შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-592-შ-16-2020
4 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ–ი
განხილვის საგანი – ნიდერლანდების როტერდამის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების ნომერი #C/10/576540/FA RK 19-5342, #C/10/582028/JE RK 19-2861) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მასზე სამეურვეო ზედამხედველობისა და ოჯახიდან გამოსახლების შესახებ ორდერის მოქმედების გაგრძელება
აღწერილობითი ნაწილი:
1.ნიდერლანდების როტერდამის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე – ზ.გ–ის, ე.კ–ისა და სერტიფიცირებული დაწესებულების - „როტერდამი-რეინმონდის მოზარდთა დაცვის“ მონაწილებით, არასრულწლოვანი გ.გ–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დავის განხილვა გადაიდო 2020 წლის 1 მარტამდე. სანამ არ გაირკვევა დიაგნოსტიკის სერვისცენტრში დაგეგმილი გამოკვლევის შედეგი, 2020 წლის 12 ნოემბრამდე გაგრძელდა გ.გ–ის სამეურვეო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარება, ხოლო 2020 წლის 11 მარტამდე გაგრძელდა არასრულწლოვანის ოჯახიდან გამოსახლების შესახებ ორდერის მოქმედება. დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
2.ზ.გ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ნიდერლანდების როტერდამის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვანი გ.გ–ი განთავსებული იყო არასრულწლოვანებზე ზრუნვის დაწესებულება „იულიუსში“, საიდანაც ე.კ–მა წამოიყვანა და უკანონოდ აღარ დააბრუნა. აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით ზ.გ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობის მასალების მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარების მიზნით, ე.კ–ს სასამართლო გზავნილი არაერთხელ უშედეგოდ გაეგზავნა.
4.საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ე.კ–ის მოძიება (მისამართი: ქ. ......, მეხუთე სართული, ბინა №15), მისთვის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებისა და შუამდგომლობის თანდათულ მასალებთან ერთად ჩაბარების უზრუნველყოფა, თუმცა ადრესატისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით კი, სასამართლო გზავნილის შინაარსი ე.კ–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსების გზით ეცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
5.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
6.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
7.უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
8.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: ბ.ლ. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ. 2009).
9.საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბმისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ა-5646-შ-168-2019).
10.უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
11.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიოული შედეგი უნდა გავრცერლდეს საქართველოში.
12.გასათვალისწინებელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
13.განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ნიდერლანდების როტერდამის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, რომლითაც არასრულწლოვანი გ.გ–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მის მშობლებს – ზ.გ–სა და ე.კ–ს შორის მიმდინარე დავის განხილვა გადაიდო 2020 წლის 1 მარტამდე, სანამ არ გაირკვევა დიაგნოსტიკის სერვისცენტრში დაგეგმილი გამოკვლევის შედეგი. ასევე 2020 წლის 12 ნოემბრამდე გაგრძელდა გ.გ–ის სამეურვეო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარება, ხოლო 2020 წლის 11 მარტამდე გაგრძელდა არასრულწლოვანის ოჯახიდან გამოსახლების შესახებ ორდერის მოქმედება. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
14.,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
15.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის (შუამდგომლობის ავტორის) იურიდიული ინტერესი (სუსგ 3.05.2018წ. საქმე #ა-1848-შ-44-2018)
16.ამდენად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
ამდენად, აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.
17.მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ნიდერლანდების როტერდამის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და არ შუამდგომლობს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ რაც ამავე დოკუმენტის შედეგების სრულფასოვანი განხორციელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
18.ასეთ ვითარებაში შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი შინაარსით განცხადების დაკმაყოფილების მიმართ გაურკვეველია და საკასაციო პალატის მოსაზრებით შუამდგომლობის ავტორმა კანონით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობის შესახებ იურიდიული ინტერესის არსებობა ვერ დაასაბუთა, რაც წარმოადგენს წინამდებარე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
19.ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, პალატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის წარმოებაში მიღების მიუხედავად, გამოკვეთილია მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობა და ზ.გ–ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე, მუხლებით და
დაადგინა:
1. ზ.გ–ის შუამდგომლობა ნიდერლანდების როტერდამის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების ნომერი #C/10/576540/FA RK 19-5342, #C/10/582028/JE RK 19-2861) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე