დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-1356-2020
26 მარტი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „S. l. L.’’
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჭ.ჯ–ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (ICC საქმე N 24116/MHM/HBH)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით (ICC საქმე N 24116/MHM/HBH) შპს ,,ჭ.ჯ–ას“ (ს/ნ ...) შპს „S. l.LL-ის’’ (ს/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით.
2020 წლის 25 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „S.l.L.’’-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, შუამდგომლობის ავტორმა ასევე მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და შპს ,,ჭ.ჯ–ას“ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 731 მუხლის დანაწესით საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ვინაიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, სავალდებულოა, დადგინდეს სასამართლოსათვის მიმართვის საპროცესო წესების ზუსტად დაცულობის საკითხი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეებს.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
როგორც აღინიშნა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება საქართველოს უზენაესი სასამართლო (სასამართლოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ანალოგიურ დანაწესს ადგენს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 711 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35622 მუხლი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასაკართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
დასახებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობას უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისთვის უნდა დაერთოს ცნობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია ფედერალური სასამართლოს ცენტრალური კანცელარიის 2020 წლის 12 მარტის ცნობა ( GH- 1000 ლოზანა 14), რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება შპს „S.l. L -სა“ და შპს ,,ჭ.ჯ–ას“, 2020 წლის 12 მარტის მდგომარეობით არ არის გასაჩივრებული.
საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის აღნიშნული საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ ხსენებული დოკუმენტი არ არის საკმარისი რათა უტყუარად დადგინდეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2020 წლის 12 მარტის ცნობის შინაარსზე, რომელიც ასახავს მხოლოდ მისი მომზადების პერიოდისთვის არსებულ მონაცემებს და მისი შინაარსიდან არ ირკვევა ამოწურულია თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
საქმეში არსებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა) გაცემულია შპს „S.l.L -ის“ გენერალური მენეჯერის ა.ი. ძე ვ–ის მიერ. თუმცა მხარეს არ წარმოუდგენია მინდობილობის გამცემი პირის, როგორც საწარმოს ხელმძღვანელის, უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, შესაბამისად შპს „S.l.L’-ის უარი უნდა ეთქვას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ განცხადების განსახილველად მიღებაზე. შესაბამისად განსახილველად არ მიიღება მხარის შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „S.l.L’’-ის შუამდგომლობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების (ICC საქმე N 24116/MHM/HBH) საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ იქნეს მიღებული განსახილველად.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე