დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-160-2021 21 ივლისი, 2022 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - სს „მ.ს.თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ი. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2020წ. განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.02.2019 წლის გადაწყვეტილებით ბ.ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „მ.ს.თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გასამრჯელოს ანაზღაურება 22000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. 30.09.2020 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, მე-10 სართული, 35,28 კვ.მ, №1003 მშენებარე ფართი, ს/კ: ........, ყადაღის დადება. განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხე, როგორც სამეწარმეო სუბიექტი, არაერთხელ დაექვემდებარა რეორგანიზაციას. არსებობს რისკი, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდების მიზნით მოპასუხემ გაასხვისოს უძრავი ქონება ან ქონება შეიტანოს სხვა საზოგადოების კაპიტალში, რაც შეუძლებელს გახდის ან გაართულებს სარჩელზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2020 წლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ........ მე-10 სართული, 35,28 კვ.მ, №1003 მშენებარე ფართის, ს/კ: ......., გასხვისება და სანივთო უფლებებით (იპოთეკა, აღნაგობა, უზურფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის მითითება, რომ, ისეთ პირობებში, როდესაც სარჩელზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დარჩება უცვლელი და შევა კანონიერ ძალაში, შესაძლოა მისი აღსრულება გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს. პალატას ასეთი ვარაუდი ჩამოუყალიბდა იმ ფაქტების ანალიზის საფუძველზე, რომ მოპასუხემ, რომელმაც არაერთხელ განიცადა რეორგანიზაცია, არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება, თავის მხრივ, გაასაჩივრა თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც ქმნის მაღალი რისკის საფუძველს, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდების მიზნით განახორციელოს ისეთი მოქმედებები (გაასხვისოს კუთვნილი ქონება ან მოახდინოს ქონების სხვა საზოგადოების კაპიტალში შეტანა), რაც გამოიწვევს მის გადახდისუუნარობას და, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 271-ე, 191.1-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იყო გამართლებული.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2020 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.02.2019 წლის გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2020 წლის განჩინება მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთო უფლებებით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2020 წლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 01.10.2020 წლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (სუსგ №ას-1580-2019, 19.12.2019წ.).
11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
12. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ № ას-1477-2018, 31.01.2019წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).
13. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
14. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).
15. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტის პროპორციულობის ტესტია. აღნიშნული ტესტის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
16. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს 01.10.2020 წლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და სანივთო უფლებებით (იპოთეკა, აღნაგობა, უზურფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.
17. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.02.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2020 წლის განჩინებით, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დაარღვია თანაზომიერების პრინციპი. პალატა მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილთან მიმართებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების არათანაზომიერებას.
20. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ თუ საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებლად ხელყოფდა მის უფლებებს, მხარეს შეეძლო, მის ნაცვლად, სასამართლოსთვის შეეთავაზებინა სხვა საშუალება და მოეთხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მისთვის მისაღები უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომელიც, ერთი მხრივ, მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ ბერკეტებს შეუქმნიდა, მაგალითად, უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება, თანხის დეპოზიტზე განთავსება და ა.შ. (შდრ. სუსგ №ას-1466-2019, 25.12.2019წ.).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიება მოთხოვნის პროპორციულია, გამოყენებულია კანონით განსაზღვრული თანაზომიერების პრინციპის დაცვით და სრულად შეესაბამება იმ მიზანს, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ.ს.თ.ბ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2020წ. განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია