საკასაციო საჩივარი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-980-2023 16 იანვარი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ი.გ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ბ.ი.გ.მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის - 178 012 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მხარეთა შორის, 2018 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დაზღვევის დაფარვის არეალად განისაზღვრა თბილისში, ......, ხოლო დაზღვევის ობიექტად: სამშენებლო-სარემონტო (საკონტრაქტო) სამუშაოები, სამშენებლო მანქანა დანადგარები და პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე. ხელშეკრულებით დამზღვევმა იკისრა ვალდებულება მზღვეველისთვის გადაეხდა სადაზღვევო პრემია, ხოლო სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა სადაზღვევო ობიექტის ფიზიკური დაღუპვით ან/და დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
3. 2019 წლის 25 სექტემბერს, ქ.თბილისში, ..... მისამართზე მდებარე მშენებარე შენობის მშენებლობის პროცესში, სამშენებლო ობიექტის „C“ კორპუსის მე-6 სართულის გადახურვის დაყალიბების დროს მოხდა ავარია, რის შედეგადაც დაზიანდა საყალიბე კონსტრუქცია და მთლიანად ჩამოიქცა გადახურვის ფილის ახლად დასხმული ბეტონი.
4. სამშენებლო ინვენტარისა და მასალების დაზიანების შედეგად, კომპანიამ განიცადა ზიანი. დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე მზღვეველს დაუყონებლივ აცნობა.
5. შენობა-ნაგებობის, ინვენტარის, მასალებისა და ინსტრუმენტების დაზიანების გამომწვევის მიზეზისა და ზარალის მოცულობის დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზა. დასკვნის თანახმად, იმ დროისთვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო სადაზღვეო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა. ამავე დასკვნის შესაბამისად დემონტირებული გადახურვის ფილის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, სამშენებლო ნორმები და წესების ასევე წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების გათვალისწინებით განისაზღვრა 31 802.50 ლარით (აღნიშნულ თანხაში არ არის გათვალისწინებული ის ზიანი, რაც მესამე პირთა ქონებას მიადგა და რომლის ანაზღაურებაც განახორციელა მოსარჩელემ).
6. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, გარდა დემონტირებული გადახურვის ფილის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებისა (31 802,50 ლარი), მოსარჩელეს მიადგა 146 209,54 ლარის ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა იმ მესამე პირებისათვის, რომელთა ქონებაც დაზიანდა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი -135 924,54 ლარი. ასევე, დგარების ღირებულება - ჯამში 8 195 ლარი მოსარჩელემ სრულად აუნაზღაურა შპს „333“-ს და შპს „მ.ს–ის“. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შპს „კ–ის“ კუთვნილი 2090 ლარის ღირებულების ერთი ცალი კ–ი.
7. მოპასუხემ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ე.წ. კომისიური ექსპერტიზის ჩატარების მიზეზით, თავი აარიდა არათუ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას, არამედ, შეხვედრის გამართვასაც კი.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საინჟინრო ექსპერტიზის თანახმად, დამზღვევის კუთვნილი შენობანაგებობის „C“ კორპუსის დემონტირებული გადახურვის ფილის ჩამონგრევის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებად, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სათანადო ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით, განისაზღვრა 31 802.50 ლარი.
9. დამზღვევის კუთვნილი შენობა-ნაგებობის „C“ კორპუსის დემონტირებული გადახურვის ფილის ჩამონგრევის მიზეზის დადგენა შესაძლებელი გახდა მოგვიანებით, შპს „ზ–ის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე. ამ დასკვნის თანახმად, შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია საყალიბე დგარების გადატვირთვით. ამასთან, ჩამოქცევის დამატებით შესაძლო მიზეზად შეიძლება დასახელდეს საყალიბე ფილების არასათანადოდ შემჭიდროვება (ჩაჭედვა) უკვე დაყალიბებული კოლონების თავებს შორის, დგარების არასაკმარისი მზიდუნარიანობა და შესაბამისად, მდგრადობის დაკარგვა.
10. შპს „ზ–ის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა დაზიანების გამომწვევი შესაძლო რამდენიმე მიზეზი, რაც დაკავშირებულია კონსტრუქციულ დეფექტებთან, ხარვეზებით განხორციელებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან ექსპლუატაციის ნორმების დარღვევასთან. დასკვნის მიხედვით, შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად და ყალიბების გამოწვეულია საყალიბე დგარების გადატვირთვით. ამასთან, ჩამოქცევის დამატებით შესაძლო მიზეზად შეიძლება დასახელდეს საყალიბე ფილების არასათანადოდ შემჭიდროვება (ჩაჭედვა) უკვე დაყალიბებული კოლონების თავებს შორის, დგარების არასაკმარისი მზიდუნარიანობა და შესაბამისად, მდგრადობის დაკარგვა.
11. დამზღვევისაგან 2021 წლის 27 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომ, მზღვეველმა წერილობით მიმართა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (2021 წლის 15 აპრილის წერილით) შემდეგი შეკითხვით: ,,მითითებული დასკვნის მიხედვით (დასკვნითი ნაწილის მე-2 პუნქტი) „Alsina-ს“ ფირმის ლითონის დგარების მზიდუნარიანობა შეადგენს 7,3 კნ.-ს, ასევე, დასკვნითი ნაწილის მე3 პუნქტის მიხედვით: „Alsina-ს“ დგარის გაშლის სიმაღლე 3,90 -მია". გთხოვთ, დაგვიზუსტოთ რა წყაროზე დაყრდნობით იქნა ექსპერტის მიერ მითითებული ლითონის დგარების აღნიშნული მონაცემები და გადმოგვიგზავნოთ ექსპერტიზის პროცესში გამოყენებული დოკუმენტებისა და მასალების ასლები." ექსპერტიზის ბიურომ 2021 წლის 08 ივნისის საპასუხო წერილით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად დამკვეთის მიერ წარმოდგენილ იქნა „Alsina-ს“ ფირმის წარმოების საკვლევი დგარების ტექნიკური დოკუმენტაცია (რომელიც, მისი თქმით, განთავსებულია მწარმოებლის ვებ-გვერდზე), რის მიხედვითაც მოხდა მათი მზიდუნარიანობის გაანგარიშება. ამასთანავე, გეომეტრიული პარამეტრების დადგენისათვის გამოყენებული იყო „PERI“-ს წარმოების DUO-ს ტიპის საყალიბე სისტემების ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ასევე განთავსებულია მწარმოებლის ვებ-გვერდზე. ექსპერტიზის ბიუროს მზღვეველისათვის 2021 წლის 15 აპრილის წერილის პასუხად ტექნიკური დოკუმენტაცია არ გადაუცია. აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის 16 ივლისს, მზღვეველმა წერილობით მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" და განუმარტა, რომ ერთმანეთს არ ემთხვეოდა მზღვეველისა და დამზღვევის ინიციატივით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილი მონაცემები და საექსპერტო ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის საპასუხო წერილმა ვერ ახსნა მათ შორის არსებული სხვაობები. შესაბამისად, 2021 წლის 26 ივლისის წერილის საფუძველზე, მზღვეველმა „სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ მოითხოვა დაჩქარებული წესით კომისიური ექსპერტიაზის დანიშვნა, რათა აღმოფხვრილიყო ყველა უზუსტობა მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2021 წლის 19 ივლისის დასკვნის თანახმად, დადგინდა შემდეგი: N008487919 და N000444921 ექსპერტიზის კვლევები, როგორც ერთმანეთისაგან განსხვავებული კითხვებიდან, ასევე, დამკვეთის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი სხვადასხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ჩატარებულია სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად მიღებული შედეგები არ შეიძლება იყოს შედარებული ერთმანეთს. ამგვარად, ბიუროს მიერ გაცემულ N008487919 და N000444921 დასკვნებში მიღებულ შედეგებსა და მონაცემებში უზუსტობები არ არის და ისინი არც უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა, მიუხედავად მისი ლაკონურობისა, ნათლად ადგენს, რომ დამზღვევის მიერ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის" არ იქნა წარდგენილი იგივე ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც მან წარუდგინა მზღვეველს და რის საფუძველზეც, შპს „ზ–მა“ შეადგინა დასკვნა.
12. 2021 წლის 08 ნოემბერს, მზღვეველმა კვლავ მიმართა წერილობით „სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს", წარუდგინა მას შპს „ზ–ისა" და დამზღვევის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის (2021 წლის 27 იანვრის დასკვნა) დასკვნები და განუმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ორივე დასკვნაში გამოყენებული იყო კვლევის ერთი და იგივე მეთოდოლოგია, შესწავლილი იყო ერთი და იგივე ობიექტი და მოცემული იყო ერთი და იმავე დგარების ანალიზი, დასკვნების მონაცემები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. დამზღვევზე გაცემული პოლისი თითოეული დაფარვისათვის ითვალისწინებს ფრანშიზას (არაანაზღაურებად მინიმუმს) შემდეგი ოდენობებით: სამშენებლო- სარემონტო (საკონტრაქტო) სამუშაოები: - ზარალის 2.5% მინ. 2500 აშშ დოლარი; სადაზღვევო თანხის 1.5 % მიწისძვრისა და 0,5% ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაზე. პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე: - 0 სხეულის დაზიანებაზე; - 500 აშშ დოლარი ქონების დაზიანებაზე. სამშენებლო მანქანა - დანადგარები: -ზარალის 10% მინიმუმ 500 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ მომხდარი შემთხვევა დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას და არ იარსებებდა უარის საფუძველი, მზღვეველის მიერ, ანგარიშსწორებისას, გათვალისწინებული იქნებოდა შესაბამისი ფრანშიზას ოდენობა, რომელიც გამოაკლდებოდა ასანაზღურებელ თანხას.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება 178 012 ლარის ოდენობით.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების უარყოფა და სარჩელის დაკმაყოფილება.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება (დაზღვევის სახეობა: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაზღვევა).ხელშეკრულების მიხედვით, დაზღვევის დაფარვის არეალად განისაზღვრა - თბილისი, .......... (პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრული სამშენებლო მოედნის ტერიტორიის ფარგლებში).ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის ობიექტებია: 1) სამშენებლო-სარემონტო (საკონტრაქტო) სამუშაოები; 2) სამშენებლო მანქანა დანადგარები; 3) პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე.
17. ხელშეკრულების თანახმად, დამზღვევმა იკისრა ვალდებულება მზღვეველისათვის გადაეხდა სადაზღვევო პრემია, ხოლო სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში უზრუნველყოფდა სადაზღვევო ობიექტის ფიზიკური დაღუპვით ან/და დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
18. დამზღვევზე გაცემული პოლისი თითოეული დაფარვისათვის ითვალისწინებდა ფრანშიზას (არაანაზღაურებად მინიმუმს) შემდეგი ოდენობებით: 1) სამშენებლო- სარემონტო (საკონტრაქტო) სამუშაოები:- ზარალის 2.5% მინ. 2500 აშშ დოლარი;- სადაზღვევო თანხის 1.5 % მიწისძვრისა და 0.5% ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაზე.2) პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე:- 0 სხეულის დაზიანებაზე;- 500 აშშ დოლარი ქონების დაზიანებაზე. 3) სამშენებლო მანქანა-დანადგარები:- ზარალის 10% მინიმუმ 500 აშშ დოლარი.
19. 2019 წლის 25 სექტემბერს, მისამართზე ქ. თბილისი .......... მდებარე მშენებარე შენობის მშენებლობის პროცესში, სამშენებლო ობიექტის „C“ კორპუსის (ს/კ .....) მე-6 სართულის გადახურვის დაყალიბების დროს მოხდა ავარია, რის შედეგადაც დაზიანდა საყალიბე კონსტრუქცია და მთლიანად ჩამოიქცა გადახურვის ფილის ახლად დასხმული ბეტონი. მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამშენებლო ინვენტარი და მასალები.
20. დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე მზღვეველს დაუყონებლივ აცნობა (16.12.2019წ. წერილი ტ.1, ს.ფ. 35).
21. მოპასუხემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, კერძოდ, რამ განაპირობა, ანუ რა იყო შენობა-ნაგებობის, ინვენტარის, მასალებისა და ინსტრუმენტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, ასევე ზარალის მოცულობა.
22. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 დეკემბერის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ბ.ი.გ–ის“ კუთვნილი შენობა - ნაგებობის „C“ კორპუსის დემონტირებული გადახურვის ფილის ჩამონგრევის მიზეზის დადგენა ექსპერტიზის დასკვნის შედგენის დროისთვის შეუძლებელია.
23. „C“ კორპუსის დემონტირებული გადახურვის ფილის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, სამშენებლო ნორმების და წესების, ასევე წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების 07/10, 28/09, 15/10, 26/09 გათვალისწინებით განისაზღვრა 31 802.50 ლარით (იხ. 05.12.2019წ. ექსპერტიზის დასკვნა ტ.1, ს.ფ. 36-46).
24. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 იანვრის დასკვნა, რომლის თანახმად: ქ.თბილისში, .......... (ს.კ.........) მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტის - არქიტექტურული ნაწილის მიხედვით შენობის ჩ ბლოკის მე-5 სართულის გადახურვის ფილიდან (+21,16 ნიშნული) მე-6 სართულის გადახურვის ფილამდე (+25,50 ნიშნული) მანძილი შეადგენს 434 სმ-ს. შენობის C“ ბლოკის მე-5 სართულის გადახურვის ფილიდან (+21,16 ნიშნული) მე-6 სართულის გადახურვის ფილამდე (+25,50 ნიშნული) მანძილის გათვალისწინებით მშენებლობაზე გამოყენებული „Alsina-ს“ (ტიპი: 64005) ფირმის ლითონის ტელესკოპური დგარი უნდა გაიშალოს 388 სმ სიმაღლეზე. დგარების ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით მათი მზიდუნარიანობა განისაზღვრება 3,90 მ სიმაღლის პოზიციით და შეადგენს 7,3 კნს (744,1 კგ-ს). შენობის მე-6 სართულის გადახურვის ფილის ჩამონგრეული ნაწილის (215 კვ.მ) მოსაწყობად დგარების მზიდუნარიანობიდან გამომდინარე საჭიროა არანაკლებ 180 დგარისა. DUO-ს DP 135X90 ტიპის საყალიბე ფარის დასამონტაჟებლად, რომლის სრული დატვირთვა შეადგენს 760 კგ-ს, მზიდუნარიანობიდან გამომდინარე საკმარისია ორი 3,90 მ სიმაღლეზე გაშლილი Alsina -ს (ტიპი: 64005) ფირმის სამშენებლო ტელესკოპური დგარი და მათზე მოსული დატვირთვა იქნება 380 კგ (3,72 კნ), თუმცა ცალკე აღებული ერთი საყალიბე ფარის დამაგრებისათვის საჭიროა ოთხი დგარი. ამ შემთხვევაში თითოეულ დგარზე დატვირთვის სახით მოვა 760კგ/4=190 კგ (1,86 კნ). რკინაბეტონის ფილის ჩამონგრევის შედეგად საყალიბე სისტემის რღვევით ტელესკოპური დგარების დაზიანების შესაძლებლობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელთა მონაწილეობა ფილის რღვევაში უცნობია. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა რკინაბეტონის ფილის ჩამონგრევის შემთხვევაში მიიღებდნენ თუ არა - დაზიანებას ტელესკოპური დგარები (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 იანვრის დასკვნა ტ.1, ს.ფ. 104-108);
25. შპს „ზ–ის“ 2020 წლის 14 იანვრის ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 25 სექტემბერს ქ. თბილსში, .......... მისამართზე მშენებარე შენობის გადახურვის ფილის ჩამოქცევა ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია საყალიბე დგარების გადატვირთვით. ამასთან, ჩამოქცევის დამატებით შესაძლო მიზეზებად შეიძლება დასახელდეს შემდეგი სავარაუდო მიზეზებიდან ერთერთი ან რამოდენიმე (ორი ან მეტი) მათგანის ერთობლივი ზემოქმედებაც: საყალიბე ფილების არასათანადოდ შემჭიდროვება (ჩაჭედვა) უკვე დაყალიბებული კოლონების თავებს შორის; დგარების არასაკმარისი მზიდუნარიანობა და შესაბამისად მდგრადობის დაკარგვა: - მუშა სიმაღლის გადაჭარბებულად გაზრდის გამო;- გაზრდილი ამორტიზების დონის (მექანიკური დაზიანების) გამო;- არაშესაბამისი კონსტრუქციის (მოდელის) გამოყენების გამო; - არასათანადო სიხშირის (დგარებს შორის მანძილების ზენორმატიულად გაზრდის) გამო;- დგარებს შორის ვერტიკალური (ჯვარედინი) სიხისტის კავშირების არსებობის გამო;- დგარების სამონტაჟო ხარვეზი - დგარების დასაშვებზე მეტი გადახრა ვერტიკალიდან.
26. ინსპექტირების ზემოაღნიშნულ ანგარიშში მითითებულია, რომ მშენებარე შენობის ექსპლუატაციის პროცესში, გამოყენებული იქნა „DUO“-ს ტიპის წებოვანი საყალიბე ფილები, რომლის დგარებად გამოყენებული იქნა „Alsina-ს“ ფირმის 192 ცალი ლითონის ტელესკოპური დგარი. საექსპერტო დასკვნის თანახმად, ,,DUO“ -ს ტიპის წებოვანი საყალიბე ფილების დგარებად გამოიყენება „Peri“-ს ტიპის ლითონის ტელესკოპური დგარები, ვინაიდან „Alsina-ს“ ფირმის ლითონის ტელესკოპური დგარები დაბალი ხარისხითა და ნაკლები მზიდ უნარიანობით გამოირჩევა. რაც შეეხება დგარების პარამეტრების ანგარიშში აღნიშნულია, რომ „Alsina-ს“ ფირმის ტელესკოპური დგარების შემადგენელი ლითონის ზედა მილის დიამეტრი შეადგენს 40 მმ სს, ხოლო ქვედა მილის დიამეტრი 48 მმ ს. კედლის სისქე 3 მმ - ია, ხოლო დგარის გაშლის მაქსიმალური სიდიდე 4 მეტრია. ,,DUO“ -ს ფირმის ტელესკოპური დგარების შემადგენელი ლითონის ზედა მილის დიამეტრი შეადგენს 48 მმ სს, ხოლო ქვედა მილის დიამეტრი 60 მმ ს. კედლის სისქე 3 მმ - ია, ხოლო დგარის გაშლის მაქსიმალური სიდიდე 3,5 მეტრია, ხოლო „Alsina-ს“ შემთხვევაში, უფრო მეტი 4 მეტრია, რაც მდგრადობის კუთხით ყოველნაირად გაცილებით უარეს მახასიათებლებს წარმოადგენს.
27. ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, გამოყენებული 3.8 PROP 64005 ტიპის დგარები, განკუთვნილია მაქსიმუმ 3,8 მეტრის სიმაღლეზე მუშაობისთვის და მათი ტვირთამწეობა არ აღემატება 600 კილოგრამს (6 კნ). ხოლო ,,DUO“ ტიპის საყალიბე ფარების ფართი შეადგენს 1,215 კვ/მ. ამ ზომის ზედაპირზე დასხმული 25 სმ სისქის რკინაბეტონის ფილის წონა კი შეადგენ 760 კილოგრამს, ანუ თითოეული დგარი გადატვირთული იყო საშუალოდ 160 კილოგრამით. შესაბამისად, აღნიშნული წონა აღემატება გამოყენებული დგარების ტვირთამწეობას, 600 კილოგრამს. ეს ნიშნავს, რომ ავარიული ფილის დაყალიბების დროს თითოეული დგარი გადატვირთული იყო საშუალოდ 160 კილოგრამით, ანუ დაახლოებით 25%-ით (იხ. ტ.1, ს.ფ. 78-97).
28. შპს „ბ.ი.გ.მა“ 2018 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების (NCAR/C-....) საფუძველზე, სს „ს.კ.ა–ისაგან“ მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება (იხ. მოსარჩელის 25.11.2019წ. და 06.12.2019წ. წერილები, მოპასუხის 16.12.2019წ. წერილი; ტ.1, ს.ფ. 35; 76, 77).
29. სს „ს.კ.ა–მა“ 2020 წლის 24 აპრილის წერილით საბოლოოდ, უარი უთხრა მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. წერილის თანახმად, ავარია გამოიწვია დგარების გადატვირთვამ, მზიდუნარიანობაზე მეტი დატვირთვით გამოყენებამ, რაც წარმოადგენს სამუშაოთა წარმოების პროექტის და მთლიანად მშენებლობის პროექტის მოთხოვნების დარღვევას. მოპასუხის განმარტებით, დასკვნიდან გამომდინარე დგინდება, რომ ფილის დასხმის სამშენებლო/სამუშაოთა წარმოების პროცესი არასწორად იქნა დაგეგმილი, რაც თავის მხრივ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაზღვევის პოლისისა და ხელშეკრულების შესაბამისად წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას, რომლის არსებობის პირობებში მზღვეველი მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება (იხ. ტ.1, ს.ფ. 103).
30. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები და მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევა არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისს, რომელიც მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას არ აანაზღაუროს ზარალი.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის პირველი დასკვნა მომხდარი შემთხვევის შეფასების თაობაზე შედგენილია 2019 წლის 5 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის მიერ. დასკვნაში ცალსახად არის მითითებული, რომ შპს „ბ.ი.გ.ის“ კუთვნილი შენობა - ნაგებობის ,,C“ კორპუსის დემონტირებული გადახურვის ფილის ჩამონგრევის მიზეზის დადგენა ექსპერტიზის დასკვნის შედგენის დროისთვის შეუძლებელია. რაც შეეხება, მიყენებულ ზიანს, მისი ოდენობა ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად განსაზღვრულია 31 802.50 ლარით. მითითებული ზიანის ოდენობა მოპასუხის მიერ შედავებული არ ყოფილა და რაიმე საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, არამედ, მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის ბრალეულობის საკითხს და მიუთითებს, რომ ავარია გამოიწვია დგარების გადატვირთვამ, მზიდუნარიანობაზე მეტი დატვირთვით გამოყენებამ, რაც წარმოადგენს სამუშაოთა წარმოების პროექტის და მთლიანად მშენებლობის პროექტის მოთხოვნების დარღვევას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი იმის შესახებ მოხდა თუ არა მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პროცესის არასწორი დაგეგმვა, ზემოთ მითითებული 2019 წლის 5 დეკემბრის დასკვნით არ დგინდება.
32. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 იანვრის დასკვნაზე, რომლის თანახმად, რკინაბეტონის ფილის ჩამონგრევის შედეგად საყალიბე სისტემის რღვევით ტელესკოპური დგარების დაზიანების შესაძლებლობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელთა მონაწილეობა ფილის რღვევაში უცნობია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა რკინაბეტონის ფილის ჩამონგრევის შემთხვევაში მიიღებდნენ თუ არა - დაზიანებას ტელესკოპური დგარები. შესაბამისად, მოპასუხის შედავება იმის შესახებ, რომ ავარია გამოიწვია დგარების გადატვირთვამ, მზიდუნარიანობაზე მეტი დატვირთვით გამოყენებამ, არც მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება.
33. მოპასუხის შედავება ძირითადად ემყარება საქმეში წარმოდგენილ შპს „ზ–ის“ 2020 წლის 14 იანვრის ინსპექტირების ანგარიშს, რომელიც ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ მშენებარე შენობის გადახურვის ფილის ჩამოქცევა გამოწვეულია საყალიბე დგარების გადატვირთვით და აღნიშნული დასკვნის თანახმად ემყარება ერთმნიშვნელოვან დასკვნას, თუმცა, ამ დასკვნის შინაარსიდანვე გამოირიცხება ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, ვინაიდან დასკვნის ავტორი მიუთითებს ჩამოქცევის დამატებით შესაძლო მიზეზებზე და სავარაუდო მიზეზებიდან ერთ-ერთი ან რამოდენიმე (ორი ან მეტი) მათგანის ერთობლივ ზემოქმედებაც (იხ. დასკვნითი ნაწილის მეორე წინადადება).
34. შესაბამისად, მითითებული ინსპექტირების ანგარიში, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია რელევანტურ მტკიცებულებად სადავო გარემოების დასადასტურებლად, კერძოდ, იმ ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის, რომ ავარია გამოიწვია დგარების გადატვირთვამ და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პროცესის არასწორი დაგეგმვამ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ. ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ. 97-99, 102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ). აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნების შინაარსი არ იძლევა იმ შეფასების საფუძველს, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს მომხდარი შემთხვევა (ქ. თბილისი ......... მდებარე მშენებარე შენობის მშენებლობის პროცესში, სამშენებლო ობიექტის „C“ კორპუსის (ს/კ .........) მე-6 სართულის გადახურვის დაყალიბების დროს მოხდა ავარია, რის შედეგადაც დაზიანდა საყალიბე კონსტრუქცია და მთლიანად ჩამოიქცა გადახურვის ფილის ახლად დასხმული ბეტონი), გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პროცესის არასწორი დაგეგმვით და წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისს.
35. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზიანდა: ა) შპს „ც–ის“ კუთვნილი 49 000 ევროს ღირებულების DUO-ს ტიპის საყალიბე სისტემები. აქედან 40 000 ევროს ღირებულების საყალიბე სისტემა აღდგენას არ ექვემდებარებოდა (განადგურდა სრულად). 9000 ევროს ღირებულების საყალიბე სისტემა ექვემდებარებოდა აღდგენას და ის შპს „ც–მა“ დაიბრუნა საკუთრებაში, თუმცა, მისი აღდგენის ღირებულება 1 736 ევროს ეკვივალენტი 5 685.49 ლარი მოსარჩელემ მშპს „ც–ს“ აუნაზღაურა. სულ მოსარჩელემ შპს „ც–ს“ აუნაზღაურა - 135 924.54 ლარი; ბ) შპს „3“-ის კუთვნილი 4 550 ლარის ღირებულების 130 ცალი სამშენებლო დგარი და შპს „მ.ს–ის“ კუთვნილი 3 645 ლარის ღირებულების სამშენებლო დგარი. აღნიშნული დგარების ღირებულება - ჯამში 8 195 ლარი მოსარჩელემ სრულად აუნაზღაურა შპს „3“-ს და შპს „მ.ს–ის“; გ) სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შპს „კ–ის“ კუთვნილი 2 090 ლარის ღირებულების ერთი ცალი კ–ი (იხ. შპს „ც–ისა“ და შპს „ბ.ი.გ.ს“, ასევე, შპს „3..“-სა და შპს „ბ.ი.გ.ს“ შორის დადებული ხელშეკრულებები. შპს „ც–ის“ და შპს „3“-ის წერილები; დაზიანებული ნივთების სასაქონლო ზედნადებები ტ.1, ს.ფ. 47-75).
36. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მესამე პირებთან და სამშენებლო საქმიანობისთვის ქირავნობის საფუძველზე მართლზომიერად ფლობდა ზემოაღნიშნულ ნივთებს, რომლებიც დაზიანდა ან განადგურდა სადავო შემთხვევის შედეგად და რომელზედაც მოსარჩელემ მოახდინა შესაბამისი ანგარიშსწორება მესამე პირებთან. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს ზიანის ოდენობა არც ამ ნაწილში გაუხდია სადავოდ. რაც შეეხება, მოპასუხის პოზიციას, რომ მზღვეველი გათავისუფლებულია მესამე პირთა მიერ მოსარჩელისათვის მიბარებული ნივთების დაზიანების ანაზღაურებისაგან, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა ხელშეკრულების მოპასუხის მიერ მითითებული დანაწესიდან (მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი და დამზღვევს/ დაზღვეულს არ აუნაზღაურდება „დამზღვევის დაზღვეულის, პრინციპალის, წინამდებარე დაზღვევით დაზღვეული სამშენებლოსარემონტო სამუშაოების (ან მისი ნაწილის) წარმოებასთან დაკავშირებული რომელიმე სხვა ორგანიზაციის ფირმის, მათი მოსამსახურეების ან მუშების საკუთრებაში, მეურვეობის ქვეშ, შესანახად ან კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების დაღუპვა ან დაზიანება“) არ გამომდინარეობს.
37. მოპასუხემ განმარტა, რომ დამზღვევზე გაცემული პოლისი თითოეული დაფარვისათვის ითვალისწინებს ფრანშიზას (არაანაზღაურებად მინიმუმს) შემდეგი ოდენობებით: სამშენებლო-სარემონტო (საკონტრაქტო) სამუშაოები: - ზარალის 2.5% მინ. 2500 აშშ დოლარი; სადაზღვევო თანხის 1.5 % მიწისძვრისა და 0,5% ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაზე. პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე: - 0 სხეულის დაზიანებაზე; - 500 აშშ დოლარი ქონების დაზიანებაზე. სამშენებლო მანქანა- დანადგარები: - ზარალის 10% მინიმუმ 500 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, თუ მომხდარი შემთხვევა დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას და არ იარსებებდა უარის საფუძველი, მზღვეველის მიერ, ანგარიშსწორებისას გათვალისწინებული იქნებოდა შესაბამისი ფრანშიზას ოდენობა, რომელიც გამოაკლდებოდა ასანაზღურებელ თანხას.
38. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით ფრანშიზას თანხის ნაწილში, შემოიფარგლა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანაწესზე მითითებით და სადავოდ არ გაუხდია კონკრეტული თანხის ოდენობა, კერძოდ, რა თანხა უნდა გამოკლებოდა ზიანის ოდნეობას ფრანშიზას სახით, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მოპასუხეს ზიანის ოდენობა არცერთ ნაწილში სადავოდ არ გაუხდია. პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დამზღვევზე გაცემული პოლისი ითვალისწინებდა, როგორც სამშენებლო-სარემონტო (საკონტრაქტო) სამუშაოებს, ასევე მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობას და სამშენებლო მანქანა-დანადგარებს, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა ზარალის/ზიანის ოდნობის პროცენტს, მოპასუხეს მართებდა კონკრეტულად მიეთითებინა თუ რომელი დაფარვისათვის გათვალისწინებული და რა ოდენობის თანხის ფრანშიზა უნდა გამოკლებოდა გადაწყვეტილებით დასაკისრებელი ზიანის ოდენობას.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად ინსტრუმენტად კვალიფიციური შესაგებლის წარდგენას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მოპასუხის მოვალეობას, უპასუხოს მოსარჩელის მიერ მითითებულ და საქმისათვის (მოთხოვნის წარმოშობა-არწარმოშობისათვის) რელევანტურ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს (მხოლოდ) მოსარჩელის ახსნა-განმარტებებისა და მითითებების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ მოპასუხის შესაგებელი უნდა გადმოსცემდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გამართული/დასაბუთებული სასარჩელო განცხადებისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან განსხვავებულ სურათს იმისათვის, რომ იგი მიჩნეულ იქნას არსებითად (მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში GIძ 2013, გვ.15).
40. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები).
41. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (იხ. სუსგ №ას-1384-2020 4 მარტი, 2021 წელი. შდრ. სუსგ. დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ და ასეთად ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ დაიდება. კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
43. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივ საფუძველს.
44. მხარეთა შორის 2018 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი სექციის მე-2 მუხლის დისპოზიით მხარეებმა განსაზღვრეს განსაკუთრებული გამონაკლისები. საგამონაკლისო შემღხვევებში მზღვეველის პასუხისმგებლობა და წინამდებარე დაზღვევა არ ვრცელდება შემდეგზე: ა) სადაზღვევო პოლისით დადგენილი ფრანშიზა, რომლის დაფარვაც თითოეული სადაზღვევო შემთხვევისას ეკისრება დამზღვევს/დაზღვეულს; ბ) ნებისმიერი სახისა და აღწერილობის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის ჯარიმები, დანაკარგი, მომხდარი დაყოვნების, შეუსრულებლობის, კონტრაქტის დაუდებლობის გამო; გ) მცდარი დაგეგმარების შედეგად მიყენებული ზარალი; დ) უხარისხო მასალის შეცვლის და რემონტის, ასევე უხარისხო სამუშაოების გამოსწორების ხარჯები; თუმცა ეს გამონაკლისი შეეხება მხოლოდ უშუალოდ უხარისხო საგნებს და არ ვრცელდება ობიექტის სხვა შემადგენელის ინციდენტის შედეგად დაზიანებაზე, რომელსაც ადგილი ექნება უხარისხო მასალების გამოყენების ან უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო; ე) ცვეთა, კოროზია, დაჟანგვა, ასევე მოცდენის ან მოცემული ადგილისათვის დამახასიათებელი ამინდის პირობის ზემოქმედების შედეგად მომხდარი ნებისმიერი განადგურება ღირებულების შემცირება/ხარისხის გაუარესება; ვ) სამშენებლო აგრეგატების, მოწყობილობის ან სამშენებლო მანქანების დაზიანება ან დანაკარგი ელექტრული ან მექანიკური მიზეზების გამო, გატეხვის ან სამუშაო პირობების დარღვევის გამო, გამაგრილებელი ან სხვა სახის სითხის გაყინვის გამო, გასაპოხი სისტემის გაუმართაობის გამო. თუმცა, თუ ასეთი მიზეზების ან მანქანის მოწყობილობის მუშაობის მოშლის შედეგად მოხდება ავარია, რომელიც გარეგან დაზიანებას გამოიწვევს, ეს თანმდევი გარეგანი დაზიანებები ანაზღაურდება; ზ) იმ სატრანსპორტო საშუალებების დაკარგვა ან დაზიანება, რომელიც დაშვებულია საექსპლუატაციოდ საერთო მოხმარების გზებზე, გარდა სამშენებლო მოედანზე მომხდარი ინციდენტის გამო მძიმე ტექნიკის გარეგანი დაზიანება, თუ ასეთი ტექნიკა ცალსახად დაზღვეული იყო პოლისის საფუძველზე, ასევე საჰაერო და საწყალოსნო საშუალებების დაკარგვა ან დაზიანება; თ) დოკუმენტების, ნახაზების, ანგარიშების, ქაღალდების, ფულის, მარკების, აქტების, სავალო ვალდებულებების, ბანკნოტების, ფასიანი ქაღალდების ან ჩეკების დაკარგვა ან დაზიანება; ი) ზარალი, რომელიც მხოლოდ ინვენტარიზაციის მსვლელობის დროს გამოვლინდება.
45. ხელშეკრულების მეორე სექციის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის საგანს, რომლის თანახმადაც, მზღვეველი აუნაზღაურებს დამზღვევს დაზღვეულს დამდგარ ზარალს სადაზღვევო თანხის ფარგლებში და არა უმეტეს დამზღვევისათვის კანონით დაკისრებული თანხისა შემდეგი ზიანის მიყენებისათვის: ა) მესამე პირისათვის ინციდენტის შედეგად მიყენებული სხეულის დაზიანება (სასიკვდილო შედეგით ან მის გარეშე), ბ) მესამე პირის საკუთრებისათვის ინციდენტის შედეგად მიყენებული ზიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია წინამდებარე დაზღვევით დაფარული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან და ხდება სამშენებლო მოედანზე ან მის უშუალო სიახლოვეს დაზღვევის პერიოდის მოქმედების განმავლობაში; წინამდებარე დაზღვევით დაფარული სადაზღვევო შემთხვევისათვის ანაზღაურების გადახდის გარდა მზღვეველი ასევე აუნაზღაურებს დამზღვევს დაზღვეულს: ა) დამზღვევის დაზღვეულის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელ სასამართლო დავის ხარჯებს; ბ) მზღვეველის წერილობითი თანხმობით გაწეულ ნებისმიერ სხვა ხარჯებს, ამ დროს მზღვეველის პასუხისმგებლობა წინამდებარე დაზღვევის საფუძველზე ყოველთვის შემოიფარგლება პოლისში ამ სექციისათვის მითითებული ლიმიტით. ამავე სექციის მე-2 მუხლის დისპოზიით მხარეებმა ასევე განსაზღვრეს განსაკუთრებული გამონაკლისები. საგამონაკლისო შემთხვევებში, მზღვეველის პასუხისმგებლობა და მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი და დამზღვევს და ზღვეულს არ აუნაზღაურდება: სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზა, რომლის გადახდა თითოეული სადაზღვევო შემთხვევისას ეკისრება დამზღვევს; იმ ქონების რემონტის, განმეორებითი რემონტის ან ჩანაცვლების ხარჯები, რაც დაფარულია ან დაფარულ შეიძლება იყოს წინამდენარე პირობების I სექციის მატერიალური ზიანის ფარგლებში; მიწის, შენობებისა და სხვა ქონებისადმი მიყენებული ზარალი, რომელიც გამოწვეულია მზიდი ელემენტების შესუსტებით ან მოშორებით, ან ვიბრაციით; ასევე სხეულის დაზიანება ან ქონებრივი ზიანი, რომელიც ასეთი სახის მოქმედებითაა გამოწვეული (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სპეციალურად არის გამოყოფილი პოლისში); პასუხისმგებლობა შემდეგი მოვლენებისათვის: დამზღვევის დაზღვეულის, მისი მოსამსახურეების, მუშების, წინამდებარე დაზღვევით დაზღვეული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების (ან მისი ნაწილის) წარმოებასთან დაკავშირებული რომელიმე სხვა ორგანიზაციის ფირმის, მისი მუშაკების, მათი ოჯახის წევრების სხეულის დაზიანება ან ავადმყოფობა; დამზღვევის დაზღვეულის, პრინციპალის, წინამდებარე დაზღვევით დაზღვეული სამშენებლოსარემონტო სამუშაოების (ან მისი ნაწილის) წარმოებასთან დაკავშირებული რომელიმე სხვა ორგანიზაციის ფირმის, მათი მოსამსახურეების ან მუშების საკუთრებაში, მეურვეობის ქვეშ, შესანახად ან კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების დაღუპვა ან დაზიანება; საერთო სარგებლობის გზებზე სამოძრაოდ დაშვებული სატრანსპორტო საშუალებებით ან საზღვაო ანდა საჰაერო ხომალდებით გამოწვეული ინციდენტები; დამზღვევის დაზღვეულის მიერ აღებული ვალდებულება ნებისმიერი თანხის ანაზღაურების ან სხვა სახით გადახდისა, გარდა იმ შემთხვევისა თუ ასეთი ვალდებულება იარსებებდა ამაზე დამზღვევის თანხმობის გარეშეც.
46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. საქმის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა რაც მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოუშობდა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა 2019 წლის 25 სექტემბერს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სწორად დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
48. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა , შემდეგი დასაბუთებით:
49. კასატორი არ ეთანხმება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფსებას. მისი მოსაზრებით, არამართლზომიერად არის შეფასებული საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები. გადაწყვეტილების თანახმად, ექსპერტიზის დასკვნების შინაარსი არ იძლევა იმ შეფასების საფუძველს, რომ შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პროცესის არასწორი დაგეგმვით და წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისს. დაზღვევის პირობების I სექციის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს და მზღვეველის მიერ ანაზღაურება არ გაიცემა, თუ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია ,,მცდარი დაგეგმარების შედეგად მიყენებული ზარალით“. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 05 დეკემბრის №5007683019 დასკვნით შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ვერ დადგინდა, რადგან დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის უკვე დასრულებული იყო მშენებარე ნაგებობის „C“ კორპუსის გადახურვის ფილის ხელახლა დაყალიბების პროცესი. აღსანიშანვია, რომ ხსენებული დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, დათვალიერდა თუ არა უშუალოდ დაზიანებული დგარები და შემოწმდა თუ არა მათი მდგომარეობა. გარდა ამისა, შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით, ექსპერტს არ შეუსწავლია შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რადგან ზემოხსენებული ექპსერტიზის დანიშვნის დროისათვის თავად მზღვეველი არ ფლობდა აღნიშნულ ჩანაწერს და შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას, წარედგინა იგი ექსპერტიზის ბიუოსათვის.
50. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 27 იანვარის დასკვნას რაც შეეხება, განმცხადებელს (მოსარჩელეს) არ დაუსვამს კითხვა იმის შესახებ, თუ რა იყო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. მის მიზანს წარმოადგენდა მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალების მახასიათებელი პარამეტრების (საპასპორტო მონაცემების) შესაბამისობის დადგენა ზოგად სამშენებლო კრიტერიუმებთან. დამატებით აღვნიშნავთ, რომ შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შესწავლა და დაზიანებული მასალების დათვალიერება არც ამ ექსპერტიზის ფარგლებში მომხდარა. ექსპერტმა მოსარჩელის კითხვებს პასუხი გასცა მხოლოდ წარდგენილი საპასპორტო მონაცემების მიხედვით.
51. სასამართლოებმა ზემოხსენებული დასკვნები, მისი ზოგადი ხასიათის გათვალისწინებით, დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად უვარგისად ჩათვალა, თუმცა, მოპასუხის მოსაზრებით, ამ უკანასკნელში იყო დათქმა, რომელიც სასამართლოს ყურადღებას იმსახურებდა: 27.01.2021წ.-ის დასკვნის მე-3 პუქნტის თანახმად, DUO-ს DP 135X90 ტიპის საყალიბე ფარის დასამონტაჟებლად, რომლის სრული დატვურთვა შეადგენს 760 კგ-ს, მზიდუნარიანობიდან გამომდინარე საკმარისია 3,90 მ. სიმაღლეზე გაშლილი Aslina (ტიპი: 64005) ფირმის 2 სამშენებლო ტელესკოპური დგარი.
52. საქმის მსვლელობისას მოპასუხე (კასატორი) მიუთითებდა შპს ,,ზ–ის" ექსპერტიზით დადგენილ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ თითო სამშენებლო ფილა დამაგრეული იყო თითო დგარით, რაც დგარების მზიდუნარიანობის დაკარგვას გამოიწვევდა. აღნიშნულის დასადასტურებლად, მოპასუხემ, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ყურადღება გაამახვილა ავარიულ ფილაზე დგარებისა და ყალიბების სამონტაჟო სქემის ნახაზზე და აგრეთვე, ვიდეო ჩანაწერზე, რომლშიც ნათლად ჩანდა დამაგრებული დგარები. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება. მოპასუხემ, სასამართლო სხდომის ფარგლებში, კითხვა დაუსვა 27.01.2021წ.-ის ექსპერტიზის ავტორს შემდეგი ფორმულირებით: რა მოხდებოდა, თუ ერთი ფილა დამაგრებული იქნებოდა მხოლოდ ერთი დგარით? ექსპერტის პასუხის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, დგარები დაკარგავდა მზიდუნარიანობას.
53. დამზღვევმა მზღვეველს მიაწოდა შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი და ხსენებული მტკიცებულება, დამზღვევის მიერ მოწოდებულ სხვა მასალებთან ერთად, მზღვეველმა წარუდგინა შპს ,,ზ–ს“, განმეორებითი საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ინფორმაციის შეკრების შედეგად, შპს ,,ზ–ი“ მივიდა დასკვნამდე, რომ ავარია ერთმნიშვნელოვნად გამოიწვია საყალიბე დგარების გადატვირთვამ, ანუ მათმა გამოყენებამ მზიდუნარიანობაზე მეტი დატვირთვით. როგორც შპს ,,ზ–ის“ ექსპერტმა დასკვნაში და სასამართლო სხდომაზე განმარტა, აღნიშნული, თავის მხრივ, გამოწვეული უნდა ყოფილიყო მის მიერ ექსპერტიზაში მითითებული დამატებითი ფაქტორებიდან ერთ-ერთის ან ერთობლივად რამდენიმე მათგანის ზემოქმედებით. ეს ცალეკული ფაქტორებია: საყალიბე ფილების არასათანდოდ შემჭიდროვება, დგარების არასაკმარისი მზიდუნარიანობა, მუშა სიმაღლის გადაჭარბებულად გაზრდა, დგარების გაზრდილი ამორტიზირების დონე (დგარებზე მექანიკური დაზიანებების არსებობა), დგარების არასათანდო სიხშირით განლაგება (დგარებს შორის მანძილების ზენორმატიულად გაზრდა). სასამართლოში შპს ,,ზ–ის“ ექსპერტმა კიდევ ერთხელ გადაჭრით დააფიქსირა, რომ შემთხვევის გამომწვევ ერთმნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს დგარების გადატვირთვა. შპს ,,ზ–ის“ მიერ შედგენილი დასკვნა არის საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი საინჟინრო-ტექნიკური დასკვნა, რომელიც შედგენილია ავარიულ ფილაზე დგარებისა და ყალიბების სამონტაჟო სქემისა და ავარიის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შესწავლის საფუძველზე. ხსენებული ჩანაწერი, მტკიცებულების სახით, წარმოდგენილია სასამართლოში მოპასუხის მიერ და მასზე კარგად ჩანს მშენებარე ნაგებობის ჩ კორპუსის გადახურვის ფილის ჩამოქცევის პროცესი, რაც ხდება უეცრად, რამდენიმე წამის განმავლობაში. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა შპს ,,ზ–ის“ ექსპერტმა, ვ.დ–მა, განმარტა, რომ მის მიერ შედგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად (საყალიბე ფილების არასათანდოდ შემჭიდროვება, დგარების არასაკმარისი მზიდუნარიანობა, მუშა სიმაღლის გადაჭარბებულად გაზრდა, დგარების გაზრდილი ამორტიზირების დონე (დგარებზე მექანიკური დაზიანებების არსებობა), დგარების არასათანდო სიხშირით განლაგება (დგარებს შორის მანძილების ზენორმატიულად გაზრდა)), ერთმა ან რამდენიმე დგარმა ვერ გაუძლო ახლადდასხმული ბეტონის სიმძიმეს, დაკარგა მზიდუნარიანობა და რადგან გარდა განაპირა ფარებისა ყველა ფარი დაყალიბებული იყო მხოლოდ ერთი დგარით, მზიდუნარიანობადაკარგულ დგარს/დგარებს ე.წ. ,,დომინოს პრიციპით“ მიჰყვა დანარჩენი დგარებიც, რის შედეგადაც მშენებარე კორპუსის მე-6 სართულის გადახურვის ფილა მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე წამში. აგრეთვე, შპს ,,ზ–ის“ მიერ შედგენილი დასკვნა არის საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი საინჟინრო-ტექნიკური დასკვნა, რომლის ფარგლებშიც ექსპერტმა ვიზუალურად დაათვალიერა არა მხოლოდ შემთხვევის ადგილი, არამედ დაზიანებული დგარებიც და დაადგინა, რომ მათ აღენიშნებოდა ამორტიზაციის მაღალი მაჩვენებელი, რასაც შეეძლო განეპირობებინა დგარების მზიდუნარიანობის დაკარგვა. ის ფაქტი, რომ შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად გამოიწვია დგარების გადატვირთვამ და შესაბამისად, მათი მზიდუნარიანობის დაკარგვამ, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კითხვაზე, თუ რამ დააკარგვინა დგარებს მზიდუნარიანობა, შპს ,,ზ–ის“ ექსპერტი, ვ.დ–ი (როგორც დასკვნის ფარგლებში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე) განმარტავს, რომ აღნიშნულის შეფასება კომპლექსური საკითხია და დგარების გადატვირთვის უშუალო მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო დასკვნაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედება; რაც შეეხება ამ ფაქტორებს, მინიმუმ ორი მათგანის (დგარების ამორტიზაციის მაღალი მაჩვენებელი და მათ შორის მანძილების ზენორმატიულად გაზრდა) არსებობა დასტურდება შპს ,,ზ–ის“ დასკვნაზე თანდართული მტკიცებულებებით (დგარების დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტო-მასალა, ავარიის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი და ავარიულ ფილაზე დგარებისა და ყალიბების სამონტაჟო სქემის ნახაზი). სადავოს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ შემთხვევის ხდომილების მომენტში, ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ მუშები და სარემონტო სამუშაოები იყო შეჩერებული. აგრეთვე, მოსარჩელე არ მიუთითებს კლიმატური პირობების (მაგ. ძლიერი ქარი ან წვიმა), სტიქიური მოვლენების (მაგ. მიწისძვრა) ან შენობა-ნაგებობის ავარიული მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, გამორიცხულია ლოგიკურად ვივარაუდოთ ავარიის ხდომილება რაიმე სახის გარეშე ძალების ზემოქმედების შედეგად.
54. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხსენებულიდან კონკრეტულად რომელი ან რამდენი დამატებითი ფაქტორის ზემოქმედებასაც არ უნდა გამოეწვია დგარების მზიდუნარიანობის დაკარგვა, ფაქტია, რომ ყველა/ნებისმიერ მათგანი უკავშირდება დამზღვევის მიერ მშენებლობის პროცესის მცდარ დაგეგმარებას, რაც გამონაკლისს წარმოადგენს დაზღვევის პირობების I სექციის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად. სასამართლო უნდა მისულიყო დასკვნამდე, რომ სახეზეა საგამონაკლისო პირობა მცდარი დაგეგმარების შედეგად მიყენებული ზარალის სახით.
55. კასატორი უთითებს, რომ შემთხვევით გამოწვეული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 31 802.50 ლარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 05 დეკემბრის სასაქონლო ექსპერტიზით. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის კონტრაქტორი მესამე პირების კუთვნილი ინვენტარის დაზიანებით განცდილ ზიანს და დასტურდება საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულებებით, ასევე, ამ პირთათვის მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულებებით. სამშენებლო ინვენტარი წარმოადგენდა მოსარჩელის კონტრაქტორი მესამე პირების საკუთრებას, რაც ერთ-ერთ საგამონაკლისო გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, რომ სასარჩელო მოთხოვნის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ისეთი ხარჯების ჯამს, რომელთა დაფარვაც ექცევა გამონაკლისში დაზღვევის პირობების მიხედვით. სასამართლომ კი, საგამონაკლისო პირობა განმარტა არამართლზომიერად. სასამართლომ აქცენტი გააკეთა მხოლოდ შესანახად გადაცემულ ნივთებზე, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების პუნქტში გარკვევით ეწერა, რომ გამონაკილისს აგრეთვე წარმოადგენდა რომელიმე სხვა ორგანიზაციის/ფირმის საკუთრებაში მყოფი ქონების დაღუპვის ან დაზიანების ხარჯები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბერს მხარეთა მორიგების მიზნით მოცემულ საქმეზე ჩატარდა სასამართლო სხდომა, რომელზედაც მხარეებს მიეცათ დრო მორიგებისათვის 2024 წლის 12 იანვრამდე.
57. 2024 წლის 12 იანვარს საკასაციო სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს მხარეებმა და წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:
58. 1. მხარეები (სს „ს.კ.ა–ი“ და შპს „ბ.ი.გ.ი“) თანხმდებიან, რომ სს „ს.კ.ა–ი“ გადაუხდის შპს „ბ.ი.გ.ს“ სრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილს, კერძოდ, 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნ(ებ)ის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით შპს „ბ.ი.გ.ი“ უარს აცხადებს და არანაირი სახის პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნია სს „ს.კ.ა–ის“ მიმართ.
59. 2. სს „ს.კ.ა–ი“ იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტის 1. პუნქტით განსაზღვრული თანხა, კერძოდ, 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარი სრულად დაფაროს წინამდებარე მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესული ასლის მისთვის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, თანხის გადახდა განხორციელდება ერთიანი უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის გზით, შპს „ბ.ი.გ.ის“ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: საბანკო რეკვიზიტები: მომსახურე ბანკი: სს „ბაზის ბანკი“ , ბანკის კოდი: CBASGE22; ა/ა:GE37BS0000000065936993.
60. 3. საქართველოს უზენაეს სასამართლში მიმდინარე საქმეზე Nას-980-2023 კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი გადაწყდეს საქართველოს საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
61. 4. წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მხარეები ადასტურებენ რომ წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე ნებისმიერ მოთხოვნაზე, არც მომავალში ექნებათ რაიმე პრეტენზია. მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ არც მხარეთა შორის გაფორმებული პოლისიდან და არც 2019 წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისში, ....... მდებარე შენობის მშენებლობის პროცესში დამდგარი შემთხვევიდან გამომდინარე, ვალდებულებებთან/უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით, არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ და აღნიშნული არასოდეს გახდება მათი მხრიდან დავის საგანი.
62. 5. მხარეები შუამდგომლობენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების საკითხი სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე იქნეს განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6.3.საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.4.სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.
6.5.საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ წერილობით დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.
6.6.საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
6.7.სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6.8.სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6.9.ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 373-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, მე-3 მუხლით, 49-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
2. მხარეები (სს „ს.კ.ა–ი“ და შპს „ბ.ი.გ.ი“) თანხმდებიან, რომ სს „ს.კ.ა–ი“ გადაუხდის შპს „ბ.ი.გ.ს“ სრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილს, კერძოდ, 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნ(ებ)ის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით შპს „ბ.ი.გ.ი“ უარს აცხადებს და არანაირი სახის პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნია სს „ს.კ.ა–ის“ მიმართ.
3. სს „ს.კ.ა–ი“ იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტის 1. პუნქტით განსაზღვრული თანხა, კერძოდ, 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარი სრულად დაფაროს წინამდებარე მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესული ასლის მისთვის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, თანხის გადახდა განხორციელდება ერთიანი უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის გზით, შპს „ბ.ი.გ.ის“ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: საბანკო რეკვიზიტები: მომსახურე ბანკი: სს „ბ.ბ.“ , ბანკის კოდი: CBASGE22; ა/ა:GE37B……...
4. წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე ნებისმიერ მოთხოვნაზე, არც მომავალში ექნებათ რაიმე პრეტენზია. მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ არც მხარეთა შორის გაფორმებული პოლისიდან და არც 2019 წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისში, ..... მდებარე შენობის მშენებლობის პროცესში დამდგარი შემთხვევიდან გამომდინარე, ვალდებულებებთან/უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით, არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ და აღნიშნული არასოდეს გახდება მათი მხრიდან დავის საგანი.
5. მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება.
6. განემარტოს მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
7. კასატორს სს „ს.კ.ა–ის“ (ს.კ:.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 27/06/2023-ში Nba6 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარი;
8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე