უარი ეთქვა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-4683-შ-127-2022
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-4683-შ-127-2022 26 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. ე-ან

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ე-ან

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ------ სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის ------ სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ე-სა და ბ. ე-ს შორის 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

მ. ე-ის წარმომადგენელმა კ. კ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ----- სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ე-ის შუამდგომლობას თურქეთის რესპუბლიკის ----- სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე.

წარმოდგენილი საქმის მასალებით არ ირკვევა, თუ როდის შევიდა კანონიერ ძალაში თურქეთის რესპუბლიკის ----- სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. ე-ის სახელით შუამდგომლობა შემოიტანა მისმა წარმომადგენელმა კ. კ-ამ, რომელიც არის ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, შესაბამისად, იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამოქალაქო საქმეების განხილვაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მ. ე-ს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ ხარვეზებს, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ე-ის შუამდგომლობას თურქეთის რესპუბლიკის ----- სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უარი ეთქვას განსახილველად მიღებაზე.

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, უფლება აქვს ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი