დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 09.01.2026
საქმის ნომერი
ას-1517-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1517-2025 9 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ყ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ...-ის’’ თავმჯდომარე ნ.გ–ვა, ბ.გ–ის უფლებამონაცვლე მ.გ–ნი, მ.გ–ნი, ა.კ–ძე, გ.ქ–ი, ხ.ო–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.ყ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ...-ის’’ თავმჯდომარე ნ.გ–ვას, ბ.გ–ის უფლებამონაცვლე მ.გ–ნის, მ.გ–ნის, ა.კ–ძის, გ.ქ–ისა და ხ.ო–ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ.ყ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი იბა ,,დ...’’-ის თავმჯდომარე ნ.გ–ვასა და ბ.გ–ს შორის 2016 წლის 06 აპრილს გაფორმებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 28 თებერვლის N170201740 სამკვიდრო მოწმობა იმ ნაწილში, რომლითაც მ.გ–ნმა მიიღო ქ.თბილისში, …….. და ქ.თბილისში, ……… მდებარე სამკვიდრო ქონება საკადასტრო კოდი: N………; ბათილად იქნა ცნობილი მ.გ–ნსა და ა.კ–ძეს შორის 2017 წლის 09 მარტს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი ა.კ–ძესა და გ.ქ–ს შორის 2017 წლის 7 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე გ.ყ–ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ფოთის ქუჩა N14-ში და ქ.თბილისში, …….., პირველის სადარბაზოს მესამე სართულზე მდებარე ბინა N21 (უძრავი ქონება საერთო ფართი 105.00 კვ.მ. (მშენებარე) საკადასტრო კოდი N……..) მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ყ–მა, გ.ქ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით მ.ყ–ისა და გ.ქ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ყ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 1100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

2025 წლის 30 დეკემბერს მ.ყ–ის წარმომადგენელმა გ.ო–მა განცხადებით მომართა საკასაიო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ მხარეები მორიგდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ყ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ყ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ყ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი