შეწყდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1133-2021
08 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მიხეილ ჯინჯოლია, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.ხ–ძე, დ.ჩ–ძე, ს.ა–ნი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ყ––ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ყ––მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ....“-ის წევრების - ნ.გ–ას, რ.გ–ძის, გ.ხ–ძის, კ.მ–ძის, გ.ღ–ავას, დ.ჩ–ძისა და ს.ა–ნის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ....“-ის წევრებს - მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 18 555 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეებმა - გ.ხ–ძემ, კ.მ–ძემ, დ.ჩ–ძემ, რ.გ–ძემ და გ.ღ–ავამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ....“-ის წევრებს: ნ.გ–ას, რ.გ–ძეს, გ.ხ–ძეს, კ.მ–ძეს, გ.ღ–ავას, დ.ჩ–ძესა და ს.ა–ნს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 11 055 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; სარჩელი მოპასუხეებისათვის - რ.გ–ძის, გ.ხ–ძის, კ.მ–ძის, გ.ღ–ავას, დ.ჩ–ძისა და ს.ა–ნისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 7 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ.გ–ასათვის 7 500 აშშ დოლარის ინდივიდუალურად დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ნაწილი).
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა - გ.ხ–ძემ, დ.ჩ–ძემ, ს.ა–ნმა, რ.გ–ძემ, გ.ღ–ავამ და კ.მ–ძემ წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით რ.გ–ძის, გ.ღ–ავას და კ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად; ხოლო, იმავე სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გ.ხ–ძის, დ.ჩ–ძისა და ს.ა–ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. მოპასუხეთა წარმომადგენელმა 2023 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხე/კასატორი დ.ჩ–ძის გარდაცვალების მოწმობა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 იანვრის განჩინებით დ.ჩ–ძის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, წინამდებარე საქმეზე წარმოება შეჩერდა 20.04.2024 წლამდე.
10. აღნიშნული განჩინება 2024 წლის 22 იანვარსა და 01 თებერვალს გაეგზავნა დ.ჩ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, .........., თუმცა უშედეგოდ, გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან მისამართზე არავინ იმყოფებოდა.
11. აღნიშნული განჩინება 2024 წლის 05 მარტს სხვა მისამართზე (ქ. თბილისი, ..........) გაეგზავნა დ.ჩ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლეს - ქ.ჩ–ძეს და 2025 წლის 07 მარტს ჩაბარდა მ.რ–ძეს, დ.ჩ–ძის მეუღლეს.
12. საკასაციო სასამართლომ 2024 წლის 14 ივნისს წერილობით მიმართა დ.ჩ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლეს - ქ.ჩ–ძეს, რომლითაც მოსთხოვა წარედგინა სამკვიდრო მოწმობა, რათა სასამართლოს მოცემულ საქმეზე დაედგინა უფლებამონაცვლეობა და საქმის წარმოება განეახლებინა. აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა პირადად ქ.ჩ–ძეს 2024 წლის 20 ივნისს.
13. ქ.ჩ–ძემ 2024 წლის 28 ივნისს ელექტრონული განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, სადაც განმარტა, რომ იგი არის დ.ჩ–ძის შვილი, თუმცა სამკვიდრო ქონება არ მიუღია და სამკვიდრო მოწმობა არ აქვს, შესაბამისად, ვერ წარმოადგენდა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია დ.ჩ–ძის სახელზე რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირების მხრიდან მიღება/არმიღებასთან დაკავშირებით.
15. სსიპ ნოტარიუსთა პალატის 24.02.2025წ. მომართვის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი დ.ჩ–ძის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობისა და განხორციელების თაობაზე.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.02.2025წ. წერილობითი შეტყობინებით მოსარჩელის წარმომადგენელს, ვ.ც–ძეს განემარტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოში წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობა ან ინფორმაცია სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირის მიერ მიღების/არმიღების თაობაზე, რათა სასამართლოს შეძლებოდა უფლებამონაცვლის დადგენა და საქმის წარმოების განახლება. წერილი პირადად ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს 17.02.2025 წელს, თუმცა უშედეგოდ.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ინფორმაცია 20.08.2023 წელს გარდაცვლილი დ.ჩ–ძის დანაშთი სამკვიდროს არსებობა/არარსებობის თაობაზე; სამკვიდროს არსებობის შემთხვევაში, მიეთითებინა მოპასუხის უფლებამონაცვლე (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე); მოსარჩელეს განემარტა, რომ სამკვიდრო ქონების არარსებობის შემთხვევაში, საქმის წარმოება შეწყდებოდა დ.ჩ–ძის ნაწილში. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს - ვ.ც–ძეს და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 22 აპრილს, თუმცა მოსარჩელეს/მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე დ.ჩ–ძის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ კასატორი დ.ჩ–ძე გარდაიცვალა 2023 წლის 20 აგვისტოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 318); კასატორის გარდაცვალების გამო, საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 08 იანვრის განჩინებით გარდაცვლილი კასატორის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, წინამდებარე საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება 20.04.2024 წლამდე. 21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
22. საპროცესო უფლებამონაცვლეობა - ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს. იმავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
24. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა გარდაცვლილის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმის შესაძლებლობა. ამასთან, მოცემული ნორმის დათქმა - მოპასუხის გარდაცვალებისას თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს - საქმის წარმოების შეწყვეტას ითვალისწინებს.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. იმავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
26. განსახილველ შემთხვევაში, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორი დ.ჩ–ძე გარდაიცვალა 2023 წლის 20 აგვისტოს, იმავე დღეს გაიხსნა გარდაცვლილის სამკვიდრო, რომლის მიღების კანონით დადგენილი ვადაც ამოიწურა 2024 წლის 20 თებერვალს; როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორის გარდაცვალების გამო საკასაციო სასამართლოს 08.01.2024წ. განჩინებით წინამდებარე საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება 20.04.2024 წლამდე; აღნიშნული განჩინება, ასევე, წერილობითი შეტყობინება უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის თაობაზე, გაეგზავნა და ჩაბარდა დ.ჩ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლეს, შვილს - ქ.ჩ–ძეს, თუმცა ამ უკანასკნელმა 2024 წლის 28 ივნისს ელექტრონული განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ სამკვიდრო ქონება არ მიუღია და სამკვიდრო მოწმობა არ აქვს; სსიპ ნოტარიუსთა პალატის 24.02.2025წ. მომართვის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი დ.ჩ–ძის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობისა და განხორციელების თაობაზე.
27. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს - ვ.ც–ძეს 17.02.2025 წელს ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.02.2025წ. წერილობითი შეტყობინება, რომლითაც განემარტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოში წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობა ან ინფორმაცია სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირის მიერ მიღების/არმიღების თაობაზე, რათა სასამართლოს შეძლებოდა უფლებამონაცვლის დადგენა და საქმის წარმოების განახლება, თუმცა უშედეგოდ; ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ინფორმაცია 20.08.2023 წელს გარდაცვლილი დ.ჩ–ძის დანაშთი სამკვიდროს არსებობა/არარსებობის თაობაზე და სამკვიდროს არსებობის შემთხვევაში, მიეთითებინა მოპასუხის უფლებამონაცვლე (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). მოსარჩელეს განემარტა, რომ სამკვიდრო ქონების არარსებობის შემთხვევაში, საქმის წარმოება შეწყდებოდა დ.ჩ–ძის ნაწილში. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს - ვ.ც–ძეს და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 22 აპრილს, თუმცა უშედეგოდ, მოსარჩელეს/მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსთვის აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ - ჰქონდა თუ არა მოპასუხეს გარდაცვალების მომენტისათვის ქონებრივი უფლებები (სამკვიდრო ქონება) და ასევე ვერ დაასახელა ის პირები, რომლებზეც ეს ქონება გადავიდა.
28. აღსანიშნავია, ასევე, რომ საკასაციო სასამართლოს 08.01.2024წ. განჩინების შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერების ვადა ამოიწურა 2024 წლის 20 აპრილს. ამ ვადაში მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მოუმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით საქმის წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელების თაობაზე. ამასთან, საქმის წარმოების შეჩერებიდან დღემდე გასულია თითქმის ორი წელი, ხოლო ამ დროის განმავლობაში უფლებამონაცვლედ ჩაბმის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს წინაშე არავის უშუამდგომლია.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
30. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ვერ დადგინდა მოპასუხე - დ.ჩ–ძის ქონებრივი უფლებების არსებობა, ამასთან, მოსარჩელემ საქმის წარმოების შეჩერების ვადის განმავლობაში ვერ მიუთითა გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი და ამ ვადაში სასამართლოსთვის არც კასატორის/მოპასუხის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს საქმის წარმოების განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან და 272-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმეზე დ.ჩ–ძის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით. დასახელებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განაახლებს შეჩერებული საქმის წარმოებას მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ აღარ არსებობს ის გარემოება, რომელიც საქმის წარმოების შეჩერებას დაედო საფუძვლად.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღარ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, მოცემული საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის „ე1” ქვეპუნქტით, 283-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შეწყდეს საქმის წარმოება მ.ყ––ის სარჩელზე მოპასუხე დ.ჩ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და დ.ჩ–ძის ნაწილში გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებები;
განახლდეს საქმის წარმოება გ.ხ–ძისა და ს.ა–ნის საკასაციო საჩივარზე მ.ყ––ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია
ბადრი შონია