დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.07.2020
საქმის ნომერი
ას-1987-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1987-2018 24 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.უ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, 2018 წლის 22 იანვრისა და 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მეიჯარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.უ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოიჯარე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 204 543,26 ლარის, 2011 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 1 873 954,53 ლარის, 2017 წლის 4 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 1 101,25 ლარის, 2012 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 88 678,41 ლარისა და 2017 წლის 4 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 63,5 ლარის გადახდის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 2 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა #203-1 იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 5 955,1 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 13.1. პუნქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2009 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით მოიჯარის დავალიანება მანამდე არსებული საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე შეადგენდა 96 512,43 ლარს, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანება იყო 47 660,8 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 48 851,63 ლარი. 2011 წლის 1 ივნისს, ამავე მხარეებს შორის გაფორმდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხის საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა 111 166,9 ლარს (2009 წლის 02 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანება _ 63 506,1 ლარი, ხოლო, მანამდე არსებული საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანება - 47 660,8 ლარი). ამავე შეთანხმებით, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, 111 166,9 ლარი დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. შეთანხმებით ასევე განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გადასახდელი თანხის 1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ მათ შორის შეთანხმების დადებამდე არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს საერთო რაოდენობა შეადგენდა 30 913,56 ლარს. 2012 წლის 11 დეკემბერს კვლავ გაფორმდა #186-1 იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მეიჯარის საკუთრებაში არსებული ფართი. საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 4 574,4 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გადაუხდელი თანხის 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2013 წლის 24 მაისს, 2013 წლის 17 დეკემბერს, 2014 წლის 1 დეკემბერს, 2015 წლის 29 დეკემბერს და 2016 წლის 8 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმებები 2012 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მხარეებს შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყდა 2017 წლის 1 აგვისტოდან. მოპასუხემ დაარღვია 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებითა და 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა დავალიანების ნაწილი _ 1 041,6 ლარი, ხოლო, პირგასამტეხლო 30 913,56 ლარი მოპასუხეს არ დაუფარავს. შესაბამისად, მოვალის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე, შეადგენს 2 016 105 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 110 125,3 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 904 868,09 ლარი. 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალის მიერ გადახდილი იქნა საიჯარო ქირა 137 592,4 ლარი. შესაბამისად, 2012 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 63 504,4 ლარს, ხოლო, დარიცხული პირგასამტეხლო - 88 678,41 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების _ 63 504,4 ლარის გადახდის ნაწილში ცნო. დანარჩენ ნაწილში მან წარადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, რომლის თანახმადაც, 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირი თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია. მითითებული შეთანხმების საფუძველზე მოიჯარეს ეტაპობრივად უნდა დაეფარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება 111 166,9 ლარი. ბოლო გადახდა მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა 2014 წლის 20 ივნისს, შესაბამისად, ყველაზე გვიან მოსარჩელის მოთხოვნა 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე, წარმოიშვა 2014 წლის 21 ივნისს. 2014 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე კი გასულია სამ წელზე მეტი. რაც შეეხება 2012 წლის 1 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 2017 წლის 23 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული აქტით მხარეები არ შეთანხმებულან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე, შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მისი შემცირება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების _ 63 504,4 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 5 000 ლარის, ასევე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 10 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 4 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, 2018 წლის 22 იანვრისა და 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2009 წლის 2 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, იჯარით გადასაცემ ქონებას წარმოადგენს ქ.თბილისში, ...... მდებარე მეიჯარის კუთვნილი შენობის მე-3 კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 555 კვ.მ. ფართი. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 5 955,1 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 13.1. პუნქტის თანახმად, 2009 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, მხარეთა შორის 2006 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული #164-3 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოიჯარეს მეიჯარის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 96 512,43 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენდა 47 660,8 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 48 851,63 ლარს ( 2006 წლის 01 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო - 1 828,22 ლარი (0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), ხოლო 2009 წლის 22 ივნისის შეთანხმების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო - 47 023,41 ლარი (10% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე));

1.2.2. 2011 წლის 1 ივნისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე. შეთანხმების საფუძველზე, მოვალემ აღიარა 111 166,9 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის ფაქტი და იკისრა ვალდებულება, აღნიშნული დავალიანება დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 2011 წლის 20 ივნისიდან 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად თანხის გადახდის გზით. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მხარეებმა განსაზღვრეს, რომ მოიჯარეს ერიცხებოდა პირგასამტეხლოს დავალიანება 30 913,56 ლარის ოდენობით;

1.2.3. 2012 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, იჯარით გადასაცემ ქონებას წარმოადგენს ქ.თბილისში, ....... ქ#68-ში მდებარე მეიჯარის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, შენობის მე-3 კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 381,2 კვ.მ საოფისე ფართი. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 4 574,4 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე. 10.1. პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილი იყო, დაეკისრებინა მოიჯარისათვის პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2013 წლის 24 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, საიჯარო ქირის თანხა განისაზღვრა ყოველთვიურად 4 955,6 ლარით. 2013 წლის 17 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებაში და იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 1 იანვრამდე. 2014 წლის 1 დეკემბერს კი, გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, იჯარით გადაცემული ფართის ოდენობა შემცირდა 214 კვ.მ-მდე, საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 2 782 ლარით, ასევე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 1 იანვრამდე. 2015 წლის 29 დეკემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2016 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებით, 2012 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულების 9.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - ხელშეკრულება ძალაში შედის 2013 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ მხარეები ხელშეკრულების ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ერთმანეთს არ აცნობებენ ხელშეკრულების ვადის გაუგრძელებლობის შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელდება ავტომატურად, ყოველი მომდევნო 1 წლის ვადით;

1.2.4. 2017 წლის 27 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე, 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყდა 2017 წლის 1 აგვისტოდან;

1.2.5. 2012 წლის 4 იანვარს მოიჯარემ 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე, გადაიხადა დავალიანების ნაწილი 1 041,6 ლარი;

1.2.6. 2017 წლის 23 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით მოვალეს ერიცხებოდა დავალიანება 204 543,26 ლარის ოდენობით, საიდანაც 173 629,7 ლარი იყო საიჯარო ქირის ძირი დავალიანება (110 125,3 ლარი - 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე და 63 504,4 ლარი - 2012 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე), ხოლო, 30 913,56 ლარი იყო დარიცხული პირგასამტეხლო (2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე);

1.2.7. მოვალის დავალიანება კრედიტორის მიმართ:

i 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებიდან გამომდინარე შეადგენს 2 014 993,39 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა 110 125,3 ლარია და პირგასამტეხლო - 1 904 868,09 ლარი;

ii 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 152 182,81 ლარს, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანებაა 63 504,4 ლარი და პირგასამტეხლო - 88 678,41 ლარი;

1.2.8. 2017 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 204 543,26 ლარის ოდენობით, სადაც 173 629,70 ლარი არის საიჯარო ქირის ძირი დავალიანება, რომლის საფუძველია 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმება და 2012 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო 30 913,56 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო და საურავი. აღნიშნული დოკუმენტით განხორციელდა ბუღალტრული მონაცემების შედარება და მხარეები არ შეთანხმებულან თანხის გადახდაზე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 581-ე (1), მე-400, 417-ე და 418-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც, მოსარჩელეს ეკისრება:

- მხარეთა საიჯარო ურთიერთობაში ყოფნის;

- მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვადის გადაცილების;

- ამ ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმების არსებობის ფაქტების მითითების ტვირთი.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალური თვალსაზრისით გამართულია, შესაბამისად, შემოწმებას ექვემდებარება მოპასუხის შედავების არსებითობის საკითხი:

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 2012 წლის 11 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების _ 63 504,4 ლარის გადახდის ნაწილში ცნო. ამასთანავე, მოთხოვნის სხვა ნაწილების მიმართ მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, მოპასუხემ მიუთითა ხანდაზმულობაზე, ასევე, პირგასამტეხლოს განაკვეთის შეუსაბამობაზე ვალდებულების დარღვევასთან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია, შესაბამისად, 63 504,4 ლარის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა იგი, ამასთანავე, შეთანხმებული განაკვეთის ოდენობისა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერების შეფასებისას ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და სწორად შეამცირეს პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიზანს, ისე _ მხარეთა ორმხრივ ინტერესს ხსენებული საშუალების გამოყენებასთან მიმართებით. რაც შეეხება დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების საკითხს, როგორც უკვე ითქვა, ამ მოთხოვნას მოპასუხემ არსებითი შედავება დაუპირისპირა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც მოვალე უფლებამოსილია უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე (სკ-ის 144.1 მუხლი). ფულადი ვალდებულების მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებს 2011 წლის 1 ივნისის შეთანხმებასა და 2017 წლის 23 აგვისტოს ურთიერთშედარების აქტზე. პირველი დოკუმენტით მოვალემ იკისრა ვალდებულება, დავალიანება ნაწილ-ნაწილ დაეფარა 2011 წლის 20 ივნისიდან 2014 წლის 20 ივნისამდე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მტკიცებულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მართლაც ხანდაზმულია, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეული შესრულების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობა იანგარიშება ნაწილ-ნაწილ, ხოლო მოთხოვნის უფლების წარმოშობის თაობაზე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა შეიტყო ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისთანავე. ნიშანდობლივია, რომ სარჩელი აღძრულია 2017 წლის 4 სექტემბერს, თითოეული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დადგომიდან 3-წლიანი ვადების დარღვევით. აქვე უნდა ითქვას, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს ურთიერთშედარების აქტი ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად შეაფასეს ბუღალტრულ დოკუმენტად, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით განსაზღვრულ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას, რამდენადაც არ შეიცავს შეთანხმებას ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მასში გადმოცემულია მხოლოდ დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა, ამასთანავე, დოკუმენტი არ შეიცავს დაპირებას ან მოვალის მზაობას, შეასრულოს ვალდებულება. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს, იგი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად _ სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე _ კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. საინტერესოა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალის მარტივ ან კაუზალურ აღიარებას გააჩნია თუ არა იურიდიული ძალა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ საკითხის რეგულირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში განიმარტება, კერძოდ, 144.2 მუხლის თანახმად, თუკი მოვალე ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ შეასრულებს ვალდებულებას, იგი შესრულების დაბრუნების მოთხოვნის უფლებას კარგავს, ასეთ შემთხვევაში მისი შესაგებელი არ შეიძლება იყოს მათ შორის იმაზე მითითება, რომ შესრულების მომენტში არ იცოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი, ანალოგიური ძალის მატარებელია მოვალის მიერ ვალდებულების აღიარება მოთხოვნის იძულებითი განხორციელების ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ეს აღიარება შეიცავს პირის გაცნობიერებულ ნებას, რომ იგი ვალდებულებას შეასრულებს. ეს რეგულაცია ვრცელდება ვალის როგორც მარტივ, ისე _ კაუზალურ აღიარებაზე. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი). ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი). საბოლოოდ საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალის არსებობის აღიარების, ასევე, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო შემადგენლობის აცილების საკითხი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებების კანონიერებას, რომლებითაც კრედიტორს უარი ეთქვა 2018 წლის 5 იანვრის #30/5 წერილის საქმისათვის დართვაზე. ხსენებული დოკუმენტით მხარეს სურს უარყოს ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხის შედავება, თუმცა, დადგენილია, რომ ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს ვალის არსებობის აბსტრაქტული აღიარების ხელშეკრულებას (სკ-ის 341-ე მუხლი) და იგი შედგენილია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ამგვარი აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტაზე გავლენას ვერ იქონიებს (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.4.), შესაბამისად, მისი, როგორც მტკიცებულების ღირებულებითი ძალა გავლენას ვერ მოახდენს სარჩელის წარმატებულობაზე, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების წინაპირობები.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.ს–ის მიერ კასატორის სახელით 20.06.2019წ. #8085879260 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 583 ლარის 70% _ 1 808,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელს (ს/კ #204858...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 15.01.2019წ. #00263 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი