დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 27.12.2022
საქმის ნომერი
ას-253-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-253-2022 27 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში: „მოპასუხე“, „ს.კ.“, „მზღვეველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანიის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპნია“ ან „კომპანია“) სარჩელი სადაზღვევო კომპანიის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უხეშ გაუფრთხილებლობას. მაშინ, როდესაც წარდგენილი საექსპერტო დასკვნით დადასტურებულია მოსარჩელის კითვნილი წყალსადენი მილებიდან გამონადენი სასმელი წყლის ჩადინებით აბონენტის სახლისა და ეზოს დაზიანების ფაქტი, რისი თავიდან აცილებაც კომპანიას შეეძლო. მიუხედავად აბონენტის არაერთი თხოვნისა, კომპანიას ზიანის თავიდან ასაცილებლად არ მიუღია ადეკვატური ზომები, რაც იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოწვეულია შეგნებულად, დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, არსებობს სსკ 842-ე მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო კომპანის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.

3. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (საქმე #ას-661-2021).

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.1. 2014 წლის 28 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „ს.კ. ა.ჯ–ს“ (რომლის სამართალმემკვიდრეცაა მოპასუხე) შორის გაფორმდა დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება №ICG/AG 14/054, რომლის მიხედვით, მოსარჩელის დაზღვეულ ინტერესს წარმოადგენდა დამზღვევის საქმიანობის (ეკოლოგიურად სუფთა და სტაბილური წყლის წარმოება და მიწოდება, ელექტროენერგიის გენერირება შიდა მოხმარებისათვის) შედეგად მესამე მხარეთათვის/დაქირავებული მუშაკებისათვის მიყენებული სხეულის და/ან ქონების ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც დამზღვევს წარმოეშობოდა კანონის თანახმად;

8.2. ამავე პოლისით, მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგელობისათვის ფრანშიზა განისაზღვრა 15 000,00 აშშ დოლარით თითოეულ და ყველა შემთხვევაში. ამასთან, მხარეებმა შეათანხმეს სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი.

8.3. 2014 წლის 23 ივნისს, მოსარჩელე კომპანიაში შევიდა შეტყობინება ქ. თბილისში, ....... სასმელი წყლის მილის სავარაუდო დაზიანების შესახებ (ე.ნ–ძის სახლის სარდაფში ჩადიოდა წყალი). დაზიანება აღმოიფხვრა 2014 წლის 28 ივნისს.

8.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ე.ნ–ძის სარჩელი შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელისათვის ზიანის, 197 600,00 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ გაიზიარა ე.ნ–ძის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 7 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების დაზიანებები წყალსადენის დაწნევით მაგისტრალური მილის მნიშვნელოვანი რღვევით იყო გამოწვეული, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციები თავის დროზე შესრულებული იყო ვარგისიანობის დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ დონეზე, მათი იმჟამინდელი მდგომარეობა ფუძე-გრუნტის გამორეცხვის გამო, ხასიათდებოდა დაქვეითებული და არასტაბილური მდგომარეობით; სასამართლომ დაადგინა, რომ ე.ნ–ძის საცხოვრებელი ბინის დაზიანება გამოწვეული იყო მოპასუხის მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის მილის დეფექტით. ე.ნ–ძის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს გამაგრებითი სამუშაოების ღირებულებამ და დაზიანებით გამოწვეული ზარალის ოდენობამ შეადგინა 197 000,09 ლარი, რისი გადახდაც დაეკისრა მოპასუხეს. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3 359,20 ლარისა და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით - 2 925,96 ლარის ანაზღაურება;

8.5. 2016 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელე კომპანიამ ე.ნ–ძეს გადაურიცხა 203 885,16 ლარი;

8.6. სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ პოლისით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, დამზღვევი სადაზღვევი პრემიას კეთილსინდისიერად იხდიდა და დამზღვევმა მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების წესი დაიცვა.

8.7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სადაზღვევო კომპანიის მიმართ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.

9. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.

10. კასატორის საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე კომპანია მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც გამორიცხავს მზღვევლის ვალდებულებას, აანაზღაუროს შემთხვევით გამოწვეული ზიანი, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საფუძველი.

11. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მოსარჩელე კომპანიის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან აშკარაა უხეში გაუფრთხილებლობა თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რაც განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

12. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე Nას-745-713-2014).

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე კომპანიას გონივრული ზომების მიღებით შეეძლო დამდგარი ზიანის თავიდან აცილება, რაც მან განგებ არ გააკეთა. აღნიშნული კი გათანაბრებულია ზარალის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებასთან.

14. მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ შემდეგ ფაქტრობრივ გარემოებებს: ქ. თბილისში, ....... სასმელი წყლის მილის სავარაუდო დაზიანების თაობაზე შეტყობინება მოსარჩელე კომპანიაში შევიდა 2014 წლის 23 ივნისს, ხოლო დაზიანება აღმოიფხვრა 2014 წლის 28 ივნისს. საქმეში წარდგენილია წყლის განაწილების განყოფილების უფროსის 2014 წლის 25 ივნისის სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ დაზიანება იყო ფარული, დაზიანების აღმომჩენი ხელსაწყოების გამოყენებით ჩატარებული ტექნიკური ღონისძიების შედეგად წყალსადენის ქსელზე მოინიშნა ერთი დაზიანება, რაც აღადგინა საავარიო სამსახურმა. მიუხედავად ამისა, საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყლის შედინება არ შეწყვეტილა. დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მიერ სავარაუდო დაზიანების ადგილის გამოვლენა ვერ მოხერხდა, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გზის სავალი ნაწილის დეფორმირებულ სამ ადგილზე გაკეთდა საკონტროლო შურფირება, რის შედეგად დაზიანება წყალსადენის ქსელზე არ აღმოჩნდა. ქიმიურ-ბაქტეროლოგიური ლაბორატორიის მიერ აღებული იქნა სარდაფში შემავალი წყლის სინჯი. ლაბორატორიული ანალიზით წყლის ზუსტი წარმომავლობის დადგენა ვერ მოხერხდა. იმისათვის რომ დაზუსტებულიყო, თუ რომელ ქსელზე იყო დაზიანება, საჭირო იყო ეტაპობრივად გამორთვა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული წყალსადენი ქსელებისა (4 წყალსადენის ქსელი). გარდა ამისა, აუცილებელი იყო საავარიო სამსახურისა და წყლის განაწილების განყოფილების მიერ ერთობლივად გაგრძელებულიყო საძიებო სამუშაოები.

15. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ წყლის მილის დაზიანება იყო ფარული, ხოლო დაზიანების აღმოჩენის მიზნით სამუშაოები ჩატარდა ეტაპობრივად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მსგავსი სამუშაოების წარმოება, თავისთავად, გარკვეულ დროს მოითხოვდა (აღნიშნულ სამუშაოებს კი 2014 წლის 28 ივნისამდე ასრულებდა კიდეც მოსარჩელე). ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელეს არ მიუღია ადეკვატური ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად და მან განგებ, თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო უარყოფითი შედეგის დადგომას.

16. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ, კასატორს არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი (მაგ. საექსპერტო დასკვნა ან სხვა), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს (მოსარჩელის ბრალეულობასთან მიმართებით) გააბათილებდა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

18. საქმეში წარდგენილ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 7 ივლისის საექსპერტო დასკვნას საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს მოსარჩელის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის საფუძვლად, ვინაიდან მითითებული დასკვნით, მართალია, დადასტურებულია მოსარჩელის კუთვნილი წყლის მილების რღვევის შედეგად კერძო საკუთრების (საცხოვრებელი სახლისა და ეზოს) დაზიანების ფაქტი, თუმცა დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის საჭიროა არა თავად აღნიშნული ფაქტის დადასტურება, არამედ იმის დამტკიცება, რომ ეს გამოწვეული იყო მოსარჩელე კომპანიის ბრალით (მისი უმოქმედობით ან/და უხეში გაუფრთხილებლობით). საქმის მასალები კი არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დამზღვევის მხრიდან გამოვლენილია უხეში გაუფრთხილებლობა. შესაბამისად, არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე,19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების კასატორისმიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი (იხ. სუსგ საქმე Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (იხ. სუსგ საქმე Nას-1479-2019, 21.01.2020წ.).

20. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქმის (სუსგ საქმე #ას-661-2021, 20 აპრილი, 2022 წელი) ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება წინამდებარე საქმის მასალებისგან, რაც საფუძველს აცლის საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებულ პრეტენზიას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად შეაფასა მოსარჩელის ბრალეულობის საკითხი, მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №4576162, გადახდის თარიღი 2022 წლის 16 მარტი), 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე