გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-228-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ე.ს–ს“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ჰ.დ.ე.კ–ი“ (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „პ.გ.ე.რ.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „თ.ჰ.დ.ე.კ–ის“ (შემდგომში – „მოპასუხე კომპანია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „თ.ე.ს–სის“ (შემდგომში - „მოსარჩელე კომპანია“ ან „კასატორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 62 437 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2022 წლის 12 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესახებ, რომლის შესაბამისად, მოპასუხე კომპანიამ დაუკვეთა მოსარჩელე კომპანიას BS1.1 და BS2.2 კერძო სახლების მშენებლობა და გარე მოწყობა-მოპირკეთების სამუშაოები თბილისი პ.გ.ე.რ–ის პროექტისთვის, მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ......., საკადასტრო კოდებით ........ (BS 1.1) და ...... (BS 2.2), ასევე SDH2 და SDH3 კერძო სახლების მშენებლობა და გარე მოწყობა-მოპირკეთების სამუშაოები თბილისი პ.გ.ე.რ–ის პროექტისთვის, მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ......., საკადასტრო კოდებით ......... (SDH2) და ........ (SDH3). მითითებული უძრავი ქონებების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „პ.გ.ე.რ–“ (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“);
2.1.1. პირველი ხელშეკრულების განმარტებებისა და ინტერპრეტაციების 1.1.1 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების ფასი“ ნიშნავს ერთჯერად თანხას 265 317.01 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით), BS 1.1.-სთვის და 228 959.88 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით) BS 2.2.-სთვის, რომელიც „კონტრაქტორს“ გადაეცემა „დამკვეთისგან“ „სამუშაოების“ განხორციელებისა და დასრულებისთვის და ნებისმიერი „დეფექტის“ გამოსწორებისთვის. „ხელშეკრულების ფასი“ დროდადრო შეიძლება შესწორდეს „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად. „სამუშაოების დასრულების დრო“ ნიშნავს „სამუშაოების“ დასრულების დროს, კერძოდ, „ეფექტური თარიღიდან“ 120 „კალენდარული დღე“ BS1.1.-სთვის და „ეფექტური თარიღიდან“ 120 „კალენდარული დღე“ BS 2.2.-სთვის;
2.1.2. მეორე ხელშეკრულების განმარტებებისა და ინტერპრეტაციების 1.1.1 პუნქტის შესაბამისად, „ხელშეკრულების ფასი“ ნიშნავს ერთჯერად თანხას 369 749.2 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით) SDH2-სთვის და 393 360.16 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით) SDH3-სთვის, რომელიც „კონტრაქტორს“ გადაეცემა „დამკვეთისგან“ „სამუშაოების“ განხორციელებისა და დასრულებისთვის და ნებისმიერი „დეფექტის“ გამოსწორებისთვის. „ხელშეკრულების ფასი“ დროდადრო შეიძლება შესწორდეს „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად. „სამუშაოების დასრულების დრო“ ნიშნავს „სამუშაოების“ დასრულების დროს, კერძოდ, „ეფექტური თარიღიდან“ 120 „კალენდარული დღე“ BS1.1.-სთვის და „ეფექტური თარიღიდან“ 120 „კალენდარული დღე“ BS 2.2.-სთვის;
2.1.3. ხელშეკრულების 9.2.5 პუნქტის შესაბამისად, „დამკვეთს“ შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, „კონტრაქტორის“ მიერ ამ „ხელშეკრულების“ რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს „კონტრაქტორს“ პირგასამტეხლო, „ხელშეკრულების ფასის“ 0.2% (ნული მთელი ორი პროცენტი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ამ პირგასამტეხლოს დაკისრება არ ათავისუფლებს „კონტრაქტორს“ „სამუშაოების“ დასრულების ვალდებულებისგან ან სხვა მოვალეობებისგან, ვალდებულებებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომლებიც მას შეიძლება ჰქონდეს ამ „ხელშეკრულებით“.
2.2. მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. BS1.1. კერძო სახლის მშენებლობისათვის მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 265 317.01 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 47125.06 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 66 კალენდარული დღე. BS 2.2 კერძო სახლის მშენებლობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 228 959.88 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 75810.29 ლარის ღირებულების სამუშაოები. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 87 კალენდარული დღე. SDH2 მშენებლობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 369 749.2 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 52868.49 ლარის ღირებულების სამუშაოები. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 76 კალენდარული დღე. SDH3 მშენებლობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 393 360.16 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 3971.91 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 87 კალენდარული დღე.
3. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 629-ე, 637-ე, 638-ე, 417-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ნაწილობრივ და მისივე მოთხოვნით მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტეს ხელშეკრულება. უდავოდ დადგენილი გარემოებებია როგორც შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ასევე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაც. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელემ შეასრულა გარკვეული სამუშაოები, რომელთა ღირებულება დამკვეთისაგან არ მიუღია იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის ოდენობა აღემატება შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და ყურადღება გაამახვილა სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ხარისხზე, კერძოდ, იმ ფაქტობრივ მოცემულობაზე, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა მოპასუხესთან გაფორმებული სამშენებლო ხელშეკრულებებიდან (BS 1.1, BS 2.2., SDH 2 და SDH 3) გამომდინარე ვალდებულებები, მოპასუხე მხარე იძულებული გახდა გაეფორმებინა ხელშეკრულებები სხვა კონტრაქტორებთან, რის შედეგადაც სამუშაოების დასრულების დრო 2022 წლის 10 აგვისტოდან (BS სახლებზე) და 2022 წლის 11 ივლისიდან (SDH სახლებზე) გადაიწია: (1). 2023 წლის 16 იანვრამდე BS 1.1. სახლისთვის, 2023 წლის 4 თებერვლამდე BS 2.2 სახლისთვის; (2). 2022 წლის 20 დეკემბრამდე SDH 2 სახლისთვის და 2022 წლის 20 დეკემბრამდე SDH3 სახლისთვის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს BS 1.1., BS 2.2 და SDH2, SDH3 სახლების სარემონტო სამუშაოების დასრულება გადაედო: (1). 159 კალენდარული დღით BS 1.1 სახლზე; (2). 178 კალენდარული დღით BS 2.2 სახლზე; (3). 162 კალენდარული დღით SDH2 სახლზე; (4). 162 კალენდარული დღით SDH3 სახლზე.
5. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამკვეთს დროული შესრულების მიმართ გააჩნდა განსაკუთრებული ინტერესი, რაც ასახულია კიდეც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამის პუნქტებში (მაგ:. ხელშეკრულების 9.2. პუნქტი). ამ ვითარებაში მენარდის (მოსარჩელის) მხრიდან ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება (მოსარჩელე მხარემ ოთხიდან არცერთ ობიექტზე/სახლზე არ შეასრულა სამუშაოები პირნათლად/სრულყოფილად. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ BS 1.1 საცხოვრებელ სახლზე შეასრულა სამუშაოების მხოლოდ 17.76%; BS 2.2. საცხოვრებელ სახლზე - მხოლოდ 33.11%, SDH 2 საცხოვრებელ სახლზე - 14.29%, ხოლო SDH 3 საცხოვრებელ სახლზე - სამუშაოების მხოლოდ 1%) და ნაკისრი ვალდებულების არშესრულება უნდა შეფასებულიყო მენარდის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევად, რაც, პალატის მოსაზრებით, უნდა ასახულიყო მოსარჩელისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე.
6. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით და მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - შეუსრულებელი სამუშაოების 0.04% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არ შეესაბამებოდა ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს.
7. ამასთან, სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს.
8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გაზრდილიყო, რისთვისაც გონივრულ ოდენობად პალატამ მიიჩნია (ჯამში) 85683 ლარი. კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.2%-ის ნაცვლად უნდა განსაზღვრულიყო 0.1%-ით (და არა 0,04%-ით) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ასევე ის უნდა დაანგარიშებულიყო შეუსრულებელი ვალდებულებების ღირებულებიდან, შესაბამისად, პირგასამტეხლო თითოეული პროექტიდან შეადგენს: (1) BS 1.1 - 218191,95*0.1/100*66=14 400 ლარს; (2). BS 2.2 - 153 149,59 * 0.1/100*87= 13 324 ლარს; (3). SDH2 - 316 880,71 *0,1 /100*76 = 24 082,93 ლარს; (4). SDH3 - 389 388.25*0.1/100*87=33876,15 ლარს.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ 2023 წლის 5 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების კვალობაზე მოთხოვნა განსაზღვრა 148 120.1 ლარით (ნაცვლად 171 504 ლარისა), პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორედ ამ დაზუსტებულ მოთხოვნასთან პირგასამტეხლოს ოდენობის გაქვითვით უნდა მოეხდინა მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის განსაზღვრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.1. პუნქტის თანახმად კი, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ჩათვალა, ჯამში 34 274 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხა გამოაკლო 171 504 ლარს და არა - 148 120.1 ლარს. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 85 683 ლარი უნდა გამოკლებოდა მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას და მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების სახით უნდა დაკისრებოდა 62 437 ლარის (148 120 – 85 683) გადახდა.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
11. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. ვინაიდან დამკვეთს შესრულების ნაწილი მიღებული აქვს, ხელშეკრულების შეუსრულებელ ღირებულებაზე მეტი თანხით პირგასამტეხლო აშკარად არაგონივრული და გადაჭარბებული ფინანსური სანქციაა და არ ამართლებს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას;
11.2. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (0.04% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
11.3. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს მოსარჩელემ 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 148 120 ლარამდე და სასამართლოს პირგასამტეხლოს გაქვითვა უნდა მოეხდინა მითითებული თანხიდან. 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე მოსარჩელეს არ შეუმცირებია სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ თანახმაა მოპასუხეთა შესაგებელში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკისრებაზე და მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შემდგომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროს SDH2 (საკადასტრო კოდი: ......) და SDH3 (საკადასტრო კოდი: .......) პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 40 828.40 ლარის და BS1.1 (საკადასტრო კოდი: .......) და BS2.2 (საკადასტრო კოდი: ........) პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 107.291.61 ლარის გადახდა (იხ. სხდომის ოქმი - 05/04/2023; 12:15სთ.). შესაბამისად, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა შესაგებელში სადავოდ გამხდარი პირგასამტეხლოს გათვალისწინებით და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის პრინციპის გამოყენებით მიუთითა საბოლოო მოთხოვნა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
15. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის კანონიერება.
17. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].
18. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 92-93).
19. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებების საფუძველზე, შემსრულებელმა (მოსარჩელე) იკისრა ვალდებულებები შეესრულებინა შემკვეთისათვის (მოპასუხე) სახლების სამშენებლო და გარე მოწყობა-მოპირკეთების სამუშაოები [სსკ-ის 629.1 მუხლი: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური]. ხელშეკრულების 9.2.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დამკვეთს“ შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, „კონტრაქტორის“ მიერ ამ „ხელშეკრულების“ რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს „კონტრაქტორს“ პირგასამტეხლო, „ხელშეკრულების ფასის“ 0.2% (ნული მთელი ორი პროცენტი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.3 ქვეპუნქტი).
20. უდავოა, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები:
20.1. BS1.1. კერძო სახლის მშენებლობისათვის მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 265 317.01 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 47125.06 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 66 კალენდარული დღე;
20.2. BS 2.2 კერძო სახლის მშენებლობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 228 959.88 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 75810.29 ლარის ღირებულების სამუშაოები. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 87 კალენდარული დღე;
20.3. SDH2 მშენებლობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 369 749.2 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 52868.49 ლარის ღირებულების სამუშაოები. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 76 კალენდარული დღე;
20.4. SDH3 მშენებლობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 393 360.16 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 3971.91 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 87 კალენდარული დღე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.2 ქვეპუნქტი).
21. ამდენად, მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ნაწილობრივ, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება დამკვეთისაგან არ მიუღია იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის ოდენობა აღემატება შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.
22. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის ოდენობასთან (0,1%) დაკავშირებით და მართებულად მიიჩნევს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი 0,2%-იდან 0,04%-მდე შემცირდა.
23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის შედავებას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
24. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
25. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).
26. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).
28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამკვეთს დროული შესრულების მიმართ გააჩნდა განსაკუთრებული ინტერესი, ამ ვითარებაში კი მენარდემ (მოსარჩელემ) გამოავლინა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და უხეშად დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მოსარჩელე მხარემ ოთხიდან არცერთ ობიექტზე/სახლზე არ შეასრულა სამუშაოები პირნათლად/სრულყოფილად: მოსარჩელემ BS 1.1 საცხოვრებელ სახლზე შეასრულა სამუშაოების მხოლოდ 17.76%; BS 2.2. საცხოვრებელ სახლზე - მხოლოდ 33.11%; SDH 2 საცხოვრებელ სახლზე - 14.29%, ხოლო SDH 3 საცხოვრებელ სახლზე - სამუშაოების მხოლოდ 1%. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა მოპასუხესთან გაფორმებული სამშენებლო ხელშეკრულებებიდან (BS 1.1, BS 2.2., SDH 2 და SDH 3) გამომდინარე ვალდებულებები, მოპასუხე მხარე იძულებული გახდა გაეფორმებინა ხელშეკრულებები სხვა კონტრაქტორებთან, რის შედეგადაც მოსარჩელის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს BS 1.1., BS 2.2 და SDH2, SDH3 სახლების სარემონტო სამუშაოების დასრულება გადაედო: (1). 159 კალენდარული დღით - BS 1.1 სახლზე; (2). 178 კალენდარული დღით - BS 2.2 სახლზე; (3). 162 კალენდარული დღით - SDH2 სახლზე; (4). 162 კალენდარული დღით - SDH3 სახლზე.
29. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მეწარმე სუბიექტის სტატუსის, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიანი სახელშეკრულებო ვალდებულებების მოცულობასთან თანაფარდობის გათვალისწინებით, ასევე დროული შესრულების მიმართ შემკვეთის განსაკუთრებული ინტერესის არსებობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი - შეუსრულებელი ვალდებულებების ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც, საერთო ჯამში, შეადგენს 85683 ლარს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი), გონივრულ, სამართლიან და ადეკვატურ ოდენობად უნდა იქნას მიჩნეული. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
30. რაც შეეხება კასატორის შედავებას პირგასამტეხლოს თანხის არასწორად გაქვითვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია.
31. მოსარჩელე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თითქოს მან 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 148 120 ლარამდე და სასამართლოს პირგასამტეხლოს გაქვითვა უნდა მოეხდინა მითითებული თანხიდან. კასატორის განმარტებით, 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე მოსარჩელეს არ შეუმცირებია სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ თანახმაა მოპასუხეთა შესაგებელში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკისრებაზე და მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შემდგომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროს SDH2 (საკადასტრო კოდი: ........) და SDH3 (საკადასტრო კოდი: ........) პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 40 828.40 ლარის და BS1.1 (საკადასტრო კოდი: .......) და BS2.2 (საკადასტრო კოდი: .......) პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 107.291.61 ლარის გადახდა (იხ. სხდომის ოქმი - 05/04/2023; 12:15სთ.). შესაბამისად, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა შესაგებელში სადავოდ გამხდარი პირგასამტეხლოს გათვალისწინებით და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის პრინციპის გამოყენებით მიუთითა საბოლოო მოთხოვნა.
32. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე ითხოვდა, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ SDH2 (საკადასტრო კოდი: ....) და SDH3 (საკადასტრო კოდი: ......) პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების 56 840.40 ლარის და BS1.1 (საკადასტრო კოდი: .......) და BS2.2 (საკადასტრო კოდი: ........) პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების 114 663.97 ლარის გადახდა. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ თანახმა იყო მოპასუხეთა შესაგებელში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკისრებაზე. გამომდინარე აქედან, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შემდგომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ SDH2 (საკადასტრო კოდი: ........) და SDH3 (საკადასტრო კოდი: ........) პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 40 828.40 ლარის და BS1.1 (საკადასტრო კოდი: ..........) და BS2.2 (საკადასტრო კოდი: ..........) პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 107.291.61 ლარის გადახდა (იხ. სხდომის ოქმი - 05/04/2023; 12:15სთ.) (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ. 5, ს.ფ. 107).
33. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ 2023 წლის 5 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების კვალობაზე მოთხოვნა განსაზღვრა 148 120.1 ლარით (ნაცვლად 171 504 ლარისა), პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორედ ამ დაზუსტებულ მოთხოვნასთან (და არა თავდაპირველ მოთხოვნასთან - 171 504 ლართან) პირგასამტეხლოს ოდენობის გაქვითვით უნდა განესაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 85 683 ლარი უნდა გამოკლებოდა მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას და მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების სახით უნდა დაკისრებოდა 62 437 ლარის (148 120 – 85 683) გადახდა.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაქვითა მხარეთა ურთიერთშემხვედრი მოთხოვნები.
35. საქართველოს კანონმდებლობა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ანიჭებს უფლებას, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ, კერძოდ, სსკ-ის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. სსკ-ის 444-ე მუხლის თანახმად კი, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.
36. გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს (იხ. სუსგ საქმე №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი). მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა (იხ. სუსგ საქმე №ას-753-721-2016, 17 მაისი, 2019 წელი). ამასთან, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის, როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 442.2 მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას.
37. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს; 2) იგი უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე. გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე (იხ. სუსგ საქმე №ას-236-2023, 4 მაისი, 2023 წელი).
38. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა მსგავსი საპასუხო მოთხოვნების არსებობა. ამ მოთხოვნების საგანი უნდა იყოს მსგავსი, ხოლო შინაარსი იდენტური. როგორც წესი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა გამოიყენება ფულადი ვალდებულებების დროს ანდა, თუ ვალდებულების საგანს შეადგენენ გვარეობითი (გვაროვნული) ნივთები. უწინარეს ყოვლისა, აქ საუბარია შესრულების საგნის მსგავსებაზე, მაგრამ არა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართალი, ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 547-548). გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-236-2023, 4 მაისი, 2023 წელი).
39. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ 2023 წლის 5 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. მან თანხმობა განაცხადა მოპასუხეთა შესაგებელში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკისრებაზე, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შემდგომ კი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ SDH2 და SDH3 პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 40 828.40 ლარისა და BS1.1 და BS2.2 პროექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 107.291.61 ლარის გადახდა (იხ. სხდომის ოქმი - 05/04/2023; 12:15სთ.). 2023 წლის 05 აპრილს გამართულ სხდომაზე მოსარჩელე პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიიჩნევდა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,03%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში, მისი განმარტებით, შეადგენდა 23385 ლარს. ამდენად, მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა/შეამცირა იმის გათვალისწინებით, რომ იგი დაეთანხმა მის მიერ გონივრულ ოდენობად მიჩნეული 23385 ლარის პირგასამტეხლოს გაქვითვას შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისთვის 148120 ლარის დაკისრება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა - 85683 ლარი, რომელიც წარმოადგენს შეუსრულებელი ვალდებულებების ღირებულების 0,1%-ის შესაბამის ჯამურ თანხას, მოიცავს პირგასამტეხლოს იმ ოდენობას - 23385 ლარს (0,03%), რომლის გაქვითვაზე მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 85683 ლარი უნდა გამოაკლდეს არა გაქვითვის შედეგად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შესრულებული სამუშაოების ღირებულებას - 148120 ლარს, არამედ გაქვითვის გარეშე თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას - 171 504 ლარს.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით 85821 ლარის გადახდა (171504-85683).
41. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
42. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
43. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 85821 ლარის გადახდა.
44. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა; ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
45. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
46. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3735 ლარიდან) მის მიერ მოგებული თანხის - 23384 ლარის (85821 – 62437) 5%-ის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის თანხის - 1169,2 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენი - 2565,80 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაღებულ ხარჯებს, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 5611 ლარიდან 2056,36 ლარის (სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის - 51409 ლარის (137230-85821) 4%) გადახდა, ხოლო 121,80 ლარი მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ზედმეტად გადახდილი (5611-5489,2 (სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულების - 137230 ლარის 4%) = 121,80), დანარჩენი - 3432,84 ლარი (წაგებული 85821 ლარის 4%) კი დარჩება ბიუჯეტში. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხს, ვინაიდან მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისთვის 148120 ლარის დაკისრება, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 556,40 ლარი (5000-4443,60 (148120 ლარის 3%)), ხოლო დარჩენილი თანხიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულების - 85821 ლარის პროპორციული (3%) სახელმწიფო ბაჟის თანხა - 2574,63 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, დანარჩენი - 1868,97 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 3743,83 ლარის (1169,2+2574,63) გადახდა, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 2056,36 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „თ.ე.ს–სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „თ.ე.ს–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „თ.ჰ.დ.ე.კ–ს“ შპს „თ.ე.ს–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს 85821 ლარის გადახდა;
5. შპს „თ.ჰ.დ.ე.კ–ს“ შპს „თ.ე.ს–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 3743,83 ლარის გადახდა;
6. შპს „თ.ე.ს–სს“ შპს „თ.ჰ.დ.ე.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 2056,36 ლარის გადახდა;
7. შპს „თ.ე.ს–სს“ (ს/კ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (რეკვიზიტები: ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 063 150) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 01 სექტემბერს №1662031244 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 5000 ლარიდან 556,40 ლარი;
8. შპს „თ.ჰ.დ.ე.კ–ს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 06 ივნისს №400 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 5611 ლარიდან 121,80 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
9. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე