დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 23.02.2022
საქმის ნომერი
ას-4-2021
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.02.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-4-2021 23 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ხ-ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ-რი ჯ-ის და ნ-ის პ-იის ც-რი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისში, …. №… 2016 წლის 16 ნოემბერს რამდენჯერმე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანებით, მ. ხ-ლი (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) (დაბ: 01.03.19.. წელი, მცხ: ქ. თბილისი, … №.. პირადი №…) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში შპს „ფ-რი ჯ-ისა და ნ-ის პ-ის ც-ში“ (შემდეგში: მოპასუხე, ცენტრი), არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. მოსარჩელის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადა აითვალა - პაციენტის სტაციონარში მოთავსების მომენტიდან - 2016 წლის 17 ნოემბრის 01:00 საათიდან; ბრძანების შესრულება დაევალა ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს - ნ. ო-ლს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით მოსარჩელის ადვოკატის თ. ყ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანება. ცენტრის შუამდგომლობა (მიმართვა) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოსარჩელის სტაციონარში მოთავსების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ცენტრს დაევალა მოსარჩელის დაუყოვნებელი გაწერა სტაციონარიდან.

4. სასარჩელო მოთხოვნა

4.1. მოსარჩელემ, 2019 წლის 1 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 15 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ითხოვდა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, ცენტრში მოთავსებით, მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ქმედებით განცდილი სულიერი ტკივილით იყო გამოწვეული.

7.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განხილვის საგანს წარმოადგენდა, 2016 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელის სტაციონარში მოთავსების შესახებ ცენტრის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასება.

7.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ პირის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი არ წარმოადგენდა იმ საკმარის გარემოებას, რაც საჭირო იყო ამ პირის სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსებისთვის, კერძოდ ფსიქიკურ აშლილობასთან ერთად უნდა არსებობდეს რიგი ფაქტორებისა, რაც აუცილებელს გახდის ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. პირს არ შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება „სულით ავადმყოფობის“ გამო, თუ შემდეგი პირობები არ არის დაკმაყოფილებული: პირველ რიგში, დამაჯერებლად უნდა დადგინდეს, რომ იგი სულით ავადმყოფია; მეორე, ფსიქიკური აშლილობა უნდა იყოს იმ სახის ან ხარისხის, რომ მოითხოვდეს სავალდებულო იზოლაციას; მესამე, განგრძობადი იზოლაციის ჭეშმარიტება დამოკიდებულია ამგვარი აშლილობის ქრონიკულობაზე (Winterwerp v. the Netherlands; Shtukaturov v. Russian federation). ამ პირობათაგან მეორესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის დაკავება შეიძლება არა მხოლოდ მაშინ იყოს სავალდებულო, როცა პირს სჭირდება თერაპია, მედიკამენტოზური მურნალობა ან სხვა სამედიცინო მკურნალობა მისი მდგომარეობის სამკურნალოდ ან შესამსუბუქებლად, არამედ ასევე როცა პირს სჭირდება კონტროლი და მეთვალყურეობა, რათა თავიდან აიცილოს, მაგალითად, ზიანის მიყენება თავის თავისთვის ან სხვა პირისთვის (Hutchison Reid v. the United Kingdom).

7.6. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, 2016 წლის 17 ნოემბრის ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის მიხედვით, („ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათში ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ უნდა შეისწავლოს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და გადაწყვიტოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხი), პაციენტი (მოსარჩელე) ცენტრში მიიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და საპატრულო პოლიციამ. ანამნეზური ცნობები ექიმ-ფსიქიატრთა კომისიას მიაწოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და თავად პაციენტმა. ექიმ-ფსიქიატრთა დასკვნის თანახმად, პაციენტი ცხოვრობს მარტო, მეზობლებთან წლებია აქვს კონფლიქტური ურთიერთობა, განსაკუთრებით უნდობლად არის განწყობილი რამდენიმე მეზობლის მიმართ, რაც გამოიხატებოდა მათ მიმართ სიტყვიერ აგრესიაში და სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებებში, გაღიზიანებაში, დაძაბულობაში. პაციენტი თვლის, რომ მეზობლებს უნდათ მისი ხელით აშენებული ავტოფარეხის წართმევა, სამეზობლოში გამოირჩეოდა კონფლიქტურობით, რის გამოც ყველა თავს არიდებდა პაციენტთან ურთიერთობას. 2013 წლის ივნისში მეზობლებთან მორიგი კონფლიქტი დასრულდა ფიზიკური ურთიერთდაპირისპირებით, რის გამოც პაციენტის მიერ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს როგორც მისი მეზობელი, ისე მოსარჩელე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, რომელიც გათავისუფლებულდა სიტყვიერი გაფრთხილებით, რის შემდეგაც მოსარჩელემ უჩივლა გენინსპექციაში ამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს და ითხოვდა მის დასჯას. ბოლო თვეებში მეზობლებთან ჰქონდა კონფლიქტი საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო. პაციენტს მოთავსებამდე წინა დღეებში მეზობლებთან ჰქონდა გამუდმებით ჩხუბი, თვლიდა, რომ ისინი სპეციალურად ხმაურობდნენ, სპეციალურად აღიზიანებდნენ და სპეციალურად არ აძლევდნენ მას ძილის საშუალებას. პაციენტი აცხადებდა, რომ მეზობლები მისი ხელით აშენებული ავტოფარეხის წართმევას უპირებდნენ, აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ერთ-ერთ მეზობელს კი მოულოდნელად მიეპარა და წიხლი ამოარტყა. სტაციონირების დღეს მეზობლებთან დაიწყო კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა დასრულდა ფიზიკური დაპირისპირებით, რის შემდეგაც თვითონ გამოიძახა საპატრულო პოლიცია ,,მეზობლები ჩემზე ძალადობენო“. გამოძახების შედეგად მასთან აღმოჩნდა ნაცნობი პოლიციის თანამშრომელი, რომლის დანახვაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და ჩათვალა, რომ ამ ყველაფერს ეს პოლიციელი უწყობს, კერძოდ მეზობლების გარკვეული ჯგუფი და პოლიციელი შეკრულები არიან და გამიზნულად მოქმედებენ მის წინააღმდეგ.

7.7. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის თანახმად, ობიექტურად პაციენტი იმყოფებოდა ფსიქომოტორული აგზნების მდგომარეობაში, იყო დაძაბული, აფორიაქებული, კონტაქტში ერთვოდა აქტიურად, ხმამაღლა, ყვირილის ინტონაციით, მეტყველება აჩქარებული, ლაპარაკობდა შეუჩერებლად, ორიენტირებული იყო ადგილში, დროსა და საკუთარ თავში სწორად, ჰქონდა აჩქარებული ასოციაციები, პერიოდულად დაუკავშირებელი, გვერდითი ასოციაციების გამო სწრაფად გადადიოდა ერთი თემიდან მეორეზე, მსჯელობა მოკლებული ლოგიკას. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტი თავს ავადმყოფად არ თვლიდა, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მუდმივად ჩაგრავდნენ, ცუდად ეპყრობოდნენ. დაწვრილებით, დეტალურად უამბო ექიმებს მეზობლებთან მრავალწლიანი კონფლიქტების შესახებ, დაასახელა რამდენიმე მეზობელი, რომელთაც თვლის, რომ სხვადასხვა ინტერესი აქვთ მის მიმართ და გადაეკიდნენ. ერთ-ერთს ბრალს დებს „ჩემი სილამაზე შეშურდა და გადამეკიდაო“. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის შესახებ პაციენტმა უამბო ექიმებს, რომ პოლიციელს ინტერესი გაუჩნდა მის მიმართ (როგორც ქალის) და ყველანაირი გზით ცდილობს საწადელის მიღწევას, „ჩემი მეზობლები სპეციალურად ხმაურობენ, სპეციალურად მიწვევენ, რომ მერე საპატრულო პოლიციაში დავრეკო და ეს პატრული მოვიდეს...“. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტი აპროტესტებდა სტაციონირებას, სიტყვიერ აგრესიას ავლენდა პერსონალის მიმართ და იმუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით.

7.8. საბოლოოდ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ დაასკვნა, რომ ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ხანგრძლივი ფსიქიკური აშლილობის გამწვავება, გამოხატული ჰქონდა არაადეკვატური ქცევები აგრესიული ტენდენციებით, რაც იწვევდა მის ფსიქო სოციალურ დისფუნქციას და საფრთხეს უქმნიდა გარშემომყოფებს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პაციენტის მოთავსება მწვავე განყოფილებაში შემდგომი მკურნალობისთვის.

7.9. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის სხდომის ოქმზე (ტ. 1, ს.ფ. 143-145), სადაც ექიმმა განმარტა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო სტაციონარში მკურნალობა. მდგომარეობა იყო მწვავე. ექიმმა ასევე განმარტა, რომ დიაგნოზი - პარანოიდული შიზოფრენია, არ იკურნება, თუმცა სტაციონალური მკურნალობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. მოსამართლის შეკითხვაზე პაციენტის ძმამ, მ. ხ-მა განმარტა, რომ იგი ვერ შეძლებდა მედიკამენტების მისთვის მიწოდებას, რადგან ერთად არ ცხოვრობენ. ასევე როდესაც შეამჩნიეს, რომ აგრესიული იყო, დეიდამ სცადა ფარულად საჭმელში ჩაეყარა მისთვის წამლები, მაგრამ მოსარჩელე მიხვდა და განაცხადა, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.

7.10. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ 2016 წლის 17 ნოემბრისთვის მოსარჩელის მდგომარეობა მისი ფსიქიკური დიაგნოზიდან გამომდინარე იყო გამწვავებული, რომლის ერთ-ერთ გამოვლენებას წარმოადგენდა მისი აგრესიული ქცევა მეზობლების, საპატრულო პოლიციისა და მოპასუხე დაწესებულების პერსონალის მიმართ, რასაც თან ერთვოდა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახეზე იყო „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლო ზიანის მიყენების საფრთხე, რაც პირის სტაციონარში მოთავსების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა. ამასთან, უდავო გარემოება იყო, რომ პაციენტი ცხოვრობს მარტო და მის მკურნალობას ზედამხედველობას მისი ოჯახის წევრები ვერ გაუწევდნენ, ვინაიდან პირველ რიგში მასთან არ ცხოვრობენ და მეორეც, წარსულშიც ჰქონდათ აღნიშნულთან დაკავშირებით პრობლემები, შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სტაციონარში მოთავსების გარეშე მისთვის მკურნალობის კურსის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

7.11. აპელანტის პრეტენზიების საპასუხოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დაეყრდნო არა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების განმარტებებს, არამედ თავად პაციენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც.

7.12. აპელანტის პოზიცია, რომ მას არ მოუსმინეს (იხ. 25.09.2020წ. სხდომის ოქმი, 11:59:09 სთ.) სპეციალისტებმა ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მოსარჩელემ დაწვრილებით, დეტალურად უამბო ექიმებს მეზობლებთან მრავალწლიანი კონფლიქტების შესახებ. პალატა ასევე მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე მკურნალი ექიმის ი. კ-ის განმარტებაზე - „ჩვენი დასკვნისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ახლობლების, მეზობლების, ნათესავის მიერ 16 მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მაგრამ ძირითადი მნიშვნელობის არის თავად პაციენტის მდგომარეობა - მისი საუბარი, ქცევა, მისი გამონათქვამები... პატრულის ნათქვამს მე ავადმყოფის ქცევაში ვამოწმებ. ამდენად ჩვენთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი არის პაციენტის მდგომარეობა“. 2019 წლის 14 აპრილის რეცენზიის (ტ. 2, ს.ფ. 29-30) თანახმად, მ. ხ-ის სტაციონირებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის განმარტებები, არამედ თავად მოსარელის ფსიქიკური პროდუქციები, რაც ასახულია მორიგე ექიმის ჩანაწერში (სტაციონალური ბარათი №….) რეცენზენტმა ასევე აღნიშნა, რომ ექიმ-ფსიქიატრისთვის ანამნეზს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისას, პოლიციის თანამშრომლის მიმართ უნდობლობის ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის არ გათვალისწინების მიზეზი კი ექიმს არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის ფსიქიკური მდგომარეობა მისი სტაციონარში მიყვანის დროისთვის გამწვავებული რომ არ ყოფილიყო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განმარტება საკმარისი არ იქნებოდა მისი არანებაყოფლობით სტაციონარში მოსათავსებლად.

7.13. აპელანტი მისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებდა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის ბრძანებაზე, რომლითაც მოსარჩელის ადვოკატის საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანება და ცენტრს დავალა მოსარჩელის დაუყოვნებლივ გაწერა. აღნიშნულის პასუხად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ცენტრის დისკრეციული უფლებამოსილება პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება მისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე სრულდება სასამართლოს მიერ შესაბამისი ბრძანების მიღების მომენტში, ხოლო, შემდგ უკვე ხდება სასამართლოს ბრძანების აღსრულება, რაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის. შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ქმედება უნდა შეფასდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანების მიღებამდე.

7.14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 და 13 დეკემბრის სხდომის ოქმებზე (ტ. 1, ს. ფ. 131-142), კერძოდ, 12 დეკემბრის სხდომის ოქმის თანახმად, მკურნალი ექიმის ი. კ-ის განმარტებით, პაციენტი სხდომის მომენტისთვის უკვე „შერბილებული“ იყო. „ეხლა შედარებით უკეთ არის. პარასკევს შედგა კონსილიუმი. პაციენტის მდგომარეობაში არის ხოლმე პერიოდი, როდესაც პაციენტი ასე თუ ისე მართავს თავის თავს და სწორედ ამ დროს მე წამოვაყენე საკითხი ხომ არ გაგვეშვა სახლში, მაგრამ შემდეგ, როდესაც მას გაესაუბრნენ ექიმ-პროფესორები, მან კვლავ გამოავლინა არაადეკვატურობა“. 13 დეკემბრის სხდომაზე მკურნალმა ექიმმა განაცხადა, რომ მისი სტაციონარში დატოვება გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ მისმა ფსიქიკურმა მდგომარეობამ, არანაირი სხვა ინტერესი მათ არ გააჩნიათ; „ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გინდათ გაუშვით, გინდათ დატოვეთ“. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოხმობილი სხდომის ოქმებიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელის ფსიქიკური მდგომარეობა მისი მკურნალი ექიმის განმარტებით მკურნალობის ფონზე გაუმჯობესებული იყო, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შეწყვეტილიყო მისი არანებაყოფლობითი სტაციონარში მოთავსება. აღნიშნული დასკვნის გასამყარებლად პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციაში სხდომაზე გამოცხადების დროისთვის მოსარჩელე უკვე 25 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მოპასუხე დაწესებულებაში და გადიოდა მკურნალობის კურსს. შესაბამისად ის გარემოება, რომ აღნიშნულმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და სააპელაციო ინსტანციაში პაციენტი შედარებით უკეთ იყო, აისახა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ ბრძანებაშიც.

7.15. აპელანტის პრეტენზიაზე, რომ სტაციონარში მკურნალობის პერიოდში მას არასათანადოდ ეპყრობოდნენ და ღირსება შეელახა, სასამართლო სხდომაზე მოსამართლის შეკითხვას, თუ რა იყო მოპასუხე დაწესებულების ის ქმედება, რაც აპელანტისთვის დამამცირებელი და ტკივილის მიმყენებელი იყო, აპელანტმა უპასუხა - თუნდაც ის, რომ არ მომისმინეს და მხოლოდ პატრულის თანამშრომელს მოუსმინეს. აპელანტმა სხდომაზე ასევე მიუთითა, რომ მისთვის ჩატარებული მკურნალობა სასარგებლო არ იყო და მხედველობა გაუუარესდა, წვრილად დაწერილს ვეღარ ხედავს და ხელმოტეხილი გამოუშვეს (იხ. 25.09.2020წ. სხდომის ოქმი, 11:58:50 სთ.). აპელანტის დასახელებულ პრეტენზიაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ის, რომ აპელანტი, მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ახსნა-განმარტების საფუძველზე დატოვეს სტაციონარში და მისი ახსნა-განმარტება არ მოისმინეს, არ შეესაბამებოდა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებსა და ახსნა-განმარტებებს.

8. აპელანტის საკასაციო საჩივარი

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ზოგადად იმსჯელა პირის სტაციონარში მოთავსების საკითხებზე, თუმცა არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ აღნიშნული პროცედურები უხეშად დაირღვა მისი მოთავსების დროს.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, მოსარჩელის სტაციონარში მოთავსებასთან, აგრეთვე, მოთავსების დროს პროცედურების დაცვასთან დაკავშირებით და დამატებით, კასატორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრის გადაწყვეტილება, რომლის მართლზომიერებაც წინამდებარე განხილვის საგანს წარმოადგენს, თავისმხრივ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანებას ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში.

16. სტაციონარში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის გადაწყვეტის თაობაზე, შესწავლილია ექიმ-ფსიქიატრთა მიერ, რომლის შედეგიც ასახულია 2016 წლის 17 ნოემბრის კომისიის დასკვნაში. აღნიშნულის მიხედვით, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ცენტრში მიიყვანა პაციენტი. კომისიას არსებული მდგომარეობის შესახებ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა და თავად პაციენტმა მიაწოდეს ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, არამედ ერთი და იმავე გარემოებებს აღწერდა, ამდენად, კასატორის პრეტენზია, რომ მისი მოთავსება სტაციონარში მხოლოდ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრის ჩვენების საფუძველზე გადაწყდა, დაუსაბუთებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგულისხმოა თავად მოსარჩელის მიერ, ექიმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექიმ-ფსიქიატრთა მიერ პაციენტზე დაკვირვება რეალურ დროში, მეზობლებთან კონფლიქტიდან მალევე იყო შესაძლებელი, რაც დამატებით გამორიცხავს იმ არგუმენტის მართებულებას, რომ მოსარჩელე, მხოლოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციის საფუძველზე მოათავსეს ცენტრში.

17. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი რეცენზიის მიხედვით, სარეცენზიო დასკვნაში არ არის გამოთქმული შენიშვნა მოსარჩელის მიმართ ჩატარებული მკურნალობის მიმართ. მის დიაგნოზს ადასტურებს როგორც ანამნეზური მონაცემები, ისე ფსიქიკური სტატუსი, რომელშიც აღწერილია ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკა, მათ შორის სხვადასხვა შინაარსის ბოდვა და შესაბამისი ქცევა. მკურნალობა მიმდინარეობდა შედარებით „დამზოგველი“ მედიკამენტებით.

18. საკასაციო სასამართლო კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომლის მიხედვითაც მის მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი ქმედება სტაციონარში, მკურნალობის პერიოდში, განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის შეკითხვას, თუ რა იყო მოპასუხე დაწესებულების ის ქმედება, რაც აპელანტისთვის დამამცირებელი და ტკივილის მიმყენებელი იყო, აპელანტმა უპასუხა - თუნდაც ის, რომ არ მომისმინეს და მხოლოდ პატრულის თანამშრომელს მოუსმინეს. აპელანტმა სხდომაზე ასევე მიუთითა, რომ მისთვის ჩატარებული მკურნალობა სასარგებლო არ იყო და მხედველობა გაუუარესდა, წვრილად დაწერილს ვეღარ ხედავს და ხელმოტეხილი გამოუშვეს (იხ. 25.09.2020წ. სხდომის ოქმი, 11:58:50 სთ.). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა, სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებებითა თუ მტკიცებულებებით, საპირისპიროდ არსებული მტკიცებულებების სარწმუნოდ გაქარწყლებით, ვერ დაადასტურა სტაციონარში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების არამართლზომიერება, აგრეთვე, მოთავსების პროცედურების დარღვევა და სტაციონარში ყოფნისას მის მიმართ არასათანადო მოპყრობა.

19. საკასაციო სასამართლო ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს პირისთვის იძულებით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ - ადამიანის ფიზიკური თავისუფლების სფერო არ სარგებლობს აბსოლუტური დაცვით. პიროვნების დაკავება, დაპატიმრება, თავისუფლების აღკვეთა თუ მისი სხვაგვარი შეზღუდვა გამართლებულია საჯარო ინტერესის თვალსაზრისით, თუმცა, ჩარევა უნდა ხორციელდებოდეს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და სამართლის უზენაესობის პრინციპების სრული დაცვით, რათა ადამიანის თავისუფლება არ გახდეს ვინმეს თვითნებობის მსხვერპლი (Engel and others v. The Netherlands (საჩივარი №5100/71; 5101/71; 5102/71; 5354/72; 5370/72), 08.06.1976წ., §58; Bozano v. France (საჩივარი №9990/82), 18.12.1986წ., §54; Assanidze v. Georgia (საჩივარი №71503/01), 08.04.2004წ., §175). თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს ნორმატიულად განსაზღვრულ საფუძველს, როდესაც სახელმწიფოს ჩარევის უფლება ენიჭება. „თავისუფლების აღკვეთა“ არ მოიცავს მხოლოდ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებულ ჩარევას, ანუ პიროვნების დაკავებას ან დაპატიმრებას დანაშაულის ჩადენის ეჭვის საფუძველზე და კანონიერ პატიმრობას სასამართლოს განაჩენის შესაბამისად. „თავისუფლების აღკვეთად“ განიხილება ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, რომელიც პიროვნების თავისუფლების დაკარგვას გულისხმობს, მათ შორის, არასრულწლოვანთა დაპატიმრება აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის გადასაცემად, პირის დაკავება ქვეყანაში უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად ან მისი დეპორტაციისა და ექსტრადიციის მიზნით, აგრეთვე - დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების, ალკოჰოლიკების, ნარკომანების, მაწანწალების დაკავება და სხვა; „თავისუფლების აღკვეთად“ შეიძლება შეფასდეს ამა თუ იმ დაწესებულებაში ადამიანის იძულებით გამწესებაც, სადაც თავისუფლების შეზღუდვის ხარისხი თავისუფლების აღკვეთას უტოლდება. მაგალითად, ფსიქიკურად ან სხვაგვარად დაავადებული პირის თავისუფლების შეზღუდვა დახურული ტიპის სამკურნალო დაწესებულებასა ან თავშესაფარში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ანდა სამხედრო პირის მიმართ განხორციელებული თავისუფლების შეზღუდვა სამხედრო რეჟიმის შესაბამისად და სხვ. (ევა გოცირიძე, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, გამომცემლობა შპს „პეტიტი“, თბილისი, 2013, გვ. 56, 57).

20. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების თავისუფლების შეზღუდვის კანონიერებაზე მსჯელობისას აუცილებელია, შეფასდეს: აღნიშნულის მიზანი არის მხოლოდ სოციალური, თუ ასევე - თერაპიული. შესაბამისად, უნდა გაირკვეს, არის თუ არა საჭირო სათანადო მკურნალობის მიღების ფაქტის დადასტურება დაკავების კანონიერად მიჩნევისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ადრეული გადაწყვეტილებებით (ვინტერვერპი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Winterwerp v. the Netherlands) (საჩივარი №6301/73), 24.10.1979წ., §51 და ეშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ashingdane v. The United Kingdom) (საჩივარი №8225/78), 28.05.1985წ., §44) სათანადო მკურნალობის უფლება არ მოიაზრებოდა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დაცულ სფეროში და ყურადღება მხოლოდ დაცვის სოციალურ ფუნქციაზე მახვილდებოდა.

21. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (ICCPR) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტთან ერთად, ქმნის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილს. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის (შემდეგში „პაქტი“) შესრულებას ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. პაქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ არ უნდა დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას ან დაპატიმრებას. არავის არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და პროცედურისა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკით, პაციენტის იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწასებულებაში წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უფლების შეზღუდვას პაქტის მე-9 მუხლის მიხედვით (იხ.: ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისათვის, ავტორთა კოლექტივი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, გვ. 21, 27).

22. კანონის მე-18 მუხლი ადგენს კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც პირს უტარდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება, კერძოდ, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე, თუ: ა) დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. მითითებული მუხლი შეიცავს მკაცრად გაწერილ პროცედურას, რის შესაბამისადაც უნდა განთავსდეს პირი სტაციონარში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზნით (პაციენტის სტაციონარში არანებაყოფლობითი წინასწარი მოთავსება ხდება სტაციონარის მორიგე ექიმის გადაწყვეტილებით. პაციენტის სტაციონარში მოთავსება ითვლება არანებაყოფლობითი მკურნალობის დასაწყისად (18.4 მუხლი). სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათში ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ უნდა შეისწავლოს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და გადაწყვიტოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხი (18.5 მუხლი). თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დაასკვნის, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება არ არის მიზანშეწონილი, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან (18.6 მუხლი). თუ ექიმ-ფსიქიტრთა კომისია დაასკვნის, რომ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმები და არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება აუცილებელია, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია მიმართავს სასამართლოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ შესაბამისი ბრძანების გამოცემის მოთხოვნით პირის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათში (18.7 მუხლი). სასამართლო ვალდებულია ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვის მიღებიდან 24 საათის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს იგი და მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ (18.8 მუხლი). თუ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ (ან სტაციონარში უკვე მოთავსებული პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ვადის გაგრძელების თაობაზე), პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან (18.11 მუხლი).

23. ამდენად, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციით, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას განსაკუთრებული მტკიცებულებითი ძალა ენიჭება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას, რომელშიც სპეციალისტების მიერ ფასდება კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების არსებობა და შესაბამისად, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აუცილებელობა. სწორედ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია წარმოადგენს პირველად რგოლს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების არსებობის ფაქტს, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსებისათვის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან. გასაზიარებელია მსჯელობა, რომ დასკვნის გამცემ კომისიას მომეტებული პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას ბალანსი პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირებიდან მომდინარე სარგებელსა და იმ შესაძლო რისკებს შორის, რაც დაკავშირებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში პიროვნული თავისუფლების შეზღუდვასთან.

24. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად განმარტავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება მიზნად ისახავს, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება. მოსარჩელე მორალური ზიანის არსებობის ფაქტს უკავშირებს იმ ფსიქო-ემოციურ სტრესს, რაც მან განიცადა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში უკანონო მოთავსებით.

25. პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის მახასიათებელია ადამიანის ფსიქიკურ და სულიერ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება მის ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები მხედველობაში არ მიიღება, ხოლო, როდესაც მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა და ა. შ., ზიანის ანაზღურებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირი მართლზომიერად მოთავსდა ცენტრში, ამასთან, არც მისი მოთავსების პროცედურები და არც მოთავსების შემდეგ ცენტრში ყოფნისას მისი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგოდ არ ჩატარებულა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

27. კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე