დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.01.2026
საქმის ნომერი
ას-1188-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1188-2025 12 იანვარი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ც–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ–ია (მოსარჩელე)

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.ქ–იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ც–ძის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 აგვისტოს განჩინებით მ.ც–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 აგვისტოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, მ.ც–ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) კერძო საჩივარი დედნის სახით, ხელმოწერილი უშუალოდ მ.ც–ძის მიერ, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ; ბ) 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი);

ზემოაღნიშნული განჩინება, კერძო საჩივრის ავტორს, მ.ც–ძეს ორჯერ გაეგზავნა, მის მიერ მითითებულ მისამართზე და გზავნილი ვერ ჩაჰბარდა.

2025 წლის 24 დეკემბერს, ა. გ–მა (როგორც მ.ც–ძის წარმომადგენელმა) წარმოადგინა განცხადება და მიუთითა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე, რის გამოც ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას. ა.გ–მა 2025 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა და წარმოადგინა მ.ც–ძის მიერ გაცემული მოქმედი რწმუნებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა მ.ც–ძის წარმომადგენლის ა. გ–ის განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კერძო საჩივრის ავტორი, უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.

საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების (წარმოდგენილი 30.12.2025წ.) მიხედვით, მ.ც–ძემ მის წარმომადგენელ ა. გ–ს მიანიჭა უფლება, მის მაგიერ შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც გულისხმობს აგრეთვე საჩივარზე (კერძო, სააპელაციო, საკასაციო) უარის თქმასაც.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა, კერძო საჩივარზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს უნდა განემარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინების კერძო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, მ.ც–ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) კერძო საჩივარი დედნის სახით, ხელმოწერილი უშუალოდ მ.ც–ძის მიერ, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ; ბ) 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი); დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა. შესაბამისად, დამატებით პალატა აღარ იმსჯელებს სახელმწიფო ბაჟის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, მე-3, 284-ე, 378-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ც–ძის წარმომადგენელ ა. გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება მ.ც–ძის კერძო საჩივარზე ა.ქ–იას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე.

3. განემარტოს მხარეს, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე