საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-769-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-769-2020 26 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „პ.ბ–მა” (შემდეგში: ბანკი ან მოსარჩელე ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ი.მ ნ.კ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი), გ. კ–ის, ვ. კ–ის, ნ.ფ–ის (შემდეგში: მეორე, მესამე, მეოთხე მოპასუხე ან შემდგომში ერთად წოდებული მოპასუხეები) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 15 319.98 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; დავალიანების დაფარვის მიზნით, მეოთხე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. კასპი, ........, ს/კ ..... (წინა ნომერი .......) (შემდეგში - იპოთეკის საგანი) სარეალიზაციოდ მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის და შემოსავლის გზით.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2011 წლის 24 მარტს, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №FW14.12, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 35%. 2011 წლის 18 მარტს, ბანკს, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N600029320-021, რომლის საფუძველზეც ბანკის მიერ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა მეოთხე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - იპოთეკის საგანი.

3. 2011 წლის 24 მარტს, ბანკს, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები №600029320-041, №600029280-041 და №600029724-041; ხსენებული ხელშეკრულებებით მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა აიღეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელთან ერთად. სოლიდარული ვალდებულების ოდენობა განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით.

4. 2013 წლის 10 მაისს, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო შემადგენელი საკრედტო ხელშეკრულება N14.10474, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 29 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა -36 თვე, პროცენტის მოცულობა -15%.

5. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას. მოსარჩელის განმარტებით, დავალიანების თანხიდან - 15 319.98 აშშ დოლარი, ძირითადი თანხაა 13 917.23 აშშ დოლარი და პროცენტი - 1402.75 აშშ დოლარი.

6. შესაგებლის საფუძვლები: მოპასუხეებმა, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირი თანხიდან 12 255 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, სარჩელს არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 14 764.98 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეოთხე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა პირველი მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი მოპასუხისათვის ნაცვლად 14764.98 აშშ დოლარისა, 13657.24 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

9. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაემყარა შემდეგ მოსაზრებებს: აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სესხის გადახდის ისტორიის მიმდინარეობა, კანონიერად შეაფასა რა მოვალის მიერ ბანკში შეტანილი თანხიდან 1662,87 აშშ დოლარის საურავში გადამისამართებული თანხის განაწილება და ამ თანხას მოაკლო მხოლოდ 555 აშშ დოლარი. შესაბამისად, ბანკის მიერ, მოვალესთან შეთანხმების გარეშე, გადამისამართებული 1107,74 აშშ დოლარის გადახდა უკანონოდ დაეკისრა აპელანტს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 24 მარტს, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №FW14.12, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 35%.

12. 2011 წლის 18 მარტს ბანკსა და პირველ მოპასუხეს, ასევე, მეოთხე მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N600029320-021, რომლის საფუძველზეც ბანკის მიერ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა მეოთხე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - იპოთეკის საგანი.

13. 2011 წლის 24 მარტს ბანკსა და მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები №600029320-041, №600029280-041 და №600029724-041.

14. 2013 წლის 10 მაისს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო შემადგენელი საკრედტო ხელშეკრულება N14.10474, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 29 000 აშშ დოლარით, კრედიტის ვადა -36 თვე, პროცენტის მოცულობა -15%.

15. 2011 წლის 24 მარტის გენერალური ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, კრედიტის დაბრუნებასა და პროცენტების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების განხორციელებისას პირველ რიგში, იფარება ბანკის ყველა საკომისიო, გადახდის ვადის გადაცილების გამო, დაკისრებული პირგასამტეხლო, შემდეგ კრედიტზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს კრედიტის თანხა. აღნიშნული რიგითობა, ბანკის შეხედულებისამებრ, შეიძლება შეიცვალოს.

16. ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება ფული კრედიტის დაბრუნების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

17. ბანკის მიერ 29.11.2017 წელს გაცემული ცნობის თანახმად, პირველი მოპასუხის დავალიანება შეადგენს 15 319.98 აშშ დოლარს, საიდანაც 13 917 23 აშშ დოლარი შეადგენს ძირითად თანხას, ხოლო 1 402.75 აშშ დოლარი პროცენტს. სესხი ვადაგადაცილებაშია 10.02.2015 წლიდან. ამ დროიდან, ვალდებულების შესრულება არ ხდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით, თუმცა, მოპასუხის მიერ სესხის დაფარვა ნებაყოფლობით ხორციელდებოდა 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით.

18. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხიდან 1662.87 აშშ დოლარი მიექცა საურავის თანხის ანგარიშში სესხის ვადაგადაცილებისთვის.

19. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და ითხოვა მოპასუხეთათვის 15 319.98 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 13 917.23 აშშ დოლარი და პროცენტი - 1402.75 აშშ დოლარი.

20. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განმარტება რომ ბანკის მიერ მასთან შეთანხმების გარეშე, საურავში გადამისამართებული 1107.74 აშშ დოლარი დაეკისრა უკანონოდ, ვინაიდან როგორც აღნიშნა სესხის პირობები მსესხებლის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული, ამასთან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის და ასევე შეთანხმებული იქნა ანგარიშსწორების განხორციელებისას დავალიანების დაფარვის რიგითობა.

21. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის - 1107.74 აშშ დოლარის, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის საფუძველი.

22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი არის ხანგრძლივი, სესხის მოვალეს უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 10 მაისს, თუმცა, 2017 წლის 15 მაისიდან ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სესხის ძირ თანხაზე 13 917.23 აშშ დოლარზე, ჯარიმა - 1107.87 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ის დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსიერებლ ფუნქციას.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება 1107.74 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ნაცვლად 14764.98 აშშ დოლარისა, 13657.24 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

25. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სესხის გადახდის ისტორიის მიმდინარეობა, კანონიერად შეაფასა რა მოვალის მიერ ბანკში შეტანილი თანხიდან 1662,87 აშშ დოლარის საურავში გადამისამართებული თანხის განაწილება და ამ თანხას მოაკლო მხოლოდ 555 აშშ დოლარი. შესაბამისად, ბანკის მიერ, მოვალესთან შეთანხმების გარეშე, გადამისამართებული 1107,74 აშშ დოლარის გადახდა უკანონოდ დაეკისრა კასატორს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად

27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის იდენტურ საფუძვლებს ემყარება (იხ., ამ განჩინების პპ: 9, 25), რომლებზედაც ამომწურავად აქვს ნამსჯელი სააპელაციო სასამართლოს.

29. საქმის მასალებით დადგენილია და კასატორს განსახილველ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების პპ:11-16-ში და სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სავალდებულო ძალა აქვთ.

30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

31. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურება, რომ 1107.74 აშშ დოლარზე, ბანკს არ წარმოეშობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება, აპელანტის (კასატორი) ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის წინაშე პირველი მოპასუხის ვალდებულება განისაზღვრა ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა.

32. დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხიდან 1662.87 აშშ დოლარი მიექცა საურავის თანხის ანგარიშში სესხის ვადაგადაცილებისთვის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის, ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და სესხის ძირითადი თანხის მოცულობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პირგასამტეხლოს, როგორც „შეუსაბამოდ მაღალი“ განაკვეთის შემცირების აუცილებლობა არ არსებობს (მრავალთა შორის იხ., სუსგ-ები №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი, №ას-1220-1480-09. 25.05.2010). შესაბამისად, კასატორმა ვერ დაადასტურა ბანკში, მის მიერ შეტანილი თანხის არასწორი განაწილება (საურავში გადამისამართების არამართლზომიერება) და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის, დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ.კ–ს (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. კ–ის მიერ (წარდგენის თარიღი: 12.09.2020; მიღების თარიღი: 14.09.2020) №9831127098 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი