გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 15.12.2025
საქმის ნომერი
ას-915-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-915-2025 15 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარებისა და პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „სააგენტო“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგი დასაბუთებით:

2.1. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 369.1, 2591, 46-ე, 59.1, 59.4, მე-60, 63-ე, 374.1 მუხლებით და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით. სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული სასამართლო გზავნილით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 215) დგინდება, რომ სააგენტოს, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს მოხელის მიერ 2025 წლის 31 მარტს გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება, ამავე გზავნილით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2025 წლის 17 აპრილს, შესაბამისად, სსსკ-ის 369.1 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, სსსკ-ის 60.2 მუხლის საფუძველზე, დაიწყო 2025 წლის 18 აპრილს და ამოიწურა 2025 წლის 01 მაისს, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა 2025 წლის 2 მაისს (იხ. ტ.2. ს.ფ. 216);

2.2. ამდენად, სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იყო დაგვიანებით, რაც მისი განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სააგენტომ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

3.1. სააგენტომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 28 აპრილს ელექტრონულად, სასამართლოს საქმის რეგისტრაციის სერვისის მეშვეობით (საიტის მისამართი: http://....ge/; განაცხადის №11432799), თუმცა კანცელარიის თანამშრომლის დაუდევარი დამოკიდებულების გამო დოკუმენტი დაბრუნდა „ხელმოუწერელის“ სტატუსის/შენიშვნის მითითებით, მაშინ როდესაც დოკუმენტზე/საჩივარზე შესრულებული იყო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა 2025 წლის 28 აპრილს 10:54:59 საათზე;

3.2. აღნიშნული ხელმოწერის მონაცემების შეცვლა ხელით არ ხდება და ზუსტად ასახავს ხელმოწერის დროს, სააპელაციო საჩივრის წარმოდგენამდე არსებულ ვადას (მომზადებული და ხელმოწერილი დოკუმენტის ასატვირთად, ვადის დარღვევას რატომ დაელოდებოდა სააგენტო?). სააპელაციო საჩივრის/დოკუმენტის არასწორად/არასწორი საფუძვლით დაბრუნების შემდგომ სააგენტომ დააბრუნა ხელახლა დოკუმენტი შემდეგი შენიშვნით: „ელექტრონულადაა ხელმოწერა შესრულებული კარგად ნახეთ“. როგორც დგინდება, აღნიშნულის შემდგომ დოკუმენტი დარეგისტრირდა, თუმცა არა იმ თარიღით, როდესაც საჩივარი რეალურად წარადგინა სააგენტომ, არამედ - იმ თარიღით, როდესაც სააგენტომ კანცელარიას მიუთითა დოკუმენტის შეფასება მომხდარიყო სრულყოფილად/ხელმოწერის გადამოწმებისას მომხდარიყო მისი კარგად შემოწმება/ნახვა.

3.3. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [სსსკ-ის 412.1 მუხლი].

7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების კანონიერება.

8. სსსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

10. სსსკ-ის 46.1 მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო 46.2. მუხლის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

11. მოცემულ შემთხვევაში სააგენტო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის უ1 ქვეპუნქტის საფუძველზე [საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე]. შესაბამისად, მას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს მოხელის მიერ 2025 წლის 31 მარტს გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 2025 წლის 17 აპრილს, შესაბამისად, სსსკ-ის 369.1 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, სსსკ-ის 60.2-ე მუხლის საფუძველზე [წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი], დაიწყო 2025 წლის 18 აპრილს და ამოიწურა 2025 წლის 01 მაისს. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა დაგვიანებით, 2025 წლის 2 მაისს (იხ.ტ. 2, ს.ფ. 215, 216).

12. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სააგენტომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 28 აპრილს ელექტრონულად, სასამართლოს საქმის რეგისტრაციის სერვისის მეშვეობით (საიტის მისამართი: http://e.ge/; განაცხადის №11432799), თუმცა კანცელარიის თანამშრომლის დაუდევარი დამოკიდებულების გამო დოკუმენტი დაბრუნდა „ხელმოუწერელის“ სტატუსის/შენიშვნის მითითებით, მაშინ როდესაც დოკუმენტზე/საჩივარზე შესრულებული იყო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა 2025 წლის 28 აპრილს 10:54:59 საათზე. სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ხელმოწერის მონაცემების შეცვლა ხელით არ ხდება და ზუსტად ასახავს ხელმოწერის დროს, სააპელაციო საჩივრის წარმოდგენამდე არსებულ ვადას. სააპელაციო საჩივრის/დოკუმენტის არასწორად/არასწორი საფუძვლით დაბრუნების შემდგომ სააგენტომ დააბრუნა ხელახლა დოკუმენტი შემდეგი შენიშვნით: „ელექტრონულადაა ხელმოწერა შესრულებული კარგად ნახეთ“. აღნიშნულის შემდგომ დოკუმენტი დარეგისტრირდა, თუმცა არა იმ თარიღით, როდესაც საჩივარი რეალურად წარადგინა სააგენტომ, არამედ - იმ თარიღით, როდესაც სააგენტომ კანცელარიას მიუთითა დოკუმენტის შეფასება მომხდარიყო სრულყოფილად/ხელმოწერის გადამოწმებისას მომხდარიყო მისი კარგად შემოწმება/ნახვა.

13. კერძო საჩივარს თან ერთვის ამონაწერი სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისიდან, რომლის თანახმად, შენიშვნის ველში მითითებულია: „გიბრუნდებათ შეუსრულებელი სახით, დოკუმენტი ხელმოუწერელია“, ხოლო დანართის გრაფაში აღნიშნულია: „ელექტრონულადაა ხელმოწერა შესრულებული კარგად ნახეთ“. ველში „მომხმარებლის მიერ ატვირთული ფაილები“, ფაილების (დასახელებით „სააპელაციო საჩივარი თ.ბ–ი-sign..“ და „მინდობილობა“) გასწვრივ მითითებულია თარიღი: 02.05.2025 (იხ. ტ. 2, ს.ფ. 246).

14. საქმეში განთავსებული სააპელაციო საჩივრის პირველ გვერდზე დასმულ სასამართლოს შტამპზე მითითებულია თარიღი: 02.05.25, ხოლო სააპელაციო საჩივრის ბოლო, მე-15 გვერდზე შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა 2025 წლის 28 აპრილის თარიღით (10:54:59) (იხ. ტ. 2, ს.ფ. 230).

15. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა [3.1 მუხლი]; თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს საჭიროებს, სავალდებულოა ამ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა [3.3 მუხლი]. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი [3.4 მუხლი]. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნული წარმოებისათვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებს [3.6 მუხლი]. დროის აღნიშვნა არის ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტს კონკრეტულ დროსთან აკავშირებს და მითითებულ დროს ელექტრონული დოკუმენტის არსებობის დასადასტურებლად გამოიყენება [მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი]. დროის კვალიფიციური აღნიშვნა იძლევა დროისა და თარიღის სიზუსტის, აგრეთვე ამ დროსა და თარიღთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთობლიობის პრეზუმფციას [7.1 მუხლი].

16. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტიდან.

17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტთან არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის ანალიტიკოსის თ.ნ–ის წერილის თანახმად, კორესპონდენცია №11432799 საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემით (www.e.ge) სასამართლოს შიდა ელექტრონულ სისტემაში გაიგზავნა და დარეგისტრირდა 28.04.2025, 11:09 სთ-ზე; სასამართლოს კანცელარიაში აღნიშნული კორესპონდენციის ფორმალური დამუშავება დაწყებულია 28.04.2025, 11:30 სთ-ზე; კორესპონდენცია №11432799 უკან დაუბრუნდა გამომგზავნს ელექტრონულად 28.04.2025, 11:33 სთ-ზე; დაბრუნების მიზეზი ასახულია მომხმარებლის კაბინეტში - დაბრუნებული კორესპონდენციის დეტალებში, შენიშვნის ველში; აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS). წერილს 28.04.2025 წლის კორესპონდენციის შინაარსის გასაცნობად თან ერთვის სააპელაციო საჩივრის ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის ბოლო, მე-15 გვერდზე შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (თარიღი: 2025.04.28; 10:54:59).

18. საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში [სსსკ-ის 59.1 მუხლი]. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე [სსსკ-ის 61.3 მუხლი].

19. საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციისა და თავად კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააგენტომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 28 აპრილს ელექტრონულად, სასამართლოს საქმის რეგისტრაციის სერვისის მეშვეობით, თუმცა კანცელარიის თანამშრომელმა არასწორი საფუძვლით, ხელმოწერის არარსებობის გამო, დაუბრუნა უკან. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ 2025 წლის 28 აპრილს საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მეშვეობით სასამართლოსთვის გაგზავნილ სააპელაციო საჩივარზე შესრულებული იყო ელექტრონული ხელმოწერა.

20. ამდენად, დასტურდება, რომ აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია. მან ელექტრონულად ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 28.04.2025 წელს, სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებულ 14-დღიან ვადაში.

21. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (ამონაწერი სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისიდან) შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, ვინაიდან იგი სასამართლოს წარედგინა გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდეგ (ერთვის კერძო საჩივარს).

22. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე