უზრუნველყოფა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1760-2019 16 დეკემბერი, 2019 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - გ.ი–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - კომპანია „ მ.ო.ლ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანია „ მ.ო.ლ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი გ.ი–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება.
2018 წლის 16 აპრილს მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ..... მდებარე, ოფისი N6, სართული N3, 329 კვ.მ (ს.კ. .....), გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა; მოპასუხეს ასევე აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი 3038 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 გაშენების ფართი 94,27 კვ.მ, სართულიანობა 2; N2 გაშენების ფართი 43,98 კვ.მ სართულიანობა 1; N3 გაშენების ფართი 6.30 კვ.მ სართულიანობა 1, (ს.კ......) ½ წილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა; მოპასუხეს ასევე აეკრძალა შპს „კ.წ–ში“ მის საკუთრებაში არსებული 2%-იანი წილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა; მოპასუხეს ასევე აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის, TOYOTA LANDCRUIZER LC200, სახელმწიფო ნომრით....., გამოშვების წელი 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი: ....., შავი ფერის, გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა; ასევე ყადაღა დაედო მოპასუხის 50%-იან წილს შპს ,,G I ...."-„ჯ.ი–ში“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მოცემულ საქმეზე 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინება გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული
განჩინების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20
ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება საპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2019 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს აპელანტის წარმომადგენლებმა ე.ს–ძემ და მ.ს–ამ, რომლებმაც მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება, კერძოდ, აპელანტის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის მიზნით, მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოს დეპოზიტზე 3 800 000 (სამი მილიონ რვაასი ათასი) ლარის შეტანის დავალდებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლების განცხადება არ დაკმაყოფილდა და ამავე განჩინებით განიმარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოტივად მიუთითა ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენლებმა განსაზღვრულ ეტაპზე ვერ დაასაბუთეს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა, რის გამოც მათი განცხადების დაკმაყოფილების საფუძელი არ არსებობდა.
2019 წლის 6 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, შემოვიდა აპელანტის წარმომადგენლების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და განცხადების, ხელახალი განხილვის მიზნით, სააპელაცო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება) განჩინების კვლავ გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით კი დადგენილია შემდეგი:
მას შემდეგ, რაც მოსარჩელის სარჩელი და მისი მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზურნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხემ საქმის მსვლელობის ყოველ ეტაპზე გაასაჩივრა აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მიღებული განჩინებები მისი გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ყოველ ჯერზე ძალაში დარჩა აღნიშნული უზრუნველუყოფის ღონისძიება. ამის შემდეგ, აპელანტის წარმომადგენლებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართეს შუამდგომლობით და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების სახით მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოს დეპოზიტზე 3 800 000 ლარის შეტანის დავალდებულება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საჩივრის ფარგლებში მიღებული განჩინების კვლავ გასაჩივრების შესაძლებლობის მხარისათვის მინიჭება არ შეიძლებოდა, რადგან ამგვარ შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში სახელმძღვანელო ნორმას წარმოადგენს სსსკ-ის 199-ე მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ ზემოაღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს უზრუნველყოფის ამ კონკრეტული სახის ღონისძიებაზე მიღებული განჩინების გასაჩივრებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 191-1991 მუხლებით გათვალისწინებულია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება, თუმცა კოდექსის ეს მუხლები არ ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე მიღებული განჩინების გასაჩივრებას.
რადგანაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, მის კანონიერებას დამატებით ზემდგომი ინსტანცია ვეღარ შეამოწმებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, ვინაიდან აპელანტმა საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ იძლევა, მისი საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ი–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა