დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 27.12.2022
საქმის ნომერი
ას-211-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-211-2022 27 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „მ-ლ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ-ლ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი კომპანია აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, შპს „ნ.ლ–ის“ (შემდეგში: შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მოპასუხე, მენარდე კომპანია) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 082.81 ლარის გადახდა.

2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა და არ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად, ამდენად, არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლის სათანადო შეფასების პირობებში სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:

7.1. მხარეთა შორის, 2017 წლის 9 ივნისს გაფორმდა სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, შემსრულებელს უნდა შეესრულებინა სამშენებლო სამუშაო, ხოლო შემკვეთმა იკისრა ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება.

7.2. ხელშეკრულების თანახმად, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ....., ს/კ ....., უნდა აშენებულიყო სამედიცინო დაწესებულება. შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას ყოველთვიურად, არაუგვიანეს სამუშაოების მიმდინარეობის ყოველი კალენდარული თვის ბოლო დღისა, წარედგინა შემკვეთისთვის შუალედური აქტი შესასრულებული სამუშაოების შესახებ (ფორმა №2) (ხელშეკრულების 5.3.10 მუხლი). ასევე, ყველა საჭირო შემთხვევაში, გაეფორმებინა შუალედური სამუშაოების აქტები (ხელშეკრულების 5.3.11 მუხლი).

7.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ სამუშაოები დროულად დასრულდებოდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 165 კალენდარული დღის ვადაში, სამუშაოთა სრული ღირებულება შეადგენდა 1 666 118.84 ლარს, №1 დანართით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ხოლო თუ სამუშაოები სრულად დასრულდებოდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 195 დღეში, მაშინ სამუშაოთა სრული ღირებულება შეადგენდა 1 597 038 ლარს, №2 დანართით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

7.4. მხარეთა შორის, 2017 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსრულებელს იმავე ობიექტზე და იგივე სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, ხოლო, ანაზღაურების პირობა, წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის იდენტური იყო. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოთა სრული ღირებულება შეადგენდა 71 779.93 ლარს.

7.5. პირველი ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულება, მოპასუხეს, შუალედური სამუშაოების ფორმა №2-სა და გაწეული მომსახურების ფორმა №3-ის შესაბამისად აუნაზღაურდა ოთხი საბანკო გადარიცხვის გზით: 1) 173 860.04 ლარი, 2) 282 236.00 ლარი, 3) 427 214.54 ლარი, 4) 173 056.41 ლარი. შესაბამისად, სულ გადახდილა 1 056 366. 99 ლარი.

7.6. მეორე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შემკვეთმა გადაიხადა, რაც შეადგენდა 68 764.75 ლარს. დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების მოცულობა შეადგენდა 62 480.42 ლარს, შესაბამისად დამკვეთმა ზედმეტად გადაიხადა 6 284.33 ლარი.

7.7. მოსარჩელე კომპანიამ მიიჩნია, რომ საკუთრი თანამშრომლები შესაძლოა ჩართული ყოფილიყვნენ კომერციულ მოსყიდვაში, რითაც საწარმოს ადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნულის გამო, მოსარჩელის 100 %-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორმა სს „ს.კ.ე–მა“ 2017 წლის 3 ნოემბერს მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. მიმართვის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სს „ს.კ.ე–ის“ თანამშრომლების მიმართ, განხორციელებული შესაძლო თაღლითობის ფაქტზე.

7.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002410418 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2017 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში, შემკვეთის მოთხოვნის მიხედვით, მენარდის მიერ ექვს ეტაპად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაცვლად წარდგენილი 1 252 685.95 ლარისა, შეადგენს 1 051 310.13 ლარს დღგ-ს და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით. სხვაობა შეადგენს 201 375.82 ლარს. ამავე დასკვნის მიხედვით, 2017 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთის დაკვეთით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაცვლად წარმოდგენილი 68 764.75 ლარისა, შეადგენს 62 480.42 ლარს დღგ-ს და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით. სხვაობა შეადგენს 6 284.33 ლარს (ტ.1,ს.ფ. 110).

7.9. დადგენილია, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, პირველი ხელშეკრულების ფარგლებში 1 068 734.13 ლარი შეადგინა.

8. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებების მიხედვით პირველ რიგში განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო არაა მეორე ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 62 480.42 ლარს, ხოლო, ამ სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება მენარდისთვის 68 764.75 ლარი იყო.

9. მხარეთა შორის სადავოა, პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. კერძოდ, შემკვეთის მტკიცებით 2017 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში მენარდემ შეასრულა მთლიანად 1 051 310,13 ლარის სამუშაოები, მაშინ როდესაც მას მიღებული აქვს 1 056 366.99 ლარი, ე.ი. 5 056.86 ლარით მეტი თანხა (მთლიანობაში შემკვეთი ითხოვდა მენარდისთვის ზედმეტად გადახდილი /5056.86 + 6284,33 ლარის/ 11 341,19 ლ დაკისრებას). მოწინააღმდეგე მხარის (შეგებებული სარჩელის ავტორი) მტკიცებით კი, მას პირველი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული აქვს არა 1 051 310,13 ლარის, არამედ 1 068 734,13 ლარის, ე.ი. 17 424 ლარით მეტი ღირებულების სამუშაო (მენარდე შეგებებული სარჩელით მოითხოვდა შემკვეთის მიერ უკვე გადახდილი თანხების (6 284.33 და 5 056.86ლარი) გათვალისწინებით (17 424 - (6284.33+5056.86) = 6082.81) შემკვეთისთვის 6 082.81 ლარის დაკისრებას).

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში სადავოა კონკრეტულად ხიმინჯების მოწყობის სამუშაოთა მოცულობა და მისი ღირებულება, კერძოდ სადავო იყო საკითხი იმასთან დაკავშირებით შემსრულებელმა მოაწყო 431 თუ 480 გრძივი მეტრის ხიმინჯები, შესაბამისად სადავო იყო შესრულებულია 162 503.54 ლარის თუ (162 503.54 + 17 424) 179 927.54 ლარის ღირებულების სამუშაოები.

11. შემკვეთის პოზიცია, რომ მენარდისთვის გადახდილი აქვს არათუ 431, არამედ 750 გრძივი მეტრი ხიმინჯების ღირებულება და ამიტომ გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ედავება მხარე მას დამატებით კიდევ 49 გრძივი მეტრის ღირებულებას, არაა რელევანტური, ვინაიდან საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, მისი კვლევითი ნაწილის და მისი დანართების (დანართი #8, მე-2 გვ. ტ.2 ს.ფ. 82) ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ 1 051 310.13 ლარის ღირებულების სამუშაოებში ხიმინჯების მოწყობის სამუშაოების ღირებულება შეადგენდა მხოლოდ 162 503.54 ლარს. მოწინააღმდეგე მხარე კი სწორედ იმას დავობდა, რომ მის მიერ შესრულდა არა 162 503.54 ლარის ღირებულების ე.ი. 431 გრძივი მეტრის, არამედ 49 გრძივი მეტრით მეტი ე.ი. 480 გრძ.მ. ხიმინჯები და რომ ამ ნაწილში მას არ მიუღია გაწეული სამუშაოს ანაზღაურება - 17 424 ლარი.

12. საკასაციო სასამართლო, მხარეთა შორის სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას არსებითად ეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეკვეთით მომზადებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 15 მაისის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2017 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის დაკვეთით და მოპასუხის მიერ 6 ეტაპად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ნაცვლად წარმოდგენილი 1 252 685.95 ლარისა, შეადგენდა 1 051 310.13 ლარს დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით. სხვაობა ნაკლებობით შეადგენდა 201 375.82 ლარს. იმავე დასკვნის თანახმად, მშენებარე რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში არმატურის განსაზღვრა ვერ მოხდებოდა, შესაბამისად თუ რა ოდენობის და ზომის არმატურაა გამოყენებული ქ. თბილისში, ...... მდებარე სამედიცინო ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე, ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს.

13. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული იყო 750 მეტრი ხიმინჯის მოწყობა, თუმცა სამუშაოების პროცესში აღნიშნული რაოდენობის მოწყობის საჭიროება არ შეიქმნა. დასახელებული რაოდენობის ხიმინჯები მითითებულია მხოლოდ შუალედური სამუშაოების ფორმა #2-ში, რომელიც სამუშაოების დაწყებამდე შედგენილი დოკუმენტია და დასრულების დროისთვის არსებულ, ფაქტობრივად განხორციელებულ სამუშაოებს არ ასახავს, შესაბამისად მხარეთა შორის სადავო საკითხზე, სამუშაოების შედეგად 431 თუ 480 მეტრი ხიმინჯი მოეწყო, პასუხს ვერ იძლევა. ამდენად, სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებიდან, საგულისხმოა დასახელებული ექსპერტიზის დასკვნა და ფარული სამუშაოების მიღების #3 აქტი, ამ უკანასკნელში ხიმინჯების რაოდენობად მითითებულია 480 მეტრი, ხოლო, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 431 მეტრი, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტებისთვის ფარული სამუშაოების მიღების აქტი წარდგენილი არ იყო.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის ფარული სამუშაოების მიღების #3 აქტით დგინდება, რომ 24 ცალი 20 მეტრიანი ხიმინჯია მოწყობილი, რაც ჯამში 480 მეტრს შეადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ აქტს ხელს აწერენ ინჟინერ-მშენებელი, საქმეთა მწარმოებელი და საავტორო ზედამხედველი. ამავე აქტს ხელს არ აწერს დამკვეთის ზედამხედველები, რის გამოც სადავოდაა გამხდარი 3# აქტის ნამდვილობა შემკვეთის მიერ. კასატორის აღნიშნული პრეტენზიის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და განმარტავს, რომ ერთ-ერთი ზედამხედველი პირი, კასატორის, ქვემდგომ ინსტანციაში მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით მისივე კონტრაქტორ პირს წარმოადგენს, რომელიც შენობის კონსტრუქციული პროექტის შესრულების ერთ-ერთი ზედამხედველი იყო, ამდენად, ეს პირი კასატორის ნდობით აღჭურვილ პირს წარმოადგენდა, რომელიც სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე მშენებლობას ესწრებოდა, ასევე დასტურდება, რომ ხიმინჯების მოწყობასაც ესწრებოდა, ხოლო, სამუშაოთა შესრულების შემდეგ დაადასტურა 480 მეტრი ხიმინჯის მოწყობის ფაქტი. რაც შეეხება, უშუალოდ შემკვეთის თანამშრომლებს, რომელთა ხელმოწერის არარსებობის გამო სადავოდ გახადა ფარული სამუშაოების მიღების აქტი, დგინდება, რომ სპეციალური ცოდნა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა დამატებითი ხარჯების გაღებით, რომლითაც კონსტრუქტორის მომსახურება მიიღო, სწორედ იმიტომ ისარგებლა, რომ საკუთარი კომპანიის ადამიანური რესურსი არ გააჩნდა სამუშაოთა სათანადოდ შესაფასებლად, შესაბამისად, მისივე თანამშრომლების ხელმოწერის არარსებობა ფარული სამუშაოების მიღების #3 აქტზე არ არის ის გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მასში მითითებულ ინფორმაციას სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით.

15. საკასაციო სასამართლო დამატებით მხარეთა შორის არსებულ კიდევ ერთ სადავო გარემოებაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პოზიცია აქვთ შესრულებული სამუშაოების (ხიმინჯების მოწყობის) ღირებულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კასატორის განმარტებით ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 1 მეტრი ხიმინჯის მოწყობის ღირებულება 158 ლარია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული ერთი მეტრი ხიმინჯის ღირებულება 158 ლარი, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მხოლოდ საბურღი მოწყობილობის ღირებულებაა, ამასთან მხარეთა შეთანხმებით, ხიმინჯების ხარჯთაღიცხვასთან დაკავშირებული შესაბამისი ფორმის ფასის ველში მითითებულია 162 503.54 ლარი 431 მეტრი ხიმინჯის მოწყობისთვის, რაც ასევე ადასტურებს, რომ 480 მეტრი ხიმინჯის მოწყობისთვის თითოეული მეტრის ღირებულება 377 ლარია.

16. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის, მოთხოვნა სსკ-ის 629.1 „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წესის გამოყენებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა აპელანტისთვის დაკისრებული თანხის ოდენობა.

17. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „მ-ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „მ-ლ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №339, გადახდის თარიღი 2022 წლის 26 იანვარი), 567.05 ლარის 70% - 396.93 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე