დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-999-2022 1 თებერვალი, 2023 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ.ბ–ი"(მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ.ზ–ა, ლ.რ–ძე
მესამე პირი - სს "კ.კ–ი"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – გირავნობის ხელშეკრულების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ს.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოგირავნე, კრედიტორი ან ბანკი) წინააღმდეგ გირავნობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მან 2017 წლის 24 ივლისს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე უფლებრივად უნაკლო სატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომელიც ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაფორმდა შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში და მასზე არ გავრცელებულა არანაირი იპოთეკა-გირავნობა (იხ. სარჩელი -ტ.1, ს.ფ.3.);
2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სრულად იქნა გაზიარებული, კერძოდ:
2.1. მოპასუხე ბანკსა და სს „კ.კ–ს“ (შემდეგში: მესამე პირი ან მოვალე) შორის, 2013 წლის 30 ოქტომბერს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1944835-2442124, რომლის მიხედვით, მსესხებელზე სესხის სახით ავტომანქანის შესაძენად გაიცა კრედიტი 1 888 აშშ დოლარი. კრედიტის მოქმედების ვადა და დაფარვის გრაფიკი 2014 წლის 30 ოქტომბრამდე განისაზღვრა (იხ. ტ.1, ს.ფ.174-177);
2.2. ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ბანკსა და შპს „კ.ა–ს“ შორის, 2013 წლის 30 ოქტომბერს, N123123276483 გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, გირავნობის საგანი იყო სატრანსპორტო საშუალება - JEEP Grand cherokee საიდენტიფიკაციო კოდით ..., სახელმწიფო N .... (შემდეგში: გირავნობის საგანი)- იხ. ტ.1, ს.ფ.25-28;
2.3. გირავნობის საგანი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 იანვრის N663 ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა. ამ ბრძანებაში მითითებულია, რომ შპს „კ.ა–ს“, რომელთანაც მოპასუხე ბანკს 2013 წლის 30 ოქტომბერს გირავნობის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული (იხ. 2.2 ქვეპუნქტი), წერილობითი შეტყობინება ჩაბარდა 2016 წლის 22 დეკემბერს და ვინაიდან ამოიწურა შტყობინებით განსაზღვრული ვადა, ხოლო შპს „კ.ა–ს“ სატრანსპორტო საშუალების (გირავნობის საგნის) არც სხვა საბაჟო საწყობში გადატანა და არც სასაქონლო ოპერაციაში მიქცევა არ განუხორციელებია, მიზანშეწონილია საქონლის განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის N2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიცა ბრძანება შპს „კ.ა–ის (ს/კ ....) სახელზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების 1J4GW48S42C... სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (იხ.ბრძანება და მიღება-ჩაბარების აქტი 06.07.2017წ. - ტ.1, ს.ფ. 22-24);
2.4. მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ მის მიერ შეძენილ ავტოსატრანპორტო საშუალებაზე შსს მომსახურების სააგენტოში არ ირიცხებოდა რაიმე შეზღუდვა, მათ შორის არც გირავნობის უფლება, ასევე არც ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის აქტშია ასეთი აღნიშვნა; მოსარჩელე იმასაც აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 იანვრის N 663 ბრძანება და 5 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა ეს ავტომანქანა, სამართლებრივად უნაკლო მდგომარეობაშია, ხოლო თავად ქონების გადაცემის შესახებ ბრძანება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული (იხ.ტ.1, ს.ფ.3).
2.5. მოგირავნე ბანკის მოთხოვნით სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2017 წლის 12 სექტემბერს, N016163 გირავნობის მოწმობა გაიცა. გირავნობის მოწმობის მიხედვით, გირავნობის რეგისტრაციის თარიღია 2013 წლის 30 ოქტომბერი (იხ.ტ.1, ს.ფ.29);
2.6. მოსარჩელემ, 2017 წლის 24 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით გირავნობის საგანი შეიძინა, რაც მას 4 აგვისტოს აქტით გადაეცა;
2.7. მოსარჩელისათვის გირავნობის საგნის (ავტომანქანის) გადაცემის თაობაზე, 2017 წლის 4 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი შედგა, რომლის მოკლე აღწერილობის გრაფაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანაზე გირავნობის უფლება მოპასუხე ბანკს ჰქონდა. მიღება-ჩაბარების აქტი მხარეების მიერ ხელმოწერილია (იხ. ტ.1, ს.ფ. 128-129);
3. სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, რომლითაც უარყოფილი იქნა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) ძირითადი არგუმენტი, რომ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლით მასზე არსებული სანივთო უფლება გაუქმდა;
3.1. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის საფუძველი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 იანვრის N 663 ბრძანება იყო, რომლის თანახმადაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შპს „კ.ა–ის“ სახელზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალება დროებით შენახვის მიზნით, 2014 წლის 5 მარტს, საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსდა. კერძოდ კი - შპს „რ.ტ.პ–ის“ საბაჟო საწყობში. შპს „რ.ტ.პ–ის“ წარმომადგენელმა 2016 წლის 21 სექტემბრისა და 21 ოქტომბრის წერილებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმების თაობაზე. ვინაიდან, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად შეტყობინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა, ხოლო შპს „კ.ა–ს“ სატრანსპორტო საშუალება არც სხვა საბაჟო საწყობში გადაუტანია და არც სასაქონლო ოპერაციაში მოუქცევია, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით განკარგვა (იხ. 2.3 ქვეპუნქტი);
3.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომანქანა განკარგვის მიზნით საჯარო აუქციონის ვებ-გვერდზე განათავსა. ამასთან, თვისებები/აღწერილობის გრაფაში მითითებული იყო პირობა ავტომანქანაზე მოპასუხე კომპანიის გარდამავალი გირავნობის უფლების, 1 888 აშშ დოლარის, არსებობის თაობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ.126-127).
3.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება;
3.4. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხე ბანკი მიეკუთვნება საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების რიცხვს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლი არ გამორიცხავს და ადგენს გირავნობის უფლების შენარჩუნებისა და გადასვლის ფაქტს;
3.5. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო გირავნობის უფლების არსებობის შესახებ, რაც საქმეში არსებული არაერთი დოკუმენტით დასტურდება, მათ შორისაა 2017 წლის 4 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მოკლე აღწერილობის გრაფაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანაზე ირიცხება მოპასუხე ბანკის გირავნობის უფლება;
3.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება გირავნობის უფლების არარსებობის შესახებ, ისევე როგორც იმის დამტკიცება, რომ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა განაპირობებდა აღნიშნული უფლების გაუქმებას;
3.7. სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული მტკიცების გასაბათილებლად, რომ მოპასუხე ბანკსა და მესამე პირს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 ქვეპუნქტი) შორის 2013 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია (რასაც სარჩელში უთითებს მოსარჩელე - იხ. ტ.1, ს.ფ. 6; იხ. მოპასუხის შესაგებელი ამ ნაწილში - ტ.1, ს.ფ. 157) განმარტა, რომ სამართალურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მომდინარეობს. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე ვრცელდება 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოვალეს (მესამე პირს) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 30 ოქტომბერს, 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა 2016 წლის 30 ოქტომბერს. ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში, კრედიტორის (ბანკის) მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 12 სექტემბერს, გირავნობის მოწმობა გაიცა. ამდენად, კრედიტორმა მოთხოვნის უფლება ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში განახორციელა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის (აპელანტის) მტკიცება, რომ ბანკსა და მოვალეს (მესამე პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან, ასევე, ბანკსა და შპს „ კ.ა–ს“ შორის გაფრომებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ბანკს წარმოეშვა 2013 წლის 1 დეკემბრიდან, რადგან ხელშეკრულება ყოველთვიური დაფარვის გრაფიკს ითვალისწინებდა და, გარდა იმისა, რომ აპელანტის მიერ ავტომანქანის შეძენის დროს არ არსებობდა ბანკის გირავნობის უფლება, ასეც რომ ყოფილიყო, ბანკს მოვალისადმი მოთხოვნის უფლება 2013 წლის 1 დეკემბრიდან წარმოეშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მოთხოვნა ხანდაზმულობის საფუძველზე უკვე დაკარგულ და განუხორციელებად უფლებად იქცა (იხ. სარჩელი - 1, ს.ფ.6; სააპელაციო საჩივარი - ს.ფ. 306-308)
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებებსა და შედავებული სამართლებრივი შეფასების იდენტურ პრეტენზიებზე დაყრდნობით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის /საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას/; ამავე განჩინებით საქმის ზეპირი განხილვის ფორმით მოსმენა განისაზღვრა იმავე წლის 6 დეკემბერს, რაც ვერ შედგა, რადგან მოსარჩელის (კასატორის) მიერ საკასაციო სასამართლოში 2022 წლის 5 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებით (რეგისტრაციის N ა-6462-22) მოთხოვნილი იქნა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, რამდენიმე საფუძვლით, კასატორს გარდაეცვალა ოჯახის უახლოესი ნათესავი და ამის გამო, ვერ შეძლებს სხდომაზე გამოცხადებას; მას პირადად სურს საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა, ამასთან, მან ოფიციალურად გააუქმა წინა წარმომადგენელ ადვოკატთან მინდობილობა (შესაბამისი სანოტარო აქტი ერთვის განცხადებას).
6. საკასაციო სასამართლომ მხარეებთან შეთანხმებით განსაზღვრა საქმის ზეპირი განხილვით მოსმენა 2023 წლის 25 იანვარს. კასატორმა 2023 წლის 24 იანვარს წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლის მიხედვითაც მხარემ მოითხოვა მისი საკასაციო პრეტენზიის განხილვა (რეგისტრაციის N ა-302-23, რეგისტრაციის დრო 16:30 სთ; ფურცლების რაოდენობა- 16); კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს 2023 წლის 25 იანვრის სხდომაზე მიეცა წინადადება, სასამართლოს მიერ შესვენების გამოცხადების, ან საჭიროების შემთხვევაში, სხდომის გადადების გზით, დამატებითი დროის განსაზღვრის თაობაზე, რათა მოპასუხეს შეძლებოდა საკასაციო განაცხადის გაცნობა. მოპასუხემ არ მიიჩნია აუცილებლად დამატებითი დროის გამოყენება ამ მიზნით და განმარტა, რომ სხდომაზე გამოქვეყნებულ არგუმენტებს მოისმენდა, რადგან ქვემდგომი ორი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად დეტალურად იმსჯელა მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციებზე. მოპასუხეს მიაჩნია, რომ კასატორი ამ შემთხვევაში საქმის განხილვის გაჭიანურებაზეა ორიენტირებული (იხ. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმი 13:13:08-დან 14:20:02-მდე).
7. საკასაციო სასამართლომ განმარტა საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის ფარგლები, რაც სსსკ-ის 404-ე „1. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. 2. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. 3. საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიულ და საგნობრივ განსჯადობას საკასაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული სააპელაციო სასამართლოში” და 407-ე „1. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. 2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)“ მუხლების დანაწესს ეფუძნება.
8. საკასაციო სასამართლომ მხარეებს განუმარტა, სსსკ-ის 218-ე მუხლის მიხედვით, მორიგების საფუძველზე დავის დასრულების შესაძლებლობა, თუმცა, კასატორმა (მოსარჩელემ) უარი განაცხადა მორიგებაზე (იხ. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმი 14:20:20-დან 14:23:09-მდე).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, შეფასებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული.
11. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
12. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ძირითადი საკასაციო არგუმენტი, რომელიც მისსავე სარჩელსა და სააპელაციო საჩივარშია მითითებული, იმაში მდგომარეობს, რომ მის მიერ შეძენილ ავტოსატრანპორტო საშუალებაზე შსს მომსახურების სააგენტოში არ ირიცხებოდა რაიმე შეზღუდვა, მათ შორის არც გირავნობის უფლება, ასევე არც ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის აქტშია ასეთი აღნიშვნა; მოსარჩელე იმასაც აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 იანვრის N 663 ბრძანება და 5 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა ეს ავტომანქანა, სამართლებრივად უნაკლო მდგომარეობაშია, ხოლო თავად ქონების გადაცემის შესახებ ბრძანება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული (იხ.ტ.1, ს.ფ.3). საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არ იმსჯელებს დაზუსტებული საკასაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, ისეთ ფაქტებზე, რომლებიც არც სარჩელშია მითითებული და არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ ქცეული (საკასაციო სასამართლომ საქმისწარმოების პროცესუალური მოწესრიგების შესახებ მხარეებს განუმარტა 2023 წლის 25 იანვრის სხდომაზე; იხ. სხდომის ოქმი 14:54:19-დან).
13. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ გირავნობის საგანი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 იანვრის N663 ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ მასში არ არის მითითებული გარდამავალი გირავნობის უფლების არსებობის შესახებ, ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ მოსარჩელემ იცოდა, რომ აუქციონზე განკარგვის მიზნით გატანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება უფლებრივად უნაკლო არ იყო. ამ მიმართებით, მოპასუხემ (კასტორის მოწინააღმდეგე მხარემ) დამატებით განმარტა, რომ N 663-ე ბრძანება არ არის განკუთვნილი მესამე პირთათვის, რადგან როდესაც ამოიწურა შპს „კ.ა–ისათვის“ შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, ხოლო ამ უკანასკნელს სატრანსპორტო საშუალება (გირავნობის საგანი) არც სხვა საბაჟო საწყობში გადაუტანია და არც სასაქონლო ოპერაციაში მიუქცევია, საქონლის განკარგვა ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი მოწესრიგებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავით (მუხლები 24-27). კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ ისიც აღნიშნა, რომ N 663-ე ბრძანება და მისი დანართი რეალურად ამ საქმისწარმოების დაწყებამდე არც იყო ხელმისაწვდომი მოსარჩელისათვის, თუმცა, ესეც რომ არ ყოფილიყო, აუქციონზე განკარგვის მიზნით გატანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული იყო გარდამავალი გირავნობის უფლება, რაც სააუქციონო განაცხადში, ასევე აუქციონზე შეძენილი მოძრავი ნივთის გადაცემის აქტშიც აღნიშნულია და სადავო არ არის. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა მხარეთა მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მტკიცება, რომ მან უფლებრივად უნაკლო ქონება შეიძინა, რადგან საქმეში არსად არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენამდე მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა კონკრეტულ მოძრავ ნივთთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია, არც ქონების განმკარგავი პირის განცხადებაა საქმეში, საიდანაც გამოვლინდებოდა, რომ მოძრავ ნივთზე არავითარი სამომავლო უფლება არ ირიცხება. მოპასუხემ ისიც განმარტა, რომ საზღვარგარეთ შეძენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისთანავე ენიჭება ე.წ. “vin” კოდი, რომელიც არის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, შესაძლოა სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი მრავალჯერ შეიცვალოს, თუმცა, ეს კოდი უცვლელია და ამის მიხედვით არის იდენტიფიცირებადი ავტომანქანა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გადაწყვიტა სატრანსპორტო საშუალების განკარგვა აუქციონის გზით, გამოიტანა საჯაროდ და მასზე რეგისტრირებული სამომავლო გირავნობის უფლებაც მიუთითა. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენამდე მოძრავ ნივთზე არ ირიცხებოდა სამომავლო გირავნობის უფლება (იხ. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმი 14:54:19-დან).
15. საკასაციო სასამართლო კასატორის მტკიცების გასაქარწყლებლად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე, მიუთითებს მოსარჩელის მიერ სადავო გირავნობის საგნის-ავტომანქანის შეძენის დროისათვის მოქმედ დანაწესზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 77 1 მუხლის მე-7 ნაწილის რედაქციაზე, რომლის მიხედვით „უზრუნველყოფილი მოთხოვნის, მათ შორის, ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები“, რაც სავსებით აბათილებს მოსარჩელის პოზიციას, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების მიქცევის (გადაცემის) შემდეგ, უქმდება ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). ზემოხსნებული მუხლის თანახმად, საკანონმდებლო რეგულაცია ცალსახად ადგენს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში ქონების, რომელიც უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით, ნატურით გადაცემის შემთხვევაში უქმდება არა ეს გირავნობა/ იპოთეკა, არამედ ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები; ესეც რომ არ იყოს, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად გამოიყენა და დაასაბუთა მოსარჩელის (აპელანტის) საწინააღმდეგოდ ის სპეციფიკური მოწესრიგება, რაც ზემოხსენებული კანონის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარეობს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.3-3.4 ქვეპუნქტები);
16. კასატორის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, რომელიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 ნაწილზე „შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები, თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე“ დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მან უფლებრივად უნაკლო ავტომანქანა შეიძინა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული კანონის 50-ე მუხლი ადგენს ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას. მოსარჩელის მიერ მე-9 პუნქტის მითითება მცდარია, რადგან იგივე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრულია, რომ „თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა“. ამდენად, კანონით ფინანსურ ინსტიტუტებს ერთგვარი გარანტიები აქვთ დაწესებული სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფილი მოთხოვნის/უფლების რეალიზაციის შემთხვევებისათვის.
17. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე განჩინების 3.7 ქვეპუნქტში ასახული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას არ იზიარებს, თუმცა, ეს მაინც არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესოსამართლებრივ საფუძველს, რადგან აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილის დასკვნა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ (კასატორმა) სარჩელით თვითონვე გახადა სადავო მოპასუხე ბანკსა და შპს „კ.ა–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი) გამომდინარე ბანკის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ.6), რაც, საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოცემული დავის ფარგლებში არ შეიძლება იქნეს შეფასებული და სადავო სამართალურთიერთობის მიღმაა, ამასთან, კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკსა და მის კონრაჰენტ საწარმოს შორის დავის შემთხვევაში, მოსარჩელემ (კასატორმა), როგორც მესამე პირმა, შესაძლოა სწორედ ამ საფუძვლით სცადოს თავის დაცვა (ამის თაობაზე მხარეთა ყურადღება გაამახვილა საკასაციო სასამართლომ, მოპასუხემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოში უკვე დასრულდა დავა რასაც მოსარჩელეც დაეთანხმა; დაწყებულია სააღსრულებო წარმოება - იხ. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმი 15:48:48-დან).
18. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე