უზრუნველყოფა
გადაწყვეტილების ტექსტი
№ ას-1466-2019 25 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ი.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“
მოპასუხეები – მ.ბ–ძე, რ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ნ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „კ.ბ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ძის (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“), რ.ბ–ძის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“), თ.ბ–ძის (შემდგომში − „მესამე მოპასუხე“), თ.ბ–ძის (შემდგომში − „მეოთხე მოპასუხე“), ნ.ბ–ძისა (შემდგომში − „მეხუთე მოპასუხე“) და ი.ნ–ძის (შემდგომში − „მეექვსე მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. პირველმა მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა. მეექვსე მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების – საცხოვრებელი ბინის (65.07 კვ.მ.), მდებარე: ქ. ბათუმი, ......, ბინა №27ა, მიწის (უძრავის ქონების) საკადასტრო კოდი: ....., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 22292.624 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 16275.59 აშშ დოლარი, სარგებელი – 5226.98 აშშ დოლარი, ჯარიმა – 0.27%, 27.20 აშშ დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის ოდენობით შეადგენს 28.43 აშშ დოლარს; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 1 689.31 ლარის ოდენობით (1639.31 ლარი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის); დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის 1 802.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლის საერთო ფართით 255.80 კვ. მ., მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ...., მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: ....., იძულებითი რეალიზაცია აუქციონის გზით; განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები არასაკმარისი იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ვალდებულება არ ჩაითვალოს სრულად შესრულებულად და დარჩენილი დავალიანების გადახდევინებისათვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები განხორცილედეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებ(ებ)იდან; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ გაწეული ხარჯის 32.00 ლარის გადახდა, საიდანაც 11 ლარი არის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი ხარჯი, ხოლო 21 ლარი კი არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით გადახდილი საჯარო რეესტრის მოსაკრებელი; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 667.99 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი – 495.42 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა – 94.14 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 335.63 ლარი; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის 110.04 ლარის გადახდა.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეების წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
7. 2019 წლის 26 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოითხოვა მეექვსე მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – საცხოვრებელი ბინის (68.75 კვ.მ.), მდებარე: ქ. ბათუმი, ....., ბინა №27, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მეექვსე მოპასუხეს აეკრძალა ქ. ბათუმში, ..... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ......), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებაზე მეექვსე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.
10. საჩივრის ავტორმა მიუთითა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებაზე და განმარტა, რომ განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს დაუმალა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თავდები პირის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების მიმართ უკვე გამოყენებული დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს შეცდომაში შეყვანით გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოტანილი იქნა განჩინება თავდები პირის (მეექვსე მოპასუხე) მიმართ საკუთრებაში რიცხული სხვა, მეორე, იმავე მისამართზე მდებარე №27 ბინის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.
11. საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ..... მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 21 000 აშშ დოლარს (რეალურად გაცილებით მეტია მისი ღირებულება), ლიკვიდური კი – 16 000 აშშ დოლარს. მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხა შეადგენს 22292.624 აშშ დოლარსა და 1689.31 ლარს. სხვაობა იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულებასა და დაკისრებულ თანხებს შორის საბაზრო ღირებულების შემთხვევაში არის 22292.624-21000=1292.624 აშშ დოლარი და 1689.31 ლარი, ხოლო ლიკვიდური ღირებულების შემთხვევაში კი – 22292.624-16000=6292.624 აშშ დოლარი და 1689.31 ლარი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ფასია 50 000 აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 8-ჯერ აღემატება მოპასუხეებისთვის დაკისრებულ თანხას. შესაბამისად, არ არსებობდა კიდევ ერთი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მეექვსე მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინება. საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივრის დაკმაყოფილებისთვის უნდა დადასტურებულიყო, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების ღირებულება არსებითად აღემატებოდა სარჩელის ფასს.
14. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე, 191-ე მუხლებით, ასევე მიუთითა იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მე-3 მუხლის პირველ (პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს) და მეორე (თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს, სადაც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს) პუნქტებზე.
15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მეექვსე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ...... მდებარე №27ა ბინის (65.07 კვ.მ. ფართი) საბაზრო ფასი იყო 50 000 აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 8-ჯერ აღემატებოდა მოპასუხეებისთვის დაკისრებულ თანხას, ვინაიდან საჩივრის ავტორს არ წარუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონება – მდებარე, ქ. ბათუმში, ....., ბინა №27-ში, საკადასტრო კოდი: ....., დატვირთული იყო იპოთეკით, ხოლო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს განესაზღვრა ამ ქონების რეალიზაციის სავარაუდო შედეგები იპოთეკარების მიზნებისათვის მისი იძულებითი რეალიზაციის შემთხვევაში.
16. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, უკვე გამოყენებული ქონებიდან თუნდაც ნაწილზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში შესაძლებელი იყო ვერ აღსრულებულიყო გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ უზრუნველყოფის საგნის ღირებულება არსებითად აღემატებოდა სარჩელის ფასს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
24. დადგენილია, რომ მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მეექვსე მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეები ცდილობენ თავი აარიდონ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მათთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ამ მიზნით მეექვსე მოპასუხემ, რომლისთვისაც თავიდანვე ნათელი იყო ის გარემოება, რომ ძირითადი მოვალის (პირველი მოპასუხის) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება არ იქნებოდა საკმარისი მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების სრულად შესრულებისთვის, 2019 წლის 25 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის, მდებარე: ქ. ბათუმი, ......, ბინა №27, ს/კ: ......, მეუღლეზე მ.ჩ–ზე გაჩუქების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა 2019 წლის 25 ივნისის განცხადება და განცხადების მიღების ბარათი, რომელთა თანახმად, 2019 წლის 25 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა მ.ჩ–მ და მოითხოვა ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ......., ბინა №27, ს/კ: ...... (იხ. ტ.1. ს.ფ. 209-211).
25. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
26. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის შედავებას, რომ არ არსებობდა კიდევ ერთი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რადგან დადგენილი იყო, რომ ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...... მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 21 000 აშშ დოლარს, ლიკვიდური კი – 16 000 აშშ დოლარს. ამასთან, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ფასი იყო 50 000 აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 8-ჯერ აღემატებოდა მოპასუხეებისთვის დაკისრებულ თანხას.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების ღირებულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს.
28. რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას (მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ...., მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: .....), მისი საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 21000 აშშ დოლარით, ლიკვიდური კი - 16000 აშშ დოლარით (იხ. საშემფასებლო კომპანიის დასკვნა, ტ.1. ს.ფ. 212), რაც ნაკლებია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებისთვის დაკისრებულ თანხაზე.
29. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული მეექვსე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ......, ბინა №27 (საკადასტრო კოდი: ......), ორჯერ არის დატვირთული იპოთეკით (იხ. ტ.1. ს.ფ. 226-227), რაც ამცირებს აღნიშნული ქონების ღირებულებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა მოპასუხეებისთვის დაკისრებულ თანხასთან გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების ღირებულების შეუსაბამობა.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებლად ხელყოფდა მის უფლებებს, მხარეს შეეძლო, მის ნაცვლად, სასამართლოსთვის შეეთავაზებინა სხვა საშუალება და მოეთხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მისთვის მისაღები უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომელიც, ერთი მხრივ, მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ ბერკეტებს შეუქმნიდა, მაგალითად, უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება, თანხის დეპოზიტზე განთავსება და ა.შ.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება ამგვარი ღონისძიების გამოყენების გარეშე. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ნ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე