დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.04.2023
საქმის ნომერი
ას-816-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.04.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-816-2022 6 აპრილი, 2023 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „B. M. G.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. 8.12.2021წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი შპს „B.M.G ”-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,B. M. G“-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო - 1 221.85 ლარის ოდენობით.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

2.1. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია. სასამართლოს უფლებამოსილება შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა უმთავრესად ობიექტური გარემოებების შესწავლას გულისხმობს, კერძოდ შეაფასოს დარღვევის ხასიათი, ხანგძლივობა, მხარის ინტერესი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. პირგასამტეხლო მოვალის წახალისების საშუალებას წარმოადგენს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. აღნიშნული მიზანი უგულებელყოფილია სასამართლოს მიერ როდესაც ის მხოლოდ ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლება და დაუსაბუთებლად ანახევრებს პირგასამტეხლოს ოდენობას. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს - აიძულოს მოვალე ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. სასამართლოს გადაწყვეტილება არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მიმართულია უპირველესად მოვალის ინტერესების უზრუნველსაყოფად, იმ პირობებში როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება კრედიტორის მიმართ ბრალეულად არაჯეროვნად შესრულდა.

2.2. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდა მისი არაგონივრულ ოდენობამდე შემცირება, რაც ასევე გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ. სასამართლომ უგულებელყო პირგასამტეხლოს მიზანი და ფუნქცია და არ შეაფასა პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის სასარგებლოდ გაიზიარა ზემოაღნიშნული მოსაზრებები და მიიღო გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს განახევრებაზე. სწორედ ვალდებულების დარღვევის თანაზომიერებაა პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებაში დარღვეული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. პირგასამტეხლოს 1221.85 ლარი, რაიმე სახის პრევენციულ, ვალდებულების მასტიმულირებელ ანდა მიყენებული ზიანის კომპენსირების საშუალებას წარმოადგენდეს, ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომლის საერთო ღირებულებაა 88 540 ლარი, არარეალურია. მოპასუხე მხარემ, რომელმაც იცის, რომ ხელშეკრულების დარღვევით მას მხოლოდ მინიმალური ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს არ იქნება ორიენტირებული რაიმე შეფერხების არსებობისას დროულად, ყველა საშუალების გამოყენებით, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. მხარემ, რომელსაც 10 დღის ვადაში ევალებოდა მასზე დაკისრებული სამუშაოების შესრულება, ვალდებულება შეასრულა 23 დღის დაგვიანებით, რაც თავისთავად უთითებს დარღვევის და დაკისრებული პირგასამტეხლოს თანაზომიერებაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

6. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული/შესყიდული დიზელ-გენერატორების შეკეთების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაა. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

9. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და შპს „B.M.G“-ს შორის 2019 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N352 ხელშეკრულება. 13.12.2019წ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დიზელ-გენერატორების (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟით) შესყიდვა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 88 540 ლარს. 13.12.2019წ. ხელშეკრულების თანახმად, შპს „B.M.G“-ს საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება / შეცვლა უნდა უზრუნველეყო საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წუნდებული საქონლის/შეკეთებისა და შეცვლის შესახებ შეტყობინების გადაცემიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%–ის ოდენობით.

9.2. 2021 წლის 21 იანვარს, 22:50 საათზე გაითიშა ქალაქის ელექტრო მომარაგება, თუმცა გენერატორი არ ჩაირთო ავტომატურ რეჟიმში, რის შესახებაც 22.01.2021წ. N149685 წერილით ეცნობა შპს „B.M.G“-ს. 21.01.2021წ. მომხდართან დაკავშირებით მოსარჩელემ მომწოდებელს 23.02.2021წ. გაუგზავნა N438691 წერილი, რომლითაც კიდევ ერთხელ მოსთხოვა ხარვეზის გამოსწორება და ასევე შეატყობინა, რომ მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. შპს „B.M.G“-ს გენერატორი უნდა შეეკეთებინა 2021 წლის 5 თებერვლამდე, თუმცა ხარვეზის გამოსწორება განახორციელდა 23 დღის დაგვიანებით - 2021 წლის 27 თებერვალს. შპს „B.M.G“-მა დაარღვია ხელშეკრულებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვადები, რის გამოც ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით მოსარჩელემ დააკისრა პირგასამტეხლო, რაც ჯამში შეადგენს 3 054.63 ლარს.

10. ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - მოპასუხეს გენერატორი უნდა შეეკეთებინა 2021 წლის 5 თებერვლამდე, თუმცა ხარვეზი გამოსწორდა 23 დღის დაგვიანებით - 2021 წლის 27 თებერვალს. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა. სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

12. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014); საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, მისი გაზრდის საფუძველი აღარ არსებობს.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი