კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1604-2019
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1604-2019 7 ნოემბერი, 2019 წელი.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ო.თ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 15 ნოემბერს ო.თ–მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ი.ბ–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

3. გორის რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ-ის) 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც არ გასაჩივრდება.

7. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე 401-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.თ–ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე