დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 29.11.2022
საქმის ნომერი
ას-877-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.11.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-877-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ო–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ო–ვმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,მ“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, ,,კასატორი“) მიმართ და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის მითითებით, მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად, კერძოდ, ......ქუჩა N92-ში, ...... ქუჩა N87-ში მოპასუხე შპს ,,მ." მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. მშენებლობის დროს, მთლიანად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავი, დაიბზარა კედლები და შენობის სხვა ნაწილები, რაც დადგენილია სარჩელზე წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 01/10/ N5005045515, 2016 წლის 17/10/ N50005646916 და 2018 წლის 10 სექტემბრის N500588618 დასკვნებით. ზიანის ოდენობამ შეადგინა 47 797,7 ლარი, რომლის ანაზღაურებაზე მოპასუხე თავს იკავებს და რომლის წარმოშობაში მოპასუხე მხარის ბრალეულობა ექსპერტიზის არაერთი დასკვნის საფუძველზე დადგენილია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის არცერთი დასკვნით არ დგინდება, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიზეზით მიადგა რაიმე ზიანი. ანუ მიზეზშედეგობრიობა, რისი გამორკვევაც მნიშვნელოვანი საკითხია ასეთი კატეგორიის საქმეებზე. გარდა ამისა, კატეგორიულად ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მითითებას, რომ ზიანის ოდენობამ შეადგინა 47797,7 ლარი, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ, ორივე მხარის განმარტებას და პოზიციას უნდა მისცეს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებითი ძალა. საბოლოოდ კი, უნდა გაიზიაროს მხოლოდ იმ მხარის განმარტება, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.08.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 47797,9 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.05.2022წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა. სასამართლომ გამოიყენა კანონები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. კასატორის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

კასატორის მტკიცებით, არ არის დადგენილი, ხომ არ იყო ეს ბზარები შპს "მ."–ის მიერ მშენებლობის დაწყებამდე ან ხომ არ გამოიწვია ბუნებრივმა ზემოქმედებამ ან შენობის სიძველემ. არ არის დადგენილი არცერთი დასკვნით მიზეზშედეგობრიობა, ანუ ის გარემოება, რომ ზიანი მოსარჩელე მხარეს სწორედ შპს "მ."–ის მიერ მშენებლობის შედეგად მიადგა. საქალაქო სასამართლოს ეს დასკვნა გამოაქვს, როცა არ დადგენილა, თუ როდის დაიწყო რეალურად მშენებლობა, რამ გამოიწვია ეს დეფორმაციები, არის თუ არა ეს დეფორმაციები შპს "მ"–ის მიერ მშენებლობის შედეგი.

მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში, მის საკუთრებაში რიცხული სახლის ტექნიკური მახასიათებლები, სეისმომედეგური, გეოლოგიური და სხვა სახის დასკვნები, რომლებითაც შესაძლებელი გახდებოდა მსჯელობა, თუ რამდენად შეეძლო ასეთი სახის მიწისძვრას გამოეწვია მოსარჩელის სახლის დეფორმირება.

კასატორის განმარტებით, ექსპერტმა დასკვნა თავის ვარაუდებს დააფუძნა, ექსპერტი, როგორც თვითონვე განმარტავს, არ გასცნობია საქმის მასალებს, არ შეუსწავლია და არ უნახავს სამშენებლო არცერთი სახის დოკუმენტაცია, დასკვნები კი ისე ჩამოაყალიბა, რომ ისინი საქმეში არსებულ მტკიცებულებს სრულებით არ შეესაბამება.

7.2. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 ივნისის დასკვნის გაზიარება შეუძლებლია, ვინაიდან, ამ დასკვნით, რეალურად ვერ დგინდება მიზეზშედეგობრიობა, რაც დელიქტისათვის არსებითად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კერძო საწარმოს – შპს "ს–ას“ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით დადგენილი ფასები და არავინ იცის, თუ რა საწარმოა ეს, ვინ არის შემფასებელი, რამდენად სანდოა ეს ხარჯთაღრიცხვა, არის თუ არა მისი ავტორი, ამ დარგის სპეციალისტი და ასე შემდეგ. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა მტკიცების ტვირთის მხარეთათვის განაწილების სამართლებრივი შინაარსიც.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შედეგობრივი თვალსაზრისით (არსებითად), სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სავსებით მართებულად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ამდენად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს მოპასუხე კომპანიის მშენებლობის შედეგად მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

13. განსახილველ შემთხვევაში, 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. კერძოდ: მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის დროს, სამშენებლო მოედანზე გამოყენებული მძიმე ტექნიკის მუშაობით და მათგან გამოწვეული დინამიკური დატვირთვების შედეგად; ზიანი გამოიწვია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ. ეს გარემოებები დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს სარჩელი.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებასა და სამართლებრივი ნორმების არასწორად განმარტებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

15. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

16. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 1-ლი ოქტომბრისა და 2019 წლის 16 ივნისის დასკვნების თანახმად, ქ. ბათუმში, ....... ქN92/........ ქN87-ში მოპასუხე შპს „მ“-ის მიერ მშენებლობის დაწყებამდე ქ. ბათუმში, ...... ქN94-ში მდებარე ა.ო–ვის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არ აღინიშნებოდა ბზარები ან სხვა რაიმე დაზიანებები და მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. 18.05.2017 და 10.09.2018 წლების საექსპერტო დასკვნებში დაფიქსირებულია ქ. ბათუმში, ..... ქ. N94-ში მდებარე ა.ო–ვის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და ეზოში შესასვლელი ლითონის კონსტრუქციებით შესრულებული კარების დეფორმაციები.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის დასკვნაში მითითებულია, რომ, ვინაიდან 2015-2019 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ბათუმში მდებარე შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და, ამასთან, ბათუმში, ...... ქ. N94 ში, ა.ო–ვის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე და ეზოში არსებული დაზიანებების სპეციფიკიური ხასიათის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბათუმში, ......ს ქ. N94-ში მდებარე ა.ო–ვის საცხოვრებელ სახლზე დაზიანებები გამოწვეულია ბათუმში, ........ ქN92/..... ქN87-ში სამშენებლო სამუშაოების შედეგად. აღნიშნული დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმაც.

17. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 ნოემბრის საქმე №ას-833-833-2018 განჩინება,; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის საქმე №ას-867-834-2016, გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის დროს, სამშენებლო მოედანზე გამოყენებული მძიმე ტექნიკის მუშაობით და მათგან გამოწვეული დინამიკური დატვირთვების შედეგია. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რის გამოც ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოშობილია, ნამდვილი და განხორციელებადია სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე.

18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

19. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც იჯარის საფასურის დაკისრების, ასევე, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც შპს ,,მ"-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,მ“-სს (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ.ს–ძის მიერ 2022 წლის 15 აგვისტოს №14171088216 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2389.89 ლარის 70% – 1672.92 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი