დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1369-2025
23 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ.ა–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.კ. ოღლი ა. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მინდობილობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა, უღირს მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ჯ.კ. ოღლი ა.მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ა–ვის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მინდობილობის ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობისა და უღირს მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე ცნობილ იქნა მამის - კ.ა–ის დანაშთი უძრავი ქონების ½ წილზე, მდებარე: გარდაბანი, .........., ს.კ. ........, მემკვიდრედ და მესაკუთრედ; შესაბამისად, გაუქმდა 2013 წლის 29 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა კ.ა–ის სამკვიდრო ქონების ½ წილზე; გაუქმდა 2013 წლის 02 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება გ. ა. კიზის ქონების ½ წილის გასხვისების თაობაზე; მოსარჩელე ცნობილ იქნა ს......ი, ......... ს.კ. ........, მდებარე ქონების ½ წილის მესაკუთრედ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1525 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1800 ლარის ანაზღაურება.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინებით გასწორდა იმავე სასამართლოს 2024 წლის 02 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „1. ჯ.კ. ოღლი ა.ის სააპელაციო საჩივარზე მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება; 2. რ.ა–ვს ჯ.კ. ოღლი ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1525 ლარის ანაზღაურება; 3. რ.ა–ვს ჯ.კ. ოღლი ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1800 ლარის ანაზღაურება;“.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და განმარტა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოწინააღმდეგე მხარე - რ.ა–ვის ნაცვლად მითითებულია რ.ა–ვი, შესაბამისად, დაშვებულია მექანიკური უსწორობა, რაც უნდა გასწორდეს და დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში რ.ა–ვის ნაცვლად მიეთითოს რ.ა–ვი.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე არამართებული გადაწყვეტილება გამოიტანა და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც არასწორად გაანაწილა. სასამართლოს მიერ დაშვებულ შეცდომაზე მოპასუხემ არ უნდა აგოს პასუხი და სახელმწიფო ბაჟი მას არ უნდა დაეკისროს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება, რომლითაც გასწორდა იმავე სასამართლოს 2024 წლის 02 აპრილის დამატებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
18. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ საქმე Nას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წელი; Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი). წინამდებარე საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია მექანიკური, ტექნიკური ხასიათის შეცდომა და მოპასუხე მხარედ ნაცვლად „რ.ა–სა“, მითითებულია „რ.ა–ვი“. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 02 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოპასუხის სახელის მიმართ დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი და ის მართებულად გასწორდა - აღნიშნულ საპროცესო დოკუმენტში მოპასუხედ ნაცვლად „რ.ა–ვისა“ მიეთითა „რ.ა–ვი“. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენდა უსწორობის გასწორების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება, რომლითაც გასწორდა მოპასუხის სახელთან მიმართებით დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა. შესაბამისად, განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის განაწილების, მართებულობაზე. წინამდებარე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 მარტის განჩინებით მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ.ა–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან მიქაბერიძე