობით დისპოზიციური ხასიათისაა. შესაბამისად, ამ უფლებამოსილებით (დისკრეცია) სარგებლობის მიზანშეწონილობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.

56. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და შრომით სამართალში მოქმედი Ultima Ratio - ს პრინციპი საფუძველზე და საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სამუშაოდან დასაქმებულის გათავისუფლების საკმარისი და წონადი საფუძველი არ არსებობდა. სადავო ბრძანებით კი, დამსაქმებლის მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა მოსარჩელის შრომითი უფლება; აღნიშნულის თაობაზეც საკასაციო პალატამ არაერთ დავაში აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს განმარტებები იხ., საქმე Nას-34-34-2018, 28.05.2018; საქმე №ას-499-499-2018, 08 ივნისი, 2018 წელი.

57. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

58. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც მითითებულია წინამდებარე განჩინებაში.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

61. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე