შუამდგომლობა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-5294-შ-158-2019 29 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ივანოვოს ოლქის კინეშმას საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – პირთა ნათესაური კავშირის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის ივანოვოს ოლქის კინეშმას საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ა. ძე ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ვ. ა. ძე ა-ი, დაბადებული 19... წლის ... ნოემბერს, აჭარის ასსრ ქ. ქობულეთში, არის ა. ხ. ძე ა-ის, დაბადებული 19... წლის .. ნოემბერს და ე. გ. ასული ა-ის, დაბადებული 19... წლის ... მაისს, ვაჟი.
2. 2019 წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. ა-ის წარმომადგენელმა ლ. ძ-მა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ივანოვოს ოლქის კინეშმას საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მამკვიდრებლის, დედა - ე. გ. ასული ა-ის სამკვიდროს მიღება; სამკვიდროს მიღებისას წარმოიშვა პრობლება, რადგან დაბადების მოწმობაში ვ. ა-ის სახელად მითითებულია „ვ.“, ხოლო დანარჩენ სხვა პირად დოკუმენტებში - „ვ.“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.
5. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
6. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანაზე უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.
7. ამდენად, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციისა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი.
12. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ვლადიმირ ასლანიანის მოთხოვნა ექვემდებარება არა სასამართლოს, არამედ - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განხილვას, რის გამოც არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების წინაპირობები. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს აღნიშნული დასკვნა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკასთან (იხ. სუსგ №ა-4513-შ-141-2019, 2019 წლის 15 ოქტომბერი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 372-ე, 284-ე, 187-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა-ს უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციის ივანოვოს ოლქის კინეშმას საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები;
3. ვ. ა-ს (რფ მოქალაქის პასპორტი 65№5892...) დაუბრუნდეს შ. გ-ის (პ/ნ 3500100...) მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს N8700250850 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. განემარტოს ვ. ა-ს, რომ სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური