დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.12.2025
საქმის ნომერი
ას-1299-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1299-2025 16 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ა–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი – თანხის დაკისრება, საბანკო გარანტიის გადახდის მოთხოვნის არამართლზომიერად ცნობა

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს "ა–ის'' წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თანხის დაკისრებისა და საბანკო გარანტიის გადახდის მოთხოვნის არამართლზომიერად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეგებებული სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს შპს "ა–ის" მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. შპს "ა–მა" შეგებებული სარჩელი არ ცნო.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს "ა–ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელიც.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, როგორც შპს "ა–მა", ისე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს "ა–ისა" და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

7. აღნიშნული განჩინება, საკასაციო საჩივრით, გაასაჩივრა შპს "ა–მა", რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, შპს "ა–ის" შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა და შპს "ა–ის" საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. 2025 წლის 8 დეკემბერს კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო პალატას განცხადებით აცნობა, რომ მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, რის შედეგადაც ითხოვს, რომ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად საკასაციო საჩივრის გახმობის გამო.

7. 2025 წლის 15 დეკემბერს, შპს "ა–ის" წარმომადგენელმა დააზუსტა განცხადების შინაარსი, რომელმაც მიუთითა, რომ მხარეთა შორის მიღწეული მორიგების გამო, უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე, რის გამოც ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ განიხილა შპს "ა–ის" დაზუსტებული განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი, უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, შპს "ა–ის" შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დამატებით პალატა აღარ იმსჯელებს სახელმწიფო ბაჟის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "ა–ის" შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს "ა–ის" საკასაციო საჩივარზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი