საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-283-2020
4 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები: ლ.ჭ–ი, ლ.ე–ა, ხ.ფ–ა, ო.შ–ა, ნ.თ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე შპს ,, C.’’
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი ნასყიდობის ფასის შემცირება, შემცირებული თანხის დაბრუნება და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ.ჭ–მა, ლ.ე–ამ, ხ.ფ–ამ, ო.შ–ამ და ნ.თ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,, C.’’-ს მიმართ ნასყიდობის ფასის შემცირების, შემცირებული თანხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცველად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ჭ–მა, ლ.ე–ამ, ხ.ფ–ამ, ო.შ–ამ და ნ.თ–ძემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ნ.თ–ძის მიერ გაცემული განახლებული მინდობილობა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
2020 წლის 23 ივნისს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 22 ივნისი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების წარმომადგენელმა და ნ.თ–ძემ წარმოადგინეს განცხადება და იშუამდგომლეს ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ლ.ჭ–ს, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძეს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას და ო.შ–ას ნაწილში დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის საკასაცი საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე ნ.თ–ძის ნაწილში დარჩა განუხილველად.
2020 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხ.ფ–ამ წარმოადგინა განცხადება და განმარტა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღარ აპირებს დავის გაგრძელებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ ხ.ფ–ას განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ აღნიშნული განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს შუამდგომლობას საკასაციო საჩივარზე უარის თქმას თაობაზე და ხ.ფ–ას ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ზემოხსენებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხ.ფ–ას აღარ სურს დავის გაგრძელება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოდილდეს ხ.ფ–ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და სსსკ-ის 272-ე მუხლისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ასა და ნ.თ–ძის საკასაციო საჩივარზე ხ.ფ–ას ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ხათუნას ფილიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის საკასაცი საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე, ხ.ფ–ას ნაწილში.
3. განემარტოს მხარეს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით
4..საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე