დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-1004-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ვ.მ–ძე, ლ.მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი.მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ი.მ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა ვ.მ–ძის და ლ.მ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხეებს ვ.მ–ძეს და ლ.მ–ძეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის, შპს „ი.მ–ის“ სასარგებლოდ 21587 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.მ–ძემ და ლ.მ–ძემ და მოითხოვეს მისი სრულად გაუქმება. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერენ ვ.მ–ძე და მ.მ–ძე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტების ვ.მ–ძის და ლ.მ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აპელანტებს, ვ.მ–ძეს და ლ.მ–ძეს დაევალათ, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით: სააპელაციო საჩივრის ფასის სწორად განსაზღვრის შემდგომ, გადაიხადონ ბაჟი 863,48 ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაირიცხონ შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150 და ამავე ვადაში წარმოუდგინოს სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით. სააპელაციო პალატა იმავდროულად განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს ბაჟის გადახდის საფუძველი, კერძოდ, თუ რომელი განჩინების საფუძველზე განხორციელდა გადახდა და ვის მიერ. წარმოადგინონ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, საჩივარი უფლებამოსილი წარმომადგენლის - სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატის ხელმოწერით, ან სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ უნდა იქნეს უშუალოდ ლ.მ–ძის ხელმოწერით. წარმოადგინონ დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც მითითებული იქნება კონკრეტულად რას მოითხოვს და რა ნაწილში ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ასევე, იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მხარეც არის საქმეში); განემარტოთ აპელანტებს, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.“
4. მითითებული განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, გაეგზავნა აპელანტებს და როგორც უკუგზავნილით ირკვევა ჩაბარდა ვ.მ–ძეს პირადად 2023 წლის 15 ივნისს.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინების და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2023 წლის 26 ივნისის 24:00 საათამდე, რაც არ შეუვსია.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო ეტაპზე განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
8. საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინებაში მხარეთა ვინაობა შეცდომითაა მითითებული, კერძოდ, აპელანტებად აღნიშნული არიან ვ.კ–ძე, ლ.კ–ძე და გ.მ–კი, რომლებიც წინამდებარე საქმეში არ არიან მხარეები, შესაბამისად, საჩივრის ავტორისთვის უცნობი და გაუგებარი იყო ხარვეზი მათ მიმართ იყო დადგენილი თუ არა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისთვის ჩაბარება თავად აპელანტებისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს ქმნის.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
16. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
19. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინების და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2023 წლის 26 ივნისის 24:00 საათამდე, რაც არ შეუვსია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების 25-ე აბზაცში მითითებული არიან ის პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ წინამდებარე განჩინების ადრესატებს, თუმცა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ნათლად და არაორაზროვნად ავალდებულებდა ვლადიმერ და ლ.მ–ძეებს ხარვეზის გამოსწორებას. განჩინების როგორც თავფურცელი, ისე აღწერილობითი და სარეზოლუციო ნაწილები ცხადად მიუთითებენ ხარვეზის ადრესატების რეალურ ვინაობას. შესაბამისად, თუ კი ორაზროვნება სამოტივაციო ნაწილის მხოლოდ 25-ე აბზაცში მითითებული პიროვნებების ვინაობამ გამოიწვია საჩივრის ავტორებისთვის, მათ ჰქონდათ შესაბამისი სახის საპროცესო უფლებები რათა დაეზუსტებინათ განჩინების შინაარსი. კერძოდ, ხარვეზის შევსების ვადაში მოეთხოვათ ან უსწორობის გასწორება, ან დამატებითი ვადის მიცემა, ან შეევსოთ თავად ხარვეზი. არც ერთი აღნიშნული მოქმედება განხორციელებულა მხარეების მიერ, გარდა იმისა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გასვლისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდგომ განაცხადეს პრეტენზია. შესაბამისად, საჩივრის ავტორებს ჰქონდათ რა ხარვეზის ვადაში უკვე დასახელებული მოქმედებებიდან თუნდაც ერთ-ერთის შესრულების პროცესუალური უფლებამოსილება, ასევე, რადგან სადავოდ გამხდარი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახად მათ ხარვეზე მიუთითებს - აღნიშნულია რა ადრესატების ვინაობა სწორად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოირიცხება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.მ–ძისა და ლ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი