უარი ეთქვა
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-5398-ა-8-2025 23 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განცხადების ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ე–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ე–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „ს.ბ–ის“ მიმართ და მოითხოვა: სს „ს.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 22 მარტს გ.ე–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული N24კ ბრძანების ბათილად ცნობა; გ.ე–ის აღდგენა სს „ს.ბ–ში“ მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის თანამდებობაზე. სს „ს.ბ–ისათვის“ გ.ე–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრება 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 3 058 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გ.ე–ის სარჩელი სს „ს.ბ–ის“ წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2022 წლის 22 მარტის N24-კ ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; დასაქმებულის სარჩელი პირვანდელ სამუშაოზე - მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის პოზიციაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 3000 (სამი ათასი) ლარის და იძულებითი განაცდურის - 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაბეგრილი - 1725 ლარის ანაზღაურება; დასაქმებულს უარი ეთქვა დამსაქმებლისთვის 2022 წლის 23 მარტიდან ყოველთვიური ბონუსის სახით დაბეგრილი 1 333 (ათას სამას ოცდაცამეტი) ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის უარყოფის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო ბანკმა - მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ე–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.ე–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ.ე–ის სარჩელი სს ,,ს.ბ–ის“ მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ს.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 22 მარტს მიღებული ბრძანება N24-კ გ.ე–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; გ.ე–ის სარჩელი პირვანდელ სამუშაოზე - მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის პოზიციაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სს ,,ს.ბ–ს“ გ.ე–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; სს ,,ს.ბ–ს“ გ.ე–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაბეგრილი 1725 ლარის ოდენობით; გ.ე–ს უარი ეთქვა სს ,,ს.ბ–ისათვის“ 2022 წლის 23 მარტიდან ყოველთვიური ბონუსის სახით დაბეგრილი 1333 (ათას სამას ოცდაცამეტი) ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე.
6.1. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ ქმნიდა იმ სამართლებრივი შეფასების საფუძველს, რომ კასატორის (ყოფილი დასაქმებულის) ქმედებები, თუნდაც გარკვეული გადაცდომებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლებით უნდა დასრულებულიყო.
6.2. დამსაქმებელი ბანკის დასაბუთება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ეყრდნობოდაა „მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების N5 (კლიენტის ბიზნესის ანალიზი) და N6 (კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა) პუნქტების არაჯეროვან შესრულებას. მოსარჩელე აღიარებდა ტრანშის გაცემას რისკ მენეჯერის დასტურის გარეშე, თუმცა აცხადებდა, რომ მას დასტური მიღებული ჰქონდა ამისათვის უფლებამოსილი პირის მხრიდან. დამსაქმებლის წერილობით განსაზღვრული აღწერილობა სესხის გაცემის პროცესში უშუალოდ მოსარჩელის, როგორც ბანკირის, ასევე სხვა პირთა მიერ, შესასრულებელი მოქმედებების შესახებ, არ იყო წარმოდგენილი. დადგენილი და უდავო გარემოება იყო, რომ თავდებობის შესახებ მოთხოვნა ჩაიწერა არა შესაბამის გრაფაში, არამედ მინაწერი გაკეთდა ხელით, რამაც მისი შეუსრულებლობის რისკი შექმნა.
6.3. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, მხოლოდ ზემოაღნიშნული დარღვევები, დასაქმებულის სრული პასუხისმგებლობის დადასტურების შემთხვევაშიც, სესხის სხვა დამატებითი ღონისძიებებით უზრუნველყოფებისა და დარღვევათა იმავე დღეს გამოსწორების პირობებში, მაინც არ ქმნიდა მათი „უხეშ დარღვევად“ შეფასებისა და დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის - გამოყენების საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა ნაწილობრივ დაასაბუთა თავისი პრეტენზიის კანონიერება, რაც საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მოპასუხის, როგორც დამსაქმებლის, კუთვნილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სარწმუნოდ და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ გაქარწყლდებოდა. დამსაქმებლის მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული გარემოებების და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის 2022 წლის 22 მარტს არსებული საკმარისი, მართლზომიერი ფაქტობრივი საფუძვლის დასაბუთება. საქმეში არ იყო წარმოდგენილი რისკ-მენეჯერის, იურისტის, ბანკირის თუ ჯგუფის უფროსის ინდივიდუალურად შესასრულებელი სამუშაო ვალდებულებების აღწერილობები, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა თითოეული ტრანზაქციის მონაწილე პირთა ვალდებულებებზე და მათი პასუხისმგებლობის გამიჯვნის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი (მოსარჩელე) არ უარყოფდა, რომ გარკვეული გადაცდომები არსებობდა, იმასაც აღნიშნავს, რომ კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელებისას სხვა პირებიც მონაწილეობდნენ და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული იყო, პროცედურული დარღვევები სესხის გაცემის დღესვე აღმოიფხვრა და მას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია, რაიმე განზრახი ქმედება ამ მხრივ, მოსარჩელის მხრიდან არ დასტურდებოდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვის დროს აღიარა მისი ბრალეულობა. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმეში მოთავსებულ, მოსარჩელის გამოკითხვის 2022 წლის 19 ოქტომბრის ოქმს, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც, ჯერ ერთი, არ არსებობდა ბანკის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების დროს და არ ყოფილა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული, მეორე რიგში კი, მასში მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ არა მხოლოდ თვითონ მოსარჩელე, არამედ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ კრედიტის დამტკიცებისა და გაცემის პროცესში, ხოლო გარკვეული გადაცდომები არა მხოლოდ ამ ჩვენებაში, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესშიც დაადასტურა მოსარჩელემ, თუმცა, ისინი მაინც არ ქმნიდა დამსაქმებელი ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ და დასაბუთებულ საფუძველს.
7. 2025 წლის 23 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ს.ბ–მა“ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
7.1. განმცხადებელმა წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 მაისის განჩინება, რომლითაც ...გ.ე–ი 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სსკ-ის 25-ე, 208-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალებაში....
7.2. სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენლის მითითებით, აღნიშნული განჩინებით უდავოდ არის დადგენილი გ.ე–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმდების ჩადენისა და ბანკის მოტყუების ფაქტი. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განჩინება სამოქალაქო საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლო მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ. №ას-1455-2019, 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება).
11. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
12. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ №ას-796-796-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურადაა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას“ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (წინამდებარე განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა ავტომატურად, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს (სუსგ №ას-5815-2019, 14 დეკემბერი, 2021 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 მაისის განჩინება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც ადრე, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში, საკასაციო პალატა მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას.
19. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის პოზიციას სადავო საკითხზე ვერ გაიზიარებს. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, სადაც სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლების არსებობაზე და მიიჩნია, რომ მართალია სახეზე იყო დარღვევები, თუმცა, დასაქმებულის სრული პასუხისმგებლობის დადასტურების შემთხვევაშიც, სესხის სხვა დამატებითი ღონისძიებებით უზრუნველყოფებისა და დარღვევათა იმავე დღეს გამოსწორების პირობებში, მაინც არ ქმნიდა მათი „უხეშ დარღვევად“ შეფასებისა და დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის - გამოყენების საფუძველს. ამასთან, დადგენილია, რომ პროცედურული დარღვევები სესხის გაცემის დღესვე აღმოიფხვრა და მას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე საქმეში წარმოდგენილ სისხლის სამართლის მასალებზე და მიუთითა, რომ მოსარჩელის გამოკითხვის 2022 წლის 19 ოქტომბრის ოქმი სისხლის სამართლის საქმეზე, ჯერ ერთი, არ არსებობდა ბანკის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების დროს და არ ყოფილა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული, მეორე რიგში კი, მასში მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ არა მხოლოდ თვითონ მოსარჩელე, არამედ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ კრედიტის დამტკიცებისა და გაცემის პროცესში, ხოლო გარკვეული გადაცდომები არა მხოლოდ ამ ჩვენებაში, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესშიც დაადასტურა მოსარჩელემ, თუმცა, ისინი მაინც არ ქმნიდა დამსაქმებელი ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ და დასაბუთებულ საფუძველს. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული გარემოებების და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის 2022 წლის 22 მარტს არსებული საკმარისი, მართლზომიერი ფაქტობრივი საფუძვლის დასაბუთება. საქმეში კი არ იყო წარმოდგენილი რისკ-მენეჯერის, იურისტის, ბანკირის თუ ჯგუფის უფროსის ინდივიდუალურად შესასრულებელი სამუშაო ვალდებულებების აღწერილობები, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა თითოეული ტრანზაქციის მონაწილე პირთა ვალდებულებებზე და მათი პასუხისმგებლობის გამიჯვნის თაობაზე.
20. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მისი სამართლებრივი დასაბუთება იძლევა იმგვარი დასკვნის შესაძლებლობას, რომ პალატამ გადაწყვეტილება მიიღო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის სისხლის სამართლის საქმის მასალების) გათვალისწინებით, ამასთან, აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული გარემოებების და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის 2022 წლის 22 მარტს არსებული საკმარისი, მართლზომიერი ფაქტობრივი საფუძვლის დასაბუთება. პალატამ შრომით ურთიერთობებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მხედველობაში მიღებით მიიჩნია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გაუმართლებლად. განცხადებაზე დართული სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით კი, მხარემ სარწმუნოდ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მითითებული განჩინება სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო სსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით ჯეროვანი, რელევანტური, წონადი და განკუთვნადი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, საქმის წარმოების განახლების აუცილებლობაზე.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადება დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი