დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-615-2020 13 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ააიპ „თბილისის №76 საბავშვო ბაგა-ბაღი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდეგში: სააგენტო) მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 17 სექტემბერს ა(ა)იპ „თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, შემსყიდველი, პირველი აპელანტი ან კასატორი) და შპს „ე–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მიმწოდებელი, კომპანია ან მეორე აპელანტი) შორის ხელშეკრულება გაფორმდა (2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება):
1.1. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო 365 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურება გაეწია 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. 3.1 პუნქტის თანახმად სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 91 925. ლარს. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების მიხედვით, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს მოპასუხისა და სააგენტოს შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მხარეებმა გაითვალისწინეს უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2 804.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა (ტ. 1, ს.ფ. 19-24).
1.2. ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად: ყველი - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნი და გემოს გარეშე, სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს - 52%, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა - 40%, მარილი - 0,5%-1,5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილების N152; 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კარაქი - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით, ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%. ხოლო, გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილების N152; 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს (ტ. 1 ს.ფ. 26-27).
1.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია BB.14.09/151, რომლის თანახმადაც, პრინციპალია მიმწოდებელი, ბენეფიციარი - შემსყიდველი, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა 2 804 ლარია
გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება - გარანტი, გარანტსა და პრინციპალს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული N12954-14.09.2017 ხელშეკრულების საფუძველზე, პრინციპალის თხოვნით კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას, ამ საბანკო გარანტიის წერილის პირობების გათვალისწინებით, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, გადაუხადოს ბენეფიციარს ფულადი თანხა საგარანტიო თანხის ფარგლებში. (ტ. 1, ს.ფ. 39).
1.4. ხელშეკრულების მიხედვით, 2017 წლის დეკემბრის თვეში შპს „ე“-ის მიერ მიწოდებულმა საქონლის ღირებულებამ შეადგინა 15 946.85 ლარი (ტ.1,ს.ფ. 41-42).
1.5. 2017 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა ანგარიშ-ფაქტურა 15 946.85 ლარის მოთხოვნით, ასევე შეადგინა შედარების აქტი N4, სადაც მოპასუხის ვალდებულება განისაზღვრა ანალოგიურად 15 946.85 ლარის ღირებულების პროდუქციით. (ტ. 1, ს.ფ. 40).
1.6. შემსყიდველმა უარი განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის ხელის მოწერაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო (ტ.1, ს.ფ. 43-44).
1.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 21 დეკემბერს მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილ და მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო პარამეტრებისა და მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით. სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (ტ.1, ს.ფ 52-53).
1.8. ამ პირობების გათვალისწინებით ბაგა-ბაღმა ს/ს „ბ.ბ–ისაგან“ გაითხოვა საბანკო გარანტიის თანხა 2 804 ლარი. (ტ. 1 ს.ფ. 63-64)
1.9. შპს ,,ე–ისათვის’’ ყველის მიმწოდებლმა კომპანიამ, კერძოდ შპს ,,ნ ’’-მა მოსარჩელეს განუმარტა, რომ პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს. (ტ. 1 ს.ფ. 58-61).
2. სარჩელის მოთხოვნა
2.1. კომპანიამ, 2018 წლის 13 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში, შემსყიდველის წინააღმდეგ, მოითხოვა, შემსყიდველისთვის:
2.1.1. გაწეული მომსახურების ღირებულების 15 946.85 ლარის დაკისრება;
2.1.2. საბანკო გარანტიის, 2 804 ლარის დაკისრება;
2.1.3. პირგასამტეხლოს 1 350 ლარის დაკისრება;
3. შემსყიდველის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე გამოთქმული პოზიციით სარჩელი არ ცნო;
4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
4.1. შემსყიდველმა, 2018 წლის 12 ივლისის, შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 23 592.9 ლარის დაკისრება მოითხოვა;
5. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
5.1. მიმწოდებელმა, შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
6.1.1. კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
6.1.1.1. შემსყიდველს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 15 946.85 ლარის და პირგასამტეხლოს 675 ლარის გადახდა;
6.1.2. შემსყიდველის შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
7. შემსყიდველისა და მიმწოდებლის სააპელაციო საჩივრები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრია გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:
7.1.1. შემსყიდველმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
7.1.2. მიმწოდებელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებულის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
8.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი და წინამდებარე განჩინების 1-1.9 ქვეპუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).
8.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის დადებული იყო შერეული ტიპის ხელშეკრულება ნარდობისა (იხ.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში: სსკ-ის 629-ე მუხლი) და ნასყიდობის (იხ.სსკ-ის 477-ე მუხლი) ელემენტებით, სადაც მოთხოვნის საფუძვლების სამართლებრივი შეფასებისა და გამოყენებისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ წესებს უნდა მინიჭებოდა უპირატესობა, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საგნის დამზადება/შესყიდვა ხდებოდა მიმწოდებლის მიერ, ხოლო შემდგომი მიღება/შესყიდვა შემსყიდველის მიერ.
8.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა აღნიშნული პროდუქტისთვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს.
8.5. უდავო იყო, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-იყო. ასევე უდავო იყო, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5).
8.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრებოდა, ივარაუდებოდა, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში იყო მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
8.7. სასამართლოს განმარტებით, კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავდა რომ ცხიმის შემცველობა 80% ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა იქნებოდა 80%-ზე ნაკლები. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნიდა.
8.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, შემსყიდველის მიერ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის წერილსა (ეტიკეტირების შემოწმების მიზნით) და ამავე წერილის პასუხზე, რომლის მიხედვითაც - სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა და განმარტა, რომ ამავე წერილებში მითითებული იყო, რომ მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები მიეთითოს (ტ.1, 54-56).
8.9. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეტიკეტირების შესწავლის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი კვლევა, რომელიც უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლებს შეისწავლიდა მხარეს არ წარუდგენია, შესაბამისად სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტის შემოწმება ვერ გახდებოდა შემსყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
8.10. ამასთანავე, საქმის მასალებში წარდგენილი იყო კარაქის მიმწოდებლის - შპს „ა.წ–ის“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებული იყო 29 105 კგ კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა (ტ. 1, ს.ფ. 57).
8.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმეზე წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდებოდა. შესაბამისად კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
8.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიმწოდებელმა, ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა:
8.12.1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას, შემსყიდველისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა, განსახილველ შემთხვევაში უდავო იყო, რომ პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული.
8.12.2. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
8.12.3. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახად დგინდებოდა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია.
8.12.4. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები მისაწოდებელი ყველის მახასიათებლებთან მიმართებით იდენტურია და ითვალისწინებს პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველის მიწოდებას, შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი მიაწოდა, შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
8.12.5. სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 490.1-ე 491-ე, და 492-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც, დასახელებული სამართლებრივი მექანიზმით უნდა ესარგებლა მხარეს ნაკლის გამოსწორების, ხელშეკრულების მოშლის ან ფასის შემცირების მოთხოვნით, რაც საქმის მასალებით არ დგინდება. ამდენად, პალატამ დაასკვნის, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდა.
8.12.6. ამ კუთხით, სასამართლო ასევე უთითებს, იდენტურ საქმეზე, უზეაესის სასამართლოს განჩინებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინება საქმეზე Nას-1900-2018) სადაც განმარტებულია, რომ ასეთ შემთხვევაში შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
8.12.7. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია შემსყიდველის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთიანი ხელშეკრულების კონტექსტში არ უნდა მოხმხდარიყო ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შეფასება, რადგან, კონკრეტულად „ყველის“ მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა.
8.13. სააპელაციო სასამართლომ ყურადრება გაამახვილა სახელშეკრულებო ნორმებისა და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების ურთიერთმიმართებაზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შესრულებაზე წარმოშობილი მხარის პრეტენზიებს, სასამართლო უპირველესად სახელშეკრულებო ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად აფასებს და მხოლოდ მას შემდეგ ხდება ე.წ „სუბსიდიური წესით“ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების (კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების) შესაბამისად საკითხის მოწესრიგება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასმართლო, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არა ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ვალდებულების ნაკლიანი შესრულებაა, დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელირებას სსკ-ის 385-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ვალდებულების გარეშე გადახდის საკითხი, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით წყდება.
8.14. სააპელაციო სასამართლომ ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა სსკ-ს 477.2-ე და 417-ე მუხლებს. ამავდროულად დადგენილად მიიჩნია, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შემსყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია.
8.15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე, 492-ე, მუხლებზე და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ბაგა-ბაღს მიაწოდა ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“, ამ უკანაკნელმა ეს შესრულება მიიღო ისე, რომ არ მოუთხოვია, არც ნაკლის გამოსწორბეა, არც ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება. ამავდროულად, სასამართლოს დასკვნით, მოპასუხისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებს.
8.16. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელირება ფულადი თანხის ურთიერთგაქვითვის თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი გაქვითვა ვერ მოხდებოდა სანაცვლო მოთხოვნის არარსებობის პირობებში, რამეთუ შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე დაუსაბაუთებელი იყო.
8.17. სასამართლომ ყურადრება გაამახვილა პირგასამტეხლოს ბუნებაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
8.18. პალატამ მიუთითა პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობისას“ მის შემცირრებაზრე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: სსკ-ს 420-ე მუხლი) და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
8.19. სააპელაციო სასამართლომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ე–ი“ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ჯარიმის მოთხოვნას აფუძნებს გადახდის ვადების გადაცილებას, რამეთუ მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალიწნებით მოთხოვნა დაარღვია და არ გადაიხადა მიწოდებული პროდუქტის ღირებულება. ამდენად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, რამეთუ ვალდებულების მოცულობის, მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში 675 ლარის დაკისრება გონივრულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა და მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
8.20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უსაფუძვლო იყო მიმწოდებელი კომპანიის მოთხოვნა შემსყიდველის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიის ანაზღაურების თაობაზე.
8.20.1. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 879-ე, 881-ე და 882-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ საბანკო გარანტიის თავისებურება, იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეწყვეტა, ავტომატურად არ იწვევს უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტას, რის გამოც კრედიტორი (ბენეფიციარი) ნებისმიერ დროსაა უფლებამოსილი გარანტისგან მოითხოვოს შესრულება. მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით მოწმდება ბენეფიციარის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით (სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი) ყურადრებას ამახვილებს საბანკო გარანტიის არააქცესორულ ბუნებაზე და აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.
8.20.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც საბანკო გარანტიის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
9. შემსყიდველის (კასატორის) საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა და მოითხოვა; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
9.2. კასატორის განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად იმსჯელა და განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენდა ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას.
9.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განმარტებულიყო არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენდა ვალდებულების შეუსრულებლობას. როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებაში პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად.
9.4. კასატორის მტკიცებით, იმ პირობებში, როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული ხარისხის ყველი არ მიუღია, შესაბამისად არც საფასურის გადახდის ვალდებულება გააჩნია, რაც თავის მხრივ მისთვის ზიანის მიყენებას განაპირობებს.
9.5. კასატორის განმარტებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტულად კი, იმგვარ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“. თუმცა აღარ შევიდა ამ საკითხის განხილვაში და შესაბამისად, აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან. ასევე მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება.
9.6. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ ნაკლიანი შესრულების მიღება, მხარეთა შორის ახალი გარიგების დადებას გულისხმობს. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების გაფორმების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის მიუწოდებლობისთვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების ანალიზი, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისგან. პირველი ასეთი ფაქტორი არის ის, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
9.7. კასატორის განმარტებით, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოსაც უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რაზეც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ განხორციელებულა მითითება. შესაბამისად, სასამართლომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვა პრეცედენტი ბავშვთა უფლებებისა და კერძოსამართლებრივი ინტერესების შეპირისპირებისას, სახელშეკრულებო მოწესრიგების ფარგლებში სამოქალაქო ნორმების გარკვეული სახით ინტერპრეტაციის უპირატესობისა, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ბავშვთა უფლებათა დაცვის სახელმწიფო ვალებულებასთან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სასამართლო ხელისუფლება.
9.8. კასატორის მოსაზრებით, შპს „ე–სა“ და ბაგა-ბაღებს შორის საქონლის მიწოდება/შესყიდვა კი არ ახორციელდებოდა, არამედ შპს „ე–ი“ წინასწარ აწარმოებდა საკვების მომზადებას და აღნიშნული საკვები კასატორს მიეწოდებოდა მზა სახით, რაც შემსყიდველის მტკიცებით ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს უშუალოდ პროდუქტთან შეხება არ ქონია. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ რა რაოდენობით და რა ღირებულებით იქნა გამოყენებული აღდგენილ რძეზე დამზადებული პრდუქტი ხელშეკრულებით შეთანხმებული ყველის ჩასანაცვლებლად უცნობია. ეს ყოველივე, კი მისთის ბუნდოვანს ხდის საკითხს თუ რა პროდუქტზე წარმოეშვა ანაზღაურების ვალდებულება, უფრო კონკრეტულად რა ღირებულების იყო ის პდროდუქტი, რაც გამოყენებულ იქნა რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად.
9.9. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა შემსყიდველის ქმედება, თითქოსდა ბაგა-ბაღმა არ მიმართა ნაკლის ნაწილში, ნაკლის ღირებულებით ხელშეკრულების ფასის შემცირების უფლებას. კასატორის მოსაზრებით, იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც მან განახორციელა სწორედ ნაკლის ნაწილში ფასის შემცირებაა.
10. სასამართლომ იმსჯელა და მიუთითა, რომ კარაქთან მიმართებაში ხელშეკრულების პირობის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ასპექტებს. ისევე, როგორც პროდუქტ ყველთან მიმართებაში, კარაქის შემთხვევაშიც მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და უპირატესობით შედგენილი მენიუში გათვალისწინებული საკვების მომზადების მიზნით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, როგორიც კარაქია, შემადგენლობაში რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზულად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარია კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადად პროდუქტის კარაქად აღიარებას. ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტი, რომელიც ადგენს, რომ პროდუქტი კარაქი არის თუ მასში ცხიმის შემცველობა აღემატება 80%-ს. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/- 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე.
11. კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების დასაბუთებაზე, რადგან არ გაითვალისწინა მხარის უფლება განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება. მით უმეტეს, რომ ერთი მხარის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საბიუჯეტო სახსრებით, მეორე მხარეს კი არანაირი უზრუნველყოფის საშუალება არ არსებობს.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, განსახილველი დავა შეიცავს, როგორც ნასყიდობის, აგრეთვე ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს. ამდენად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლების სამართლებრივი შეფასებისა და გამოყენებისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ წესებს ენიჭება უპირატესობა, ვინაიდან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საგნის დამზადება/შესყიდვა ხდებოდა მიმწოდებლის მიერ, ხოლო შემდგომი მიღება/შესყიდვა მეორე კასატორის მიერ (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, პროდუქტი „ყველის“ მიწოდება, რომელიც, ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. მიუხედავად, აღნიშნულისა, ასევე დადგენილია, რომ ნაკლიანი პროდუქტის მიღება და გამოყენება დანიშნულებისამებრ მოხდა, ისე, რომ მყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია.
17. კასატორი, აცხადებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არ ეკუთვნის თანხის გადახდა და მისთვის ბუნდოვანია, თუ რა პროდუქტზე წაერმოეშვა ანაზღაურების ვალდებულება, უფრო კონკრეტულად რა ღირებულების იყოს ის პროდუქტი რაც გამოყენებულ იქნა რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ორი სამართლებრივი ინსტიტუტი - ვალდებულების გარეშე შესრულება (შემსყიდველის მიერ) და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (მიმწოდებლის მიერ). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო პროდუქტი „ყველი“ ფაქტობრივად მიწოდებულია, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნედლეულითაა დამზადებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი).
19. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მხარეთა ურთიერთმოთხოვნების სამართლებრივი მდგომარეობა, უდავოა, რომ ნაკლიან შესრულებას (იხ. სსკ-ის 488-ე „1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლი მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე“ მუხლი) აქვს ადგილი.
20. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 490.1-ე „თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში“, 491-ე „მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები“ და 492-ე „თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი“ მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც, დასახელებული სამართლებრივი მექანიზმით უნდა ესარგებლა მხარეს ნაკლის გამოსწორების, ხელშეკრულების მოშლის ან ფასის შემცირების მოთხოვნით, რაც საქმის მასალებით არ დგინდება. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის აპელირება, თუ რა პროდუქტთან დაკავშირებით წარმოეშვა მას ანაზღაურების ვალდებულება, რამეთუ ამ უკანასკნელმა მიიღო ნაკლიანი შესრულება ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, რაც მისთვის ხელშეკრულებით გათავლისწინებული ანაზღაურების დაკისრების საფუძველია. კასატორის პრეტენზია, რომ ერთიანი ხელშეკრულების კონტექსტში არ უნდა მოხდეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შეფასება, რადგან, კონკრეტულად „ყველის“ მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ერთიანი ვალდებულების, ამგვარი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ვალდებულების შეუსრულებლობად იქნება განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლებრივ წესრიგს.
21. საკასაციო სასამართლო, შემსყიდველის საკასაციო პრეტენზიაზე, პროდუქტ „კარაქთან“ დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 8.4-8.11 ქვეპუნქტები) და სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, მიუთითებს, იმ პირობებში, როდესაც, მეორე კასატორის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, უშუალოდ პროდუქტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდებოდა პროდუქტის ხარისხის შეუსაბამობა შეთანხმებულ პირობებთან, ან მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, მხოლოდ ეტიკეტირების წესებზე მითითებით, პროდუქტის ნაკლიანად მიჩნევა უსაფუძვლოა. უდავო იყო, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5), ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში იყო მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
22. საკასაციო სასამართლო მიუბრუნდება მხარის იმ პრეტენზიას, რომელიც პირგასამტეხლოს დაკისრებას ეხება და განმარტავს, რომ კასატორის მითითება ფულადი თანხების ურთიერთგაქვითვის თაობაზე დაუსაბუთებელია. დადგენილი იყო, რომ შემსყიდველმა, მიწოდებული პროდუქციის თანხა არ გადაიხადა (დეკემბრის თვის მიწოდების საფასური საერთოდ არ იყო გადახდილი), ამასთან, უდავოა, რომ შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე დაუსაბაუთებელია, შესაბამისად, მართებულადაა დაკისრებული პირგასამტეხლო, ამასთან მისი გაქვითვის მოთხოვნა ვერ მოხდება სანაცვლო მოთხოვნის არარსებობის გამო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი; სსკ-ის 442-ე-447-ე მუხლები).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მხარეთა საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ თბილისის 76-ე საბავშვო ბაგა-ბაღის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა(ა)იპ თბილისის 76-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 010.75 ლარის (საგადახდო დავალება №1630572200, გადახდის თარიღი 2021 წლის 2 სექტემბრის), 70% - 1 407.52 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსარმართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე