დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 13.03.2020
საქმის ნომერი
ას-107-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-107-2019 13 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – შ.ჩ–ი, დ.ბ–ი, ნ.ჩ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარგებლის განსაზღვრის ნაწილში შეცვლა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „პ.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ჩ–ის, დ.ბ–ისა და ნ.ჩ–ის (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, აპელანტები, კასატორები ან მოვალეები. პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, მეორე მოპასუხეები ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე, ხოლო, მესამე მოპასუხე _ როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრე) მიმართ და მოითხოვა პირველი და მეორე მოპასუხისათვის 97 895,05 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 56 675,09 აშშ დოლარი, სარგებელი - 40 372,68 აშშ დოლარი, ჯარიმა 90 დღეზე - 847,28 აშშ დოლარი), დავალიანების გადახდევინების მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქ.გორში, ....... ქ#10-ში (ს/კ #......) და ქ.გორი, ....... #16/31-ში (ს/კ №.......) მდებარე უძრავი ქონებების რეალიზაცია, ამასთანავე, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი ვალდებულების შესრულებისათვის, ზღვევინების მიქცევა სამივე მოპასუხის სხვა ქონებაზე.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება 150 000 აშშ დოლარზე, 360 თვით, წლიური სარგებელი არაუმეტეს 36%-ისა. 2013 წლის 4 ოქტომბერს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილება, რომლითაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ვალდებულების უზრუნველყოფა. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2012 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა მისი შემადგენელი #14,7541 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 121 თვის ვადით გაიცა კრედიტი 80 000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის წლიური სარგებელი განისაზღვრა 14%-ით. 2014 წლის 4 მარტს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ გადახდის გრაფიკში. გენერალური ხელშეკრულებისა და მის შესაბამისად გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ #380000639-041 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კონტრაჰენტი კისრულობდა სოლიდარულ პასუხისმგებლობას მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობაზე და გამოთქვამდა მზაობას, გამსესხებლისათვის გადაეხადა თანხა გენერალური, ასევე, მისი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით. 2014 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა #670088157-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ქ.გორში, ....... ქ#10-ში მდებარე, ამჟამად თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 2013 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე კი, იპოთეკით დაიტვირთა ქ.გორში, ....... #16/31-ში მდებარე, მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთი. მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ასრულებენ მას.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. მოპასუხეთა განმარტებით, მათ ნამდვილად ჰქონდათ დავალიანება ბანკის წინაშე და თანახმა იყვნენ გადაეხადათ ძირი თანხა - 56 675,09 აშშ დოლარი, რაც შეეხება სარგებელს, ისინი არ ცნობდნენ სარგებელს, როგორც მიუღებელი შემოსავლის, ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე გადახდას, შესაბამისად, არ ეთახმებოდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებასაც. მოპასუხეთა განმარტებით, ვინაიდან იპოთეკით დატვირთული იყო ორი უძრავი ქონება, მხოლოდ ამ ქონებაზე უნდა გავრცელებულიყო ვალდებულების აღსრულება, ხოლო მათ საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 97 895,05 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 56 675,09 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე პროცენტი (სარგებელი) - 40 372,68 აშშ დოლარი და ჯარიმა 90 დღეზე - 847,28 აშშ დოლარი. დადგინდა, რომ დავალიანების გადახდევინება განხორციელდებოდა იპოთეკით დატვირთული მეორე და მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებით, ხოლო, თუ ეს ქონება არ აღმოჩნდებოდა საკმარისი, ზღვევინება მიექცეოდა სამივე მოპასუხის სხვა ქონებაზეც.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მიუღებელი შემოსავლის სახით 35 372,68 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მისი შეცვლა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარგებლის _ 40 372,68 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პირველ და მეორე მოპასუხისათვის სესხის სარგებლის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ და მეორე მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრათ 56 675,09 აშშ დოლარის წლიური 14%-ის გადახდა 2014 წლის 28 მარტიდან ძირი თანხის (56 6753,09 აშშ დოლარის) გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს 2022 წლის 29 აგვისტოსი.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს სარგებლის განსაზღვრის ნაწილში მისი შეცვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკი მსესხებელზე გასცემდა სასყიდლიან საბანკო პროდუქტებს საკრედიტო ლიმიტის 150 000 აშშ დოლარის ფარგლებში, მოქმედების ვადა - 360 თვე, მაქსიმალური წლიური განაკვეთი _ არაუმეტეს 36%. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობები ვრცელდებოდა მის ფარგლებში დადებულ ყველა შემადგენელ და უზრუნველყოფის ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების პირობები ძალაში იყო ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო პროდუქციით მომსახურების ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედებისას. მსესხებელზე გაცემულ კრედიტებზე სრულად ვრცელდებოდა ამ ხელშკრულებით დადგენილი პირობები და უზრუნველყოფა;

1.2.2. 2012 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და შეადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გაცემული კრედიტის მოცულობად განისაზღვრა 80 000 აშშ დოლარი, გადახდის ვადა იყო 121 თვე, წლიური სარგებელი - 14%. ხელშკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-2%-ის ოდენობით. ხელშეკრულებას დაერთო კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომელიც წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს;

1.2.3. კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 28 სექტემბერს, ბოლო კი - 2022 წლის 29 აგვისტოს;

1.2.4. 2012 წლის 16 აგვისტოს მეორე მოპასუხესთან გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა, როგორც სოლიდარულმა მოვალემ, იკისრა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით თავდებობა. სოლიდარული ვალდებულება გაგრძელდებოდა გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით;

1.2.5. 2012 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელესა და ო.გ–ძესა და ი.გ–ძეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.გორში, ....... ქ#10-ში მდებარე უძრავი ქონება;

1.2.6. 2013 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ.გორში, ....... #16-ში მდებარე უძრავი ქონება;

1.2.7. 2013 წლის 4 ოქტომბერს მსესხებელს ანგარიშზე შეტანილი აქვს 20 000 აშშ დოლარი, ხოლო, 2014 წლის 4 მარტს მ.კ–ძეს მსესხებლის ანგარიშზე შეტანილი აქვს 12 000 აშშ დოლარი;

1.2.8. 2014 წლის 4 მარტს პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს წარუდგინა საკრედიტო განაცხადი სესხის ვადამდე ნაწილობრივ დაფარვაზე, რომლის თანახმადაც მსესხებელი მოითხოვდა შეემცირებინათ შენატანი ვადის ცვლილების გარეშე, ამისათვის კი ანგარიშზე არსებული თანხა - 5 878 აშშ დოლარი მიემართათ კაპიტალის დასაფარად;

1.2.9. 2012 წლის 16 აგვისტოს გაცემული სესხი ვადაგადაცილებაშია 2014 წლის 28 მარტიდან.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 623-ე, 625-ე, 895-ე, 286-ე, 301.11, 394-ე, მე-400, 403-ე, 404-ე, 411-ე და 412-ე მუხლები წარმოადგენს. მოხმობილი ნორმებისა და დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა განხორციელებადია. საგულისხმოა, რომ საკასაციო საჩივრით შედავებულია მხოლოდ ზიანის ოდენობა, კერძოდ, კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას პალატამ გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში. ამ მხრივ პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას თუკი კრედიტორი დაასაბუთებს, რომ იგი ამ ოდენობით ანაზღაურებას მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო. განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მოდავე სუბიექტები და ვალდებულების წარმოშობის საფუძველი: საბანკო დაწესებულება მოითხოვს მსესხებლისა და სოლიდარული თავდებისათვის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრებას. იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გვაროვნული ნივთი _ ფული, ხოლო კრედიტორის სამეწარმეო საქმიანობა სასყიდლიანი კრედიტის გაცემაა, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის წინაპირობების არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმ კუთხითაც, რომ ბანკი შემოსავალს ხელშეკრულების ფარგლებში მიიღებდა მსესხებელს დროულად რომ დაებრუნებინა თანხა, ამდენად, ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა ძირი თანხის გადახდამდე, მაგრამ არა უმეტეს 2020 წლის 29 აგვისტოსი საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, როგორც მიუღებელი შემოსავლის კომპენსირებისა, დასაბუთებულია. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, კასატორებს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის _ 1 190,17 აშშ დოლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება დასრულდა, პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) და კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აკისრებს გადავადებული ბაჟის 30%-ის _ 357,05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ჩ–ის, დ.ბ–ისა და ნ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: შ.ჩ–ს (პ/#......), დ.ბ–სა (პ/# .....) და ნ.ჩ–ს (პ/# ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.02.2019წ. განჩინებით გადავადებული ბაჟის, 1 190,17 აშშ დოლარის 30%-ის _ 357,05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე