შუამდგომლობა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-3136-შ-65-2020
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3136-შ-65-2020

11 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.კ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ი

განხილვის საგანი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ინგოლშტადტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის NAZ: 001 F 152/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – ქორწინების შეწყევტა

აღწერილობითი ნაწილი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ინგოლშტადტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის N AZ: 001 F 152/18 გადაწყვეტილებით შეწყდა 1991 წლის 15 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის მმაჩის დაწესებულებაში შემდგარი ქორწინება ნ.კ–ასა და ა.კ–ს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 24 აპრილიდან.

2020 წლის 31 აგვისტოს ნ.კ–ას წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ინგოლშტადტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის NAZ: 001 F 152/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ–ას უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვეობა, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით მოწესრიგებულია კანონიერ ძალაში შესული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო ამავე კანონის 70-ე და 71-ე მუხლებით რეგულირდება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს იძულებით აღსასრულებელ ჩანაწერს არ შეიცავს (გადაწყვეტილება შეეხება ქორწინების შეწყვეტას) და საკასაციო სასამართლოსთვის გაურკვეველია გადაწყვეტილების რა ნაწილი უნდა დაექვემდებაროს იძულებით აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა ზემოხსენებული გადაწყვეტილება აღსრულებაუნარიანი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ.კ–ას შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ინგოლშტადტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის N AZ: 001 F 152/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე არ უნდა იქნეს მიღებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ნ.კ–ას უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე