დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-642-შ-19-2022
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-642-შ-19-2022 21 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ა. ჩ-ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების კ-ის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - სახელისა და სქესის ცვლილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ჩ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების კ-ის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სწორედ შუამდგომლობის ავტორმა უნდა უზრუნველყოს.

სადავო შემთხვევაში კი, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების კ-ის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი. ამრიგად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლის არსებობაც წარმოდგენილ შუამდგომლობაზე არსებითად მსჯელობისთვის აუცილებელ ფორმალურ წინაპირობას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს, კვლავ მომართოს სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 275-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჩ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კ-ის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოს მხარეს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს, კვლავ მიმართოს სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე