კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-564-2020
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-564-2020 8 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ბ“-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში − „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

3. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 4 მარტს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელს, გ.გ–ეს სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 4 მარტს 14:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ ეცნობა 2020 წლის 18 თებერვალს, სასამართლო შეტყობინების შესახებ სატელეფონო აქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო პალატის მითითებით, უწყების მხარისათვის ჩაბარებისას, მან დაადასტურა, რომ კვლავ იცავდა აპელანტის ინტერესებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და სხდომაზე წარადგენდა ვადიან რწმუნებულებას.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არსებულ რწმუნებულებაში აღნიშნულია, რომ გ.გ–ე არის აპელანტის საორგანიზაციო სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (იურისტკონსულტანტი). ამასთან, სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო თავად გ.გ–ეს მიერ და საქმის წარმოების ყველა ეტაპზე იყო ჩართული, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლოსთვის არც გ.გ–ეს და არც მოპასუხეს არ უცნობებიათ, რომ აპელანტს სხდომაზე წარადგენდა სხვა პირი. ამავე დროს, სასამართლოსთვის არც მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი იყო ცნობილი.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან, არ არსებობდა სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რის გამოც არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

12. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გ.გ–ეს მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული. შესაბამისად, სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტი (არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული არ ყოფილა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

17. გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 4 მარტს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

21. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის სწორედ პროცესზე სათანადო წესით მიუწვევლობის საფუძვლით.

22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს საქმის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 4 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ 2020 წლის 18 თებერვალს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა გ.გ–ეს (იხ. ტ.2., ს.ფ. 33), რა დროსაც ამ უკანასკნელის სახელზე აპელანტის მიერ გაცემული რწმუნებულების ვადა გასული იყო. რწმუნებულების მიხედვით, გ.გ–ეს აპელანტის წარმომადგენლობის უფლება 2020 წლის 15 იანვრამდე ჰქონდა (იხ. ტ.1., ს.ფ. 289). შესაბამისად, 2020 წლის 18 თებერვალს მისთვის სასამართლოს სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აპელანტისათვის უწყების სათანადო წესით ჩაბარებად ვერ მიიჩნევა.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

24. ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს სხდომის დანიშვნის შესახებ ეცნობა არაუფლებამოსილ პირს, აპელანტის ყოფილ წარმომადგენელს, აპელანტი სასამართლო სხდომაზე საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების) შესაბამისად მიწვეული არ ყოფილა. ამიტომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო ემსჯელა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უზრუნველყო მის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურება. შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმის განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე