გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
22 ივნისი, 2023 წელი,საქმე #ას-655-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) და შპს „გ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2020 წლის 21 აგვისტოს დაიდო #216 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს დმანისსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზებისა და სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება - 895 500 ლარით განისაზღვრა.
1.1. შეთანხმების დადების შემდეგ გარიგების ღირებულება რამდენჯერმე კორექტირდა, კერძოდ: თავდაპირველად განისაზღვრა - 895 500 ლარით, 2020 წლის 29 დეკემბრის #2 შეთანხმებით - 895 415 ლარით, 2021 წლის 4 თებერვლის შეთახმებით - 871 212.29 ლარით, 2021 წლის 23 აპრილის შეთანხმებით - 877759.08 ლარით, 2021 წლის 10 მაისის შეთანხმებით კი - 890 430 ლარით;
2. 2021 წლის 8 ივნისს მხარეებს შორის სამუშაოების სრულად შესრულების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულდა - 819890.06 ლარის ღირებულების სამუშაო.
3. განსახორციელებელი სამუშაოების შესრულების ვადა - 68 დღით დაირღვა (2021 წლის 11 თებერვლიდან იმავე წლი 19 აპრილის ჩათვლით).
4. სამუშაოების ვადის დარღვევით შესრულება გამოწვეულია ისეთი ობიექტური გარემოებით როგორიცაა უამინდობა კერძოდ, 2021 წლის 4 იანვრიდან 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით რეგიონში 49 დღის განმავლობაში ფიქსირდება ბუნებრივი ნალექი (იხ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის ცნობა). ამავე მოვლენამ დიდწილად განაპირობა ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულების პერიოდი ვინაიდან გადაცილებულ მონაკვეთში ნალექიანი დღეების ხვედრითი წილი შეადგენს 32 დღეს.
4.1. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის ცნობის თანახმად, კომპანიას გააჩნია დარღვეული ფულადი ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე სალდირებული საგადასახადო დავალიანების სახით 7 426.81 ლარი; სს „თ.ბ–ის“ 2021 წლის 25 ივნისის დავალიანების ცნობის თანახმად, კომპანიის შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება - 48 556.80 ლარია.
5. მენარდეს ვალდებულების დათქმულ ვადებში შეუსრულებლობის შედეგად დაეკისრა პირგასამტეხლო - 60549.24 ლარი.
6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმების შედეგად გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არაა გამოკვეთილი.
8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და მისი ოდენობა - 5575.32 ლარით განისაზღვრა.
9. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის თავდაპირველად დარიცხული პირგასამტეხლოს - 11 150,50 ლარამდე შემცირება (იხ. საკასაციო საჩივარი).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
14. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო - 5575.32 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
15. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები და შემცირების წინაპირობები.
16. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი.
მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
17. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
18. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის პერიოდი, ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობის, სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხის ასევე დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს.
19.1. აღნიშნული დასკვნის ჩამოყალიბებისას, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შეთანხმებით, მენარდე დმანისსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზებისა და სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოების დათქმულ ვადებში შესრულების გარანტიას იძლეოდა. შემკვეთის ინტერესიც სწორედ სამუშაოების მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დაცვით შესრულება წარმოადგენდა.
განსახორციელებელი სამუშაოების შესრულების ვადა - 68 დღით დაირღვა (2021 წლის 11 თებერვლიდან იმავე წლი 19 აპრილის ჩათვლით).
19.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხის, დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს და დარღვევისათვის/ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად - 11 150,50 ლარი უნდა განვიხილოთ; რაც ვალდებულების დარღვევის ადექვატურ საპირწონე ანაზღაურებას წარმოადგენს და ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფს დამკვეთის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანს. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთანაც შესაბამისია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-189-2020, 20.04.2021).
19.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობაზე, გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
21. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 278.75 ლარის ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „გ–ისთვის“ დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდეს და განისაზღვროს - 11 150,50 ლარით;
4. შპს „გ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 278.75 ლარის ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე