დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
ას-1291-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1291-2018 6 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „გ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან სამინისტრო) მიმართ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის _ 17 796,61 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 3 250,50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 22 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა #422 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. 2014 წლის 12 აგვისტოს მოპასუხემ, მოსარჩელის მიერ ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის პირობის დარღვევის საფუძვლით ცალმხრივად მოშალა იგი და მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა (2014 წლის 19 ივნისიდან ამავე წლის 24 ივნისამდე 224,00 ლარი და 2014 წლის 24 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით _ 2 058 ლარი, ასევე, ერთჯერადად - 1 192,5 ლარი). სამინისტრომ დაიწუნა 21 000 ლარის ღირებულების 15 000 მეტრი კაბელი, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მიწოდებული პროდუქცია შეესაბამებოდა სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. პროდუქციის ჩაბარების დროს აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ესაჭიროებოდა იმავე ფუნქციური დანიშნულების კაბელი, აღჭურვილი არა წვრილი, არამედ _ მსხვილი მავთულით. ამგვარი მოთხოვნა კი, სატენდერო პირობებში მითითებული არ ყოფილა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ხელშეკრულების მესამე პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლისას გამოვლინდა გარე გაყვანილობის კომბინირებული კაბელის შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. ვინაიდან მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მოპასუხემ მის მიღებაზე განაცხადა უარი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 525,72 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 3 250,50 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მის ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 22 მაისს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #422 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, სამინისტროსთვის მიეწოდებინა 15 000 მეტრი გარე გაყვანილობის კომბინირებული კაბელი (CAT5E FTP 24AWG+2x0.75mm2 steek wire). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 21 000 ლარს: მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღე;

1.2.2. გამყიდველმა ნასყიდობის საგანი მყიდველს მიაწოდა 2014 წლის 24 ივნისს, თუმცა სამინისტრომ მიწოდებული კაბელის ჩაბარებაზე უარი განაცხადა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შეუსაბამობის გამო;

1.2.3. 2014 წლის 12 აგვისტოს წერილით მყიდველმა მოსარჩელეს აცნობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოშლისა და პირგასამტეხლოს _ 3 474.50 ლარის დარიცხვის თაობაზე;

1.2.4. ნასყიდობის საგანი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნივთობრივი ნაკლის დადასტურება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო. შესაგებელში მოპასუხე აპელირებდა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული არ ყოფილა კონკრეტულად იმ მახასიათებლების მქონე ქსელური კაბელი, რომელიც მოთხოვნილი იქნა სამინისტროს მიერ, კერძოდ, წარდგენილი ნიმუშის შემოწმებით გაირკვა, რომ გამყიდველის მიერ შეთავაზებული კაბელის ნიმუში წარმოადგენდა კუსტარული წესით დამზადებული კომბინირებულ კაბელს, რომელიც მოუხერხებელია სამუშაოდ და პლასტმასის ხამუთები, რომლის საშუალებითაც ტროსი არის დამაგრებული, მზის ქვეშ ხუნდება და ადვილად წყდება, ამდენად, მიწოდებული კაბელი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულების მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 12 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი „ADP-ს“ წარმოების კომპიუტერული ქსელის კაბელი „ADP Outdoor FTP CAT5E FTP 24AWG+2 x 0,75mm2 steek wire-ის“ ტექნიკური პარამეტრები შეესაბამება „CAT5E FTP 24AWG+2 x 0,75mm2 steek wire-ის“ კაბელის ტექნიკურ პარამეტრებს, გარდა ამისა, შესაბამისობის შესახებ დასკვნით დასტურდება, რომ სამინისტროს სატენდერო კომისიამ მოიწონა მოსარჩელის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო წინადადება, სადაც მითითებული და ფოტოსურათებით ილუსტრირებული იყო მისაწოდებელი გარე გაყვანილობის „ADP-ს“ წარმოების კომპიუტერული ქსელის კაბელი;

1.2.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის მოსარჩელეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა;

1.2.6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ გაიღო ხარჯები: პროდუქციის ღირებულება _ 4 113,81 ლარი; ტრანსპორტირების ღირებულება _ 5 526,63 ლარი; დღგ _ 1 735,28 ლარი; გადასახდელი მოგების გადასახადი _ 3 150 ლარი;

1.2.7. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი არ არსებობდა;

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე რეალურად ნასყიდობის საზღაურის დაკისრებასა და უსაფუძვლოდ გადახდილი პირგასამტეხლოს დაბრუნებას მოითხოვს, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო კოსდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტია. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც კონსესუალური გარიგებაა და დადებულად მიიჩნევა არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმების მომენტიდან, შესაბამისად, მხარეებს წარმოეშვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობა. მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს ნასყიდობის საგანი, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა მის მიღებასა და თანხის ანაზღაურებაზე, რაც ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ასეთ პირობებში ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი სწორედ მყიდველს ეკისრებოდა (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელმაც ვერ დაადასტურა სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის წინაპირობების არსებობა, რაც, თავის მხრივ, გაუმართლებელს ხდის შემძენის მხრიდან მეორადი მოთხოვნების, მათ შორის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას (სკ-ის 490-ე და შემდგომი ნორმები). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გამყიდველის მხრიდან დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მყიდველს წარმოეშობა საპასუხო მოვალეობა _ მიიღოს საქონელი და გადაიხადოს თანხა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ხელშეკრულებიდან და თავად სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მისი გადახდის წინაპირობა მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევაა. მოცემულ შემთხვევაში, საქონლის მიწოდების ვადაგადაცილება და ამ დროის განმავლობაში პირგასამტეხლოს ნაწილის დაკისრების კანონიერება მხარეთა შორის სადავო არაა, რაც შეეხება ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო დაკისრებულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ნასყიდობის საგანი უნაკლო იყო, გამყიდველს არ წარმოშობია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ვალდებულების გარეშე გადახდილი კი, კონდიქციის წესებიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ექვემდებარება ვითომ კრედიტორისაგან დაბრუნებას. საკასაციო პალატა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა და იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეს ნივთის მიღების დავალდებულება არ ჰქონია მოთხოვნილი, მოპსუხეს არ დაუკარგავს უფლება, მოითხოვოს ნასყიდობის საგნის მფლობელობაში გადაცემა (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ №ას-1076-996-2017, 19 აპრილი, 2019 წელი). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნასყიდობის საზღაურის დაკისრების, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი